დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და პრეზიდენტი
მიხეილ სააკაშვილი: "საპრეზიდენტო არჩევნებით ცხოვრება არ მთავრდება"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/25 03:06:16

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებით ცხოვრება არ მთავრდება და იწყება ბევრად უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი; მისი თქმით, ახალი კონსტიტუციის პირობებში „წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი ელის მთავრობას“, რომელიც „ძალიან ჩქარა“ შეიცვლება.

 

„საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებით ცხოვრება ნამდვილად არ მთავრდება“, - განაცხადა მან 24 ოქტომბერს თავის სატელევიზიო შეხვედრაზე ახალგაზრდებთან, რომელიც რიყეზე თეატრის ახალ, ჯერ კიდევ გაუხსნელ შენობაში გაიმართა.

 

27 ოქტომბრის არჩევნებით სააკაშვილს მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა ეწურება და მას ახალი პრეზიდენტი შეცვლის, რომლის ინაუგურაციის მომენტიდან ძალაში შევა ახალი კონსტიტუციური მოდელი, რომელიც პრემიერ-მინისტრის უფლებებს მნიშვნელოვნად გაზრდის პრეზიდენტის ძალაუფლების შემცირების ხარჯზე.

 

„საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შემოდის ახალი კონსტიტუციური სისტემა“, - განაცხადა სააკაშვილმა, „და მთავრობას კიდევ ვერ გაუაზრებია რამდენად დაცული იყო ის ბოლო წელიწადს იმიტომ, რომ საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო ჯერ კიდევ, მე მათ გადავეცი მთელი უფლებამოსილება და პარლამენტი აქტიურად ვერ ერეოდა მათ საქმიანობაში. როგორც კი ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია, პარლამენტი ყოველდღიურად - უმრავლესობაც, უმცირესობაც, ყველა ჯგუფი ჩაერევა მთავრობის საქმიანობაში, რაც ადრე აქამდე არასოდეს არ ყოფილა საქართველოში“. 

 

„წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი ელის წინ ამ მთავრობას, კონსტიტუციური ფარგლები არის ასეთი. და ნებისმიერ შემდეგ მთავრობას, რომელიც მათ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ჩქარა შეცვლის“, - განაცხადა მან.

 

„ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ არ ვამთავრებთ ჩვენ ბრძოლას, არამედ იწყება ამ ბრძოლის ბევრად უფრო საინტერესო და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი და მთავარი მოქმედი პირი, განსხვავებით ვარდების რევოლუციისგან იმიტომ, რომ ვარდების რევოლუციაში ახალგაზრდობა, დღეს შემიძლია ამაზე ღიად ვთქვა, არ იყო მთავარი მოქმედი პირი... ხვალ მთავარი მოქმედი პირი ყველა ცვლილების, ყველა ახალი წინსვლის იქნება საქართველოს ახალგაზრდობა, ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი, ყველა აღმსარებლობის წარმომადგენელი და ჩვენ ვერავინ ვეღარ გაგვყოფს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

მისი თქმით, საქართველოსთვის ბრძოლა გაგრძელდება ქვეყნის შიგნით და ის იდეოლოგიური ხასიათის იქნება.

 

„ქართველობის განსაზღვრაზე მიდის იდეოლოგიური ბრძოლა - ეს არის პუტინური ვერსია ქართველობის განსაზღვრის, სადაც ჩვენ დაგვყოფენ რელიგიური ნიშნით, სხვადასხვა ნიშნებით  და გადაგვკიდებენ ერთმანეთს; თუ ერთიანი საქართველო, სადაც მთავარ რაღაცაზე ყველა შევთანხმდებით და ჩვენ ვეღარავინ ვეღარ დაგვაბრუნებს უკან“, - განაცხადა სააკაშვილმა. 

 

თავის გამოსვლაში მან მოიყვანა ვაჟა-ფშაველას სიტყვები „ოცნებაზე“ და განაცხადა, რომ ის ნაწილობრივ ემიჯნება მწერლის მოსაზრებას, რომ „ოცნება ტვინს ულაყებს ადამიანს და საქმეს აცდენს“.

 

„მე არ მიმაჩნია, რომ ქართველი ერი გამოლაყებულია ან ზარმაცია“, - განაცხადა მან.

 

შემდეგ სააკაშვილმა განაგრძო, რომ მას ქართული ოცნების ლიდერთან და პრემიერ-მინისტრ ივანიშვილთან აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს.

 

„მე და პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი -  ჩვენ სხვადასხვა პლანეტებიდან ვართ“, - განაცხადა სააკაშვილმა და ამის დასადასტურებლად სხვადასხვა თემებზე მისი და ივანიშვილის განსხვავებული გამონათქვამები ჩამოთვალა.

 

„ჩვენ წარმოვადგენთ ორ სხვადასხვა საქართველოს. და მე მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ის წარმოადგენს წარსულის საქართველოს და მე წარმოვადგენ თქვენთან ერთად მომავლის საქართველოს“, - მიმართა მან ახალგაზრდების აუდიტორიას და განაგრძო: „ტემპი და წინსვლა ეს არის ჩვენი ხელწერა. უკან დახევა და ტემპის შენელება ეს არის მათი, წარსულის საქართველოს გადმონაშთი“.

 

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი ხედვა ისეთივე შეუსაბამოა ივანიშვილთან, როგორის არის „ჩემი განსხვავებები მსოფლმხედველობრივი პრეზიდენტ პუტინისგან“. 

 

„პუტინისთვის მე არც დედა არ  მიგინებია არასდროს და არც სხვა რამე. მე მინდოდა თავისუფალი საქართველო და მინდა. პუტინს არ უნდა თავისუფალი საქართველო. ივანიშვილმა თქვა, რომ  მე მინდა საზოგადოება, რომელსაც მე ვმართავ უკნიდან, ზემოდან. მე მინდა საზოგადოება, რომელიც იქნება თავისუფალი და თვითონ მართავს თავის თავს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

„ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, დაიწყო ამ არჩევნებისთვის, მაგრამ გაგრძელდება ამ არჩევნების შემდეგ. ყველაფერი წინაა და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, ვარ ამაში სრულიად დარწმუნებული“, - აღნიშნა მან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია