დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არქიტექტურა
მამა სულხანი არქიტექტურული უზუსტობის გასწორებას ითხოვს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/16 14:13:33

სვანური კოშკი - იმერული სახურავით?

 

სოფელ მოწამეთაში მდებარე მოწამეთის მონასტერი, რომელიც ქუთაისიდან 6 კილომეტრით არის დაშორებული, ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია. მოწამეთის ტაძარს, რამდენიმე წლის უკან რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. განახლდა თაღები, მოპირკეთდა და მოიხატა ფრესკები, მთლიანად გარემონტდა ყველა კედელი და ყოველი კუთხე ისე, რომ არ შეცვლილა მონასტრის ძველი იერსახე და სტილი, როგორც თავის დროზე ააშენეს ეს წმინდა ტაძარი. დეკანოზის, მამა სულხან ღუდუშაურის განცხადებით,  ძალიან კმაყოფილები არიან რეკონსტრუქციის ხარისხით, თუმცა ერთი დიდი შეცდომაა დაშვებული მშენებლობის დროს: მონასტრის შესასვლელში მე-8 საუკუნეში აშენებული სვანური კოშკი არის განთავსებული. ეს კოშკი ერთ-ერთ სვანს, გვარად დადეშქელიანს აუგია მას შემდეგ, რაც მრავალი წლის მანძილზე უშვილობის პრობლემით  შეწუხებულს ტაძარში პირობა დაუდევს წმინდა მიწამეების: დავით და კონსტანტინეს ხატთან, რომ, თუ მას ძეს აჩუქებდა,  მათ სახელზე სვანურ კოშკს ააგებდა ეკლესიის ეზოში. მისი თხოვნა შეისმინეს წმინდანებმა და მანაც პირობა შეასრულა, ააგო კოშკი, რომელიც დღემდე ნაყოფიერების, გამრავლების სიმბოლოდ ითვლება. თუმცა, დღეს ეს სვანური კოშკი იმერულ სტილზეა გადახურული. მამა სულხანის თქმით, რომელიც უკვე 34-ე მოწამეთობას ხვდემა ამ ტაძარში, ეს ძალიან დიდი შეცდომაა და შეურაცხყოფაა,  როგორც თავდაპირველი მშენებელის, ასევე სვანებისათვის.

 

„ეს კოშკი ჩვენ სვანებს მივუჩინეთ სალოცავად და მათი დღესასწაულების აღსანიშნავად, ისინი 3-4 წელი მართლაც მოდიოდნენ აქ მოსალოცად, მაგრამ მერე შეწყვიტეს სიარული. მე, პირადად, არ მასვენებს ეს სიტუაცია, ეს ისეთია, სვანს რომ კახური ქუდით სიარული აიძულო. დარწმუნებული ვარ, წმინდანთა სულებიც დაისვენებენ მას შემდეგ, რაც ამ კოშკს შესაბამისად გადახურავენ. როდესაც არქიტექტორს ვუსაყვედურე, რატომ გადახურე სვანური კოშკი იმერულ სტილზე-მეთქი, ასე მიპასუხა, რომ ნახაზის მიხედვით ვიხელმძღვანელე და ჩემი შეცდომა არ არისო. არადა, ნახაზზე აუცილებლად ძველი სახით იქნებოდა კოშკი, ისე, როგორც დადეშქელიანმა ააგო და, რომც არ ყოფილიყო, ქაღალდში ჩახედვა რად უნდოდა იმის მიხვედრას, რომ სვანური კოშკი სვანური სტილით აშენებულიყო?“


მამა სულხანმა განაცხადა, რომ  აპირებს თავად სვანებს დაავალოს სახურავის გამოცვლა, თუმცა იმედოვნებს, რომ სხვებიც გამოეხმაურებიან ამ წმინდა საქმეს და დაეხმარებიან  კოშკისთვის ძველი იერსახის დაბრუნებაში.


„ეს უდიდესი მადლი იქნება ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ამ კეთილ საქმეს გააკეთებს, მე ვთხოვ შესაბამის სამსახურებს, ვისაც კი შეუძლია დახმარება, გააკეთონ კეთილი საქმე. მითუმეტეს, არ არის ძალიან დიდ თანხებთან დაკავშირებული, უფალი მათ არ დაუკარგავს ამ უდიდეს მადლს“.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4620
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია