დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ჩვენთან სასწრაფოს ექიმები არ შემოდიან, ეშინიათ, თავში არაფერი დაეცეთ“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/23 16:25:42

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩის მცხოვრებლები პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარებს - გუბაზ სანიკიძესა და დავით გოგისვანიძეს  უყურადღებობაში ადანაშაულებენ

 

 

ქუთაისში, გუგუნავას ქუჩა 12-სა და 12ა-ში მდებარე შენობები  გასული საუკუნის 50-იან წლებშია აშენებული და ამ დროისთვის ორივე შენობა ავარიულია. ორსართულიანი კორპუსები ელექტრო-მექანიკური ქარხნის საერთო საცხოვრებელი იყო. მოგვიანებით იქ მყოფ მუშებს გადაეცათ საკუთრებაში. შენობებში ამ დროისთვის 20-მდე ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

 

 

ჩამონგრეული ჭერი, საიდანაც ცა მოსჩანს, ჩამტვრეული ფანჯრები, აყრილი იატაკი, დანგრეული კედლები - ეს შენობების მდგომარეობის არასაკმარისი აღწერაა. ადგილობრივები საერთო საპირფარეშოთი სარგებლობენ, აბაზანა კი საერთო არ აქვთ.

 

მოსახლეობის თქმით, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა - უშედეგოდ. როგორც ისინი აღნიშნავენ, საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკოსები მათი მდგომარეობით აქტიურად  ინტერესდებოდნენ.  მათთან „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად,  იმყოფებოდა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ქუთაისის საკრებულოს ავანგარდის მაჟორიტარი დეპუტატი დავით გოგისვანიძე, რომლებმაც მხოლოდ დაპირებები გასცეს.

 

 

ნაირა შვანგირაძე (ადგილობრივი მცხოვრები): „ვის აინტერესებს ჩვენი მდგომარეობა? რამდენჯერ მივმართეთ მერიას, რომ დაგვეხმარონ, ან ეს შენობა გაგვირემონტონ, ან სხვაგან გადაგვიყვანონ, მაგრამ პასუხის ღირსადაც არ გვთვლიან. მხოლოდ არჩევნებზე ვახსენდებით, შარშანაც მოვიდნენ „ოცნების“ წარმომადგენლები, ჩვენი მაჟორიტარ-დეპუტატი გუბაზ სანიკიძეც იყო, ფოტოები გადაიღეს, ბევრი ივიშვიშეს, ეს რა დღეში ყოფილხართო, წავიდნენ და წავიდნენ. ხელისუფლებაში ხომ მოვიყვანეთ და მეტი რაღა უნდათ. შეუძლებელია აქ გაჩერება, შიშში ვცხოვრობთ, თავში არაფერი დაგვეცეს. იატაკი ჩვენ გავამაგრეთ, ძირს რომ არ ჩავვარდნილიყავით, მაგრამ ეს რას გვიშველის, მერიაში მხოლოდ სკამების დანაწილებით არიან დაკავებული და ჩვენთვის ვინ მოიცლის, ავანგარდის დეპუტატი დავით გოგისვანიძეც იყო მოსული, მაგრამ არჩევნების მერე ისიც დაიკარგა.“

 

 

ლალი წულაძე (ადგილობრივი მცხოვრები): „მეორე წელიწადია, შუქი არ მაქვს, ჩამიჭრეს გადაუხდელობის გამო. მერიას ვთხოვე დახმარება, განცხადებაც დავწერე აგვისტოში, მაგრამ არავის უპასუხია, აღარ მჯერა არავის დაპირების. ჯართს ვაგროვებ და ისე გამაქვს თავი, არც სოციალური დახმარება მაქვს. შვილთან ერთად ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა ჩემს შვილს ტყუპები ეყოლა და ბავშვები ამ სიბნელეში უნდა მოვიყვანო, როგორ გავათბო ამ ზამთარში? წვიმის დროს წყალი ჩამოდის მთელ შენობაში. უპატრონოდ ვართ, მხოლოდ დაპირებები იციან, სხვა არაფერი. სად არის მერია, სად არის მაჟორიტარი, მის ქალაქში ხალხი შიმშილით და სიცივით რომ იხოცება? მერიამ შენობის გადასახური მასალა გადმოგვცა, მაგრამ ისევ ისე აწყვია, როგორც მივიღეთ, რადგან არ გვყავს საკმარისი მუშახელი, რომ შენობა გადავხუროთ, ვთხოვეთ მუნიციპალიტეტს, ამ კუთხითაც დაგვეხმარონ, მაგრამ აცხადებენ, რომ ეს მათ არ ეხებათ.“

 

 

მედეა ღვიტიძე (ადგილობრივი მცხოვრები): „ავარიულია მთელი შენობა. ეს კი არადა, სასწრაფო რომ გამოვიძახეთ, ექიმები არ შემოვიდნენ შიგნით, „გვეშინია, თავში არაფერი დაგვეცესო!“ ყველა გაოცებული გვეკითხება, აქ როგორ ვცხოვრობთ, მაგრამ წასასვლელი არსად გვაქვს.

 

 

ტელევიზორში სოფლის მოსახლეობის მდგომარეობას რომ აჩვენებენ და უკვირთ, ასე როგორ ცხოვრობენო, ჩვენ გვეცინება, რადგან  ამ დროს ქუთაისში, მთავარი გზის პირას, ქუთაისელები უარეს მდგომარეობაში ვართ. არაფერი ჩვენთვის არ არის, გვაწვიმს თავზე, აქვე ელექტრო სადგური მდებარეობს, ისეთი გამოსხივებაა,  დაავადდა ხალხი. წესით, საერთოდ არ შეიძლება დასახლებულ პუნქტთან ასეთი სადგური, მეორეც,  ვითომ ეს არ გვკმაროდა, გვერდით მდებარე რესტორნის მეპატრონემ, ვინმე კახა ბობოხიძემ, რესტორნის გაყვანილობის მთელ ქსელს ჩვენს კედელზე მოუყარა თავი, როგორ შეიძლება ასეთი რამ? ჩვენ არავინ არაფრად გვაგდებს. თუკი რაიმეთი დაგვეხმარებით და ჩვენს პრობლემებს გააჟღერებთ, მადლობის მეტი რა გვეთქმის.“

 

„გუგუნავას 12 ნომერში მცხოვრებლების ბრალდებებს უპასუხა სულხან-საბას ტერიტორიული მართვის ორგანოს ხელმძღვანელმა ფირუზა ბენიძემ. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, აღნიშნული ბინის ბინადრებმა პროგრამა „კორპუსის“ ფარგლებში შენობის გადასახურად თუნუქი მეორედ მიიღეს, მაგრამ რაც შეეხება გადახურვას, ეს, სამწუხაროდ, ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. მე თუ მკითხავთ, მაგ ბინას მუშახელის კი არა, „ბალკების“ პრობლემა უფრო აქვს, რომც გადაიხუროს, შეიძლება ფიცრებმა ვერც გაუძლოს, ისეა დამპალი. ჩემის აზრით, მთლიანი გამოცვლა უნდა მოხდეს, მაგრამ მერია ამ სამუშაოებს ვერ უზრუნველყოფს,“ - აღნიშნა ფირუზა ბენიძემ.

 

ადგილობრივების მდგომარეობას ბინაში წყლის და გაზის არარსებობაც ართულებს.  მოსახლეობას ე.წ. „გაზის ბალონებით“ და ელექტრო ქურებით უწევს გათბობა. როგორც ისინი აცხადებენ,  „ქუთაისგაზში“ გაზის შეყვანაზე უარი შენობის ავარიული მდგომარეობის გამო უთხრეს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ კი, რომელიც საერთო საცხოვრებლის გვერდით მდებარეობს, მოსახლეობას წყლის შეყვანა საკუთარი სახსრებით მოსთხოვა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ  ეზოში მდებარე ერთადერთი ონკანიდან აღებული წყლის გამო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თითო სულ მოსახლეზე 1,5 ლარს იღებს.

 

„რაში გვახდევინებენ ფულს? მხოლოდ ეზოში მოდის წყალი, რომლითაც ჩვენს გარდა, სხვებიც სარგებლობენ, მაგრამ მხოლოდ ჩვენ გვახდევინებენ ფულს. ბინაში ვედროებით ვეზიდებით წყალს, აღარ შეგვიძლია, რამდენი უნდა ამოვიტანოთ, რომ ამდენ ადამიანს საპირფარეშოში ეყოს, ამიტომ საშინელი სუნი დგას, რასაც ნესტის სუნი ემატება და გაუსაძლისი მდგომარეობაა,“ - აცხადებენ ადგილობრივები.

 

რატომ იხდის მოსახლეობა წყლის ფულს მაშინ, როდესაც შენობაში წყალი არ არის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის დირექტორი მიხეილ თათარაძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობამ რომელიც სასმელ წყალს ონკანიდან იღებს, ვალდებულია, საფასურის ნახევარი გადაიხადოს. იქვე საუბრობს იმ შეღავათზე, რასაც კომპანია გუგუნავას 12 ნომრის მცხოვრებლებს უწესებს.

 

„ვინაიდან ზემოთხსენებული ბინების მოსახლეობა სასმელად იყენებს ეზოს ონკანის წყალს, ისინი ვალდებული არიან, გადაიხადონ სასმელი წყლის გადასახადის ნახევარი. ხოლო სველი წერტილების ჩარეცხვისთვის წყალარინების (კანალიზაციის) სრული გადასახადი. კონკრეტულად: თუ წყალმომარაგების გადასახადი ერთ სულ მოსახლეზე (კორპუსებში) შეადგენს 2 ლარსა და 16 თეთრს. აქედან, 1 ლარი და 25 თეთრი სასმელი წყლისა და 91 თეთრი წყალარინების (საკანალიზაციო) გადასახადებია. გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული ბინის მობინადრეებს აქვთ სველი წერტილები, მათ ერიცხებათ 91 თეთრი, ხოლო სასმელი წყლის მოხმარების ნახევარი, ანუ 62 თეთრი. ჯამში, ერთ სულ მოსახლეზე გადასახადი შეადგენს 91+62=153 თეთრს. კომპანია კი ახდევინებს 150 თეთრს. რაც შეეხება იმ კორპუსებს, სადაც ფუნქციონირებს ეზოს ონკანები, კომპანიამ შეისწავლა ყველა წერტილი და დამუშავების პროცესშია სასმელი წყლის მოხმარების ტარიფის განსაზღვრა,“ - აღნიშნავს მიხეილ თათარაძე.

 

აღასანიშნავია, რომ გუგუნავას 12 ნომერში მცხოვრებლები,  მიუხედავად მძიმე სოციალური პირობებისა, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში ვერ მოხვდნენ. როგორც მათ განაცხადეს, სოციალურმა აგენტმა დახმარების ვერ მიღების მიზეზად კარგი პირობები დაასახელა.

„რა პირობებია, ხომ ხედავთ და ამაზე რომ იტყვიან, კარგ პირობებში ცხოვრობთო, დაგვცინიან. აგენტი რომ მოვიდა, წყალი მთხოვა, ცივი წყალი, რომ მივაწოდე, ასეთი პასუხი გამცა - „შენ მაცივარი გქონია და დახმარება არ გეკუთვნისო!“ - ეს არის პასუხი? რა უნდათ, ქუჩაში უნდა ვიცხოვროთ, დახმარება რომ მოგვცენ? ხომ აცხადებენ, რომ კანონით, მაცივრის გამო მაღალი ქულები არ იწერება, მაგრამ მათ, როგორც აწყობთ, ისე აკეთებენ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

 

 

P.S. ჩვენ შევეცდებით, გაზეთის მომავალ ნომერში ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა პოზიცია და საკითხის მოგვარების მათი ხედვა შევიტყოთ, ვისაც ამ ადამიანთა დახმარება კანონით ევალება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2516
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია