დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვალდებულებები ევროპის წინაშე
ევროკავშირის 11 მოთხოვნიდან საქართველომ მხოლოდ ოთხი შეასრულა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/17 11:25:01

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგად "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ასკვნის, რომ ევროკავშირის მოთხოვნათა დიდი ნაწილი საქართველოს შესრულებული აქვს. თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, რჩება ბევრი სკითხი, რაც რეფორმირებას საჭიროებს.

ორგანიზაციის შუალედური ანაგარიშის თანახმად, ამ ეტაპისათვის, ევროკავშირის 11 მოთხოვნიდან საქართველომ ოთხი შეასრულა, ერთი მეტწილად შეასრულა, ხუთი სანახევროდ შეასრულა, ხოლო ერთი არ შეუსრულებია. კერძოდ, ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, არ შესრულდა ვალდებულება, რომლის თანახმადაც, უნდა მომხდარიყო ეთიკის კოდექსისა და ტრეინინგის პროგრამების შემუშავება კორუფციასთან ბრძოლის, პირადი დოკუმენტების უსაფრთხო მართვისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საჯარო უწყებების წარმომადგენელთათვის, რომელთა საქმიანობა უკავშირდება პასპორტებს, პირადობის დამადასტურებელ მოწმობებსა და სხვა სამოქალაქო სტატუსის დოკუმენტებს. სანახევროდ შესრულდა ვალდებულებები როგორიცაა: საზღვრის მართვის, მიგრაციის პოლიტიკისა და თავშესაფრის პოლიტიკის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს კონსოლიდაცია ევროკავშირისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ეროვნული ინტეგრირებული საზღვრის მართვის (IBM) სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და მიგრაციული ნაკადების მონიტორინგის მექანიზმის ჩამოყალიბება.

კვლევის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ ერთერთი პრობლემატური საკითხი ბიომეტრულ პასპორტებზე გადასვლის კონკრეტული ვადის არარსებობაა. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც ორგანიზაციამ ეს პუნქტი სანახევროდ შესრულებულად მიიჩნია, რადგან, მართალია, აღარ გაიცემა ICAO-ს სტანდარტების შეუსაბამო პასპორტები, თუმცა არ არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული ვადა, როდესაც ქვეყანა სრულად გადავა ბიომეტრული პასპორტების გამოყენებაზე.

როგორც კვლევის ხელმძღვანელმა, ლევან ნატროშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, აღნიშნული საკითხები, რომლებიც ტექნიკურ ხასიათს ატარებენ, ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის შესაძლოა რთულად გასაგები იყოს, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი უწყებები სწორად გაერკვევიან სიტუაციაში და მათთვის ყველა ტერმინი ნაცნობი იქნება.

სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან სამადაშვილმა, რომელიც ასევე ესწრებოდა პრეზენტაციას, განაცხადა, რომ ძალიან რთულია კონკრეტული თარიღის დათქმა ბიომეტრულ პასპორტებთან მიმართებაში და ეს მაღალ დონეზე მისაღები გადაწყვეტილებაა. თუმცა, მისი თქმით, სააგენტო ამზადებს შესაბამის ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომლებსაც პარლამენტს წლის ბოლომდე წარუდგენს.

”ცვლილებების თანახმად, გამონაკლისის წესით გაცემული ბიომეტრული პასპორტების ვადა შემცირდება ერთ წლამდე, რაც არის ერთგვარი ხაზგასმა იმაზე, რომ აღნიშნული პასპორტები იქნება მხოლოდ კონკრეტულ საჭიროებაზე გამიზნული. მართალია, ამ გზით ბოლო არაბიომეტრული პასპორტი ვადის გასვლის გამო 2024 წელს ამოვა ხმარებიდან, თუმცა არ არის გამორიცხული, რაღაც ეტაპზე სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება მათი გაუქმების შესახებ”, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, იმ ნაწილში, რომელიც ორგანიზაციამ ”არ შესრულდა”-თი შეაფასა, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან არანაირი პრობლემა არ ყოფილა და მათი მხრიდან არც ყოფილა განსაკუთრებული მოთხოვნა, ანტიკორუფციული ტრენინგები ცალკე, სხვა ტრეინინგებისგან გამოყოფილად ჩატარებულიყო. შესაბამისად, სერვისების განვითარების სააგნეტოს ხელმძღვანელმა განახადა, რომ ამ პუნქტს არშესრულებულს ასე ხაზგასმით ვერ უწოდებდა.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო ლიბერალიზაციის რეჟიმის გამარტივების თაობაზე დიალოგი 2012 წლის 4 ივნისს დაიწყო. 2013 წლის 25 თებერვალს საქართველოს ხელისუფლებას სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა გადაეცა, რომელიც ქართული მხარისაგან ოთხ ბლოკად დაყოფილი მოთხოვნების შესრულებას მოითხოვს. კერძოდ - დოკუმენტების უსაფრთოხების უზრუნველყოფას (ბიომეტრული პასპორტების ჩათვლისთ); საზღვრის ინტეგრირებული მართვის, მიგრაციის მართვისა და თავშესაფრის პოლიტიკის დანერგვას; საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების საკითხების მოგვარებას; საგარეო ურთიერთობებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების საკითხების რეგულირებას. თიოთოეული ბლოკი ორი ფაზისაგან შედგება, ერთი ფაზა საკანონმდებლო ჩარჩოს და ადგილობრივი პოლიტიკის რეფორმირებას გულისხმობს, ხოლო მეორე - აღნიშნული რეფორმის იმპლემენტაციას. იმის გამო, რომ ქართული მხარე იმპლემენტაციის ფაზაზე ჯერ არ გადასულა, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშში პირველი ფაზის კვლევის შედეგებია წარმოდგენილი და მხოლოდ პირველი ორი ბლოკის შესრულების მონიტორინგს მოიცავს. არასამთავრობო ორგანიზაცია დანარჩენი ორი ბლოკის შესრულების შეფასების წარდგენას ნოემბერში გეგმავს.

ევროკავშირთან სავიზო ურთიერთობების გაუქმება არა მხოლოდ ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ინტეგრაციის წახალისების, არამედ ღირებულებითი დაახლოების მნიშნველოვანი მექნიზმია. შესაბამისად, პროცესის წარმატებით წარმართვის შემთხვევაში, საქართველოს შესაძლებლობა ექნება, 2001 წლის 15 მარტის ევროპული საბჭოს რეგულაციით დადგენილი ე.წ. ”შავი სიიდან” ”თეთრ სიაში” გადაინაცვლოს, ანუ იმ ქვეყნების ჩამონათვალს შეუერთდეს, რომელთა მოსახლეობასაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის და ექვსი თვის განმავლობაში სამი თვით დარჩენისა თუ თავისუფალი გადაადგილების საშუალება გააჩნია.

აღსანიშნავია, რომ სავიზო შეზღუდვების იდექსის მიხედვით (Hanley & Partners Visa Restriction 2011 and 2012 Index), მოქალაქეებისათვის გადაადგილების თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველო მცირედით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ერაყი, სომალი და ავღანეთი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2299
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია