დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პენსიონერები „ლიბერთი ბანკს“ მომსახურებას უწუნებენ
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/23 16:43:33

ბანკის ხელმძღვანელობა კი აცხადებს გაუძლებენ როგორმე

 

ქუთაისში, ყოველი თვის შუა რიცხვებში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში  მომხმარებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება, რაც პენსიების გაცემასთანაა დაკავშირებული. პენსიონერებს საათობით უწევთ რიგში დგომა კუთვნილი თანხის მისაღებად. ხშირია გულწასული მოხუცების სახელდახელოდ გამოყვანა დაუსრულებელი რიგებიდან. ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავს მოლარე ოპერატორების სიმცირის გამო და მოითხოვს, ან ოპერატორების რაოდენობა გაიზარდოს, ან ქალაქში ბანკომატები დაამატონ.

 

 

პენსიის გაცემის დღეებში, ქუთაისში „ლიბერთი ბანკის“ ორ ფილიალს ვესტუმრეთ იქ არსებული მდგომარეობის დასაფიქსირებლად, გავესაუბრეთ რიგში მდგომ რამდენიმე პენსიონერს:

 

მაგული ღოღობერიძე, პენსიონერი: „სულ ასეთი მდგომარეობა არის აქ, ამხელა რიგია და მარტო ერთი ოპერატორი ემსახურება ხალხს, დილის მერე აქ ვდგავარ, 4 საათი დაიწყო და კიდევ რამდენი კაცია ჩემს წინ. მაინცდამაინც გულწასული უნდა გამიყვანონ აქედან?!“

 

 

ელგუჯა გაგნიძე, პენსიონერი: „ყველა მოსწრებაზეა, ყველას სჭირდება ფული და ამიტომ ვიკლავთ თავს აქ დგომით. ხან ერთ ფილიალში მივედი, ხან მეორეში, მაგრამ ყველგან ერთმანეთზე უარესი სიტუაციაა: გზიდან იწყება რიგები. ბანკომატები მაინც დაამატონ, ოღონდ კარგად გამართული. თითქოს ამხელა რიგში დგომა არ გვყოფნიდეს, ხან თანხა გათავდაო, ამბობენ, ხან კარტას „ყლაპავს“ და რა ვიცი, კიდევ რას არ მოიგონებენ. დავწყდით ხალხი მშიერ-მწყურვალი ამ სიცხეში და კაცისშვილს არ ადარდებს ჩვენი მდგომარეობა“.

 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბანკის ხელმძღვანელობის პოზიცია ასეთია, რომ, ჯერჯერობით, ვერ დააკმაყოფილებენ მომხმარებლების მოთხოვნებს, რადგან ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული:   „ვერ დავამატებთ ვერც ბანკომატებს და ვერც მომსახურე პერსონალს, პენსიები თვეში ერთხელ რიგდება და 2-3 დღის გულისათვის ბანკი ამხელა ხარჯს ვერ გაიღებს. გაუძლებენ როგორმე,“ - განაცხადა იმერეთის რეგიონალური ფილიალის მმართველმა ვახტანგ დუნდუამ.

 

მსგავსი პრობლემა უკვე წლებია, რაც არსებობს არა მარტო ქუთაისში, არამედ სხვა ქალაქებშიც. რამდენიმე წლის წინ საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალს ესტუმრა, სადაც თავად აკვირდებოდა სადაზღვევო პოლისების დარიგების პროცესს. დიდი რიგების გამო, მიხეილ სააკაშვილმა მაშინ  ბანკის ხელმძღვანელობას პროცესის მოწესრიგება მოსთხოვა: „დღეიდან არც ერთ საპენსიო განყოფილებაში არავინ რიგში არ ჩადგება და თუ ჩადგება, გადავცემთ ამას იმ ბანკს, ვინც პროცესს განახორციელებს რიგში ჩაყენების, გაზულუქების და ხალხზე თავზე წამოჯდომის გარეშე,“ განაცხადა მაშინ პრეზიდენტმა.


როგორც ჩანს, ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია და პენსიონერებს კვლავაც დაუსრულებელ რიგებში უწევთ დგომა კუთვნილი თანხის მისაღებად. გაურკვეველია, თუ რატომ ვერ იმეტებს „ლიბერთი ბანკი“ საკუთარი მომხმარებლებისთვის ელემენტარული პირობების შექმნას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2633
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია