დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დასუფთავებამ ქუთაისის ბიუჯეტი სეკვესტრს გადაარჩინა?
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/10/23 16:36:51

ქუთაისის საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე დასუფთავების სამსახურის გეგმის შესრულებას ეჭვით უყურებს

 

ქუთაისის მერიის დასუფთავების სამსახურმა 9 თვის გეგმა გადაჭარბებით შეასრულა. სამსახურმა, რომელიც ქალაქის ბიუჯეტის შესრულების ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი სფერო იყო, ბოლო სამი თვის მონაცემებით, 405 ათასი ლარის ამოღება შეძლო, რაც წლიური გეგმის, დაახლოებით, მესამედს შეადგენს. 9 თვის ანგარიშის მიხედვით, სამსახურმა კვარტალური გეგმა არათუ შეასრულა, არამედ  ბოლო წლებში არსებულ ამოღების ყველა მაჩვენებელს გაუსწრო და ბიუჯეტში დამატებით 4 ათასი ლარი შეიტანა.

 

გადასახადების ამოღების მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას დასუფთავების სამსახურში გააქტიურებულ მუშობას უკავშირებენ. სამსახურის უფროსს მიაჩნია, რომ 9 თვის მონაცემები, რომელმაც სამსახურის გეგმა ჩავარდნას, ბიუჯეტი კი შესაძლო სეკვესტრს გადაარჩინა,  თანამშრომელთა დაუღალავი შრომის შედეგია. მისი თქმით, სამსახური ყოველდღიურად ინდივიდუალურად აფრთხილებს და მოუწოდებს აბონენტებს გადასახადის გადახდისკენ.  მოსახლეობა კი მიხვდა, რომ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა აუცილებელია.

 

„ჩვენი თანამშრომლები კარდაკარ დადიან და მოუწოდებენ მოსახლეობას, გადაიხადონ გადასახადი. როცა ჩვენ მოვედით, წარმოუდგენელი იყო ამ გეგმის შესრულება, რადგან თავიდანვე გადაჭარბებით დაიგეგმა, მაგრამ ახლა თუ ამინდებმა ხელი შეგვიწყო და ჩვენმა თანამშრომლებმა შეძლეს უბნებზე გასვლა, ალბათ, დავძლევთ ამ პრობლემას“, ამბობს დასუფთავების სამსახურის უფროსი თამაზ დეისაძე.

 

პრობლემა, რომელზეც სამსახურის ახალი უფროსი საუბრობს, სამსახურის  შექმნის დღიდან არსებობს.  როგორც საფინანსოსარევიზიო კომისიაში ამბობენ, ბოლო 7 წლის განმავლობაში გეგმის შესრულება ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული თანხების ხარჯზე ხდებოდა, რადგან  სამსახურს ამ დრომდე არ გააჩნია გადასახადის ამოღების არანაირი მექანიზმი. უფრო მეტიც, არ არსებობს ქვითრები და აბონენტებმა ის ინდივიდუალური ნომრებიც კი არ იციან, რომლის მიხედვითაც ხდება სხვადასხვა კომუნალური გადასახადის გადახდა. შესაბამისი ნომრები აბონენტებს ახლა ურიგდება.

 

ერთადერთი, რაც სამსახურს შეუძლია  და ისიც მხოლოდ ინდ.მეწარმეებსა და შპს-ებთან მიმართებაში, არის ის, რომ დავალიანების არდაფარვის შემთხვევაში, შეუწყვიტოს მათ მომსახურება.

 

შეეძლო თუ არა მსგავს პირობებში სამსახურს ამოღების მაჩვენებლის 15%-დან  60-65%-მდე ზრდა (ციფრებს თავად თამაზ დეისაძე ასახელებს) და ასახავს თუ არა 9 თვის ანგარიში რეალობას, ამ კითხვაზე საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიაში პასუხობენ.

 

კომისიის თავმჯდომარე გოგიტა გოგელაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ ორი თვის წინ  აცხადებდა, რომ დასუფთავების სამსახური  წლიურ გეგმას ვერ შეასრულებდა, რადგან აბონენტების საერთო რაოდენობა ბევრად ნაკლებია  გეგმით გათვალისწინებულ თანხაზე,  ისევ სამსახურის სუსტ მხარეებზე საუბრობს.

 

„თავიდანვე გამორიცხული იყო ამ გეგმის შესრულება,რადგან დაგეგმვა მოხდა გადაჭარბებით. შესაბამისად, როგორ წარმოგიდგენიათ იმის შესრულება, რაც არალეარულია? დასუფთავების სამსახურს სამართლებრივი ბერკეტიც კი არ გააჩნია, რომ დავალიანების დაფარვა აიძულოს აბონენტს. ამბობენ, რომ შეასრულეს 9 თვის გეგმა და ეს მონაცემები ციფრებში არსებობს, მაგრამ როგორ მოხდა ეს, არ ვიცი, თუმცა, წლების პრაქტიკიდან ყველამ იცის, რომ მსგავს შემთხვევებში, გეგმა რომ არ ჩავარდნილიყო, სხვა სფეროს აკლებდნენ თანხას და ასე აბალანსებდნენ,“ - ამბობს გოგიტა გოგელაშვილი.  

 

თამაზ დეისაძის მიერ მოწოდებული დასუფთავების სამსახურის ბოლო სამი თვის მუშაობის შედეგები კი ასე გამოიყურება:

 

ამოღების მაჩვენებლების  რაოდენობრივი  და პროცენტული მონაცემები:

 

ივლისი 130 ათასი ლარი 43%

 

აგვისტო - 135 ათასი ლარი 54%

 

სექტემბერი - 140 ათასი ლარი 78%

 

მისი ინფორმაციით, ამოღების საერთო მაჩვენებელი 15%-დან 60-65%-მდე  გაიზარდა და ამ მომენტისთვის შეადგენს 75%-ს.

 

ქუთაისში სულ 50 ათასი ოჯახი და 4 ათასი ინდმეწარმეა. დასუფთავების გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე 50 თეთრს შეადგენს. ინდ.მეწარმეებისა და შპს-ეების შემთხვევაში კი თანხა კომერციული ფართის მიხედვით განისაზღვრება.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2535
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია