საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობა
სკამები ხარაგაულის ადმინისტრაციისთვის
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/10/14 00:35:27

ხარაგაული იმერეთში ფართობით ყველაზე დიდი გამორჩეული მუნიციპალიტეტია. თუმცა ტერიტორიული სიდიდე ხარაგაულისთვის პოზიტივებს არ ქმნის. მიუხედავად მუნიციპალიტეტში არსებული რესურსებისა, ხარაგაულში მოსახლეობას სასიკეთო ძვრები არ შეუმჩნევია ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც. საკადრო პოლიტიკა, კოჰაბიტაციის მავნე ზეგავლენა და დასაქმების პრობლემები ხარაგაულშიც არსებობს, თუმცა, არის ზოგიერთი საკითხი, რომელთა ანალიზიც ტრაგიკომიკურ ელფერს იძენს. ერთმა ხარაგაულელმა ისიც კი თქვა, რომ უპრიანი იქნებოდა, ხარაგაულის შესასვლელში რომ არიან დევები, ისინი გაცოცხლდნენ და შეცვივდნენ გამგეობაშიო. 

არსებული პრობლემების ანალიზისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს,  რუსუდან გურგენიძეს მივმართეთ.


– ქალბატონო  რუსუდან, ხარაგაული იმ მუნიციპალიტეტთა შორისაა, რომლებზეც არ აქვს ფართო საზოგადოებას ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს კოჰაბიტაციური პერიოდი ხარაგაულში?

– კოჰაბიტაციის პროცესი ხარაგაულში იმდენად „კარგად“ მიდის, რომ ხშირად ეჭვი მეპარება, მე ხომ არ ვიყავი „ნაციონალი“ ნეტავ? მარტო ის რად ღირს, რომ საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატების“ ხელმძღვანელი არის პიროვნება, რომელიც 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხარაგაულის მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალების“ სიით მოხვდა საკრებულოში, ხოლო უკანასკნელ არჩევნებში „ნაციონალების“ მაჟორიტარ კანდიდატს ეხმარებოდა საარჩევნო კამპანიის წარმოებაში და, შეიძლება ითქვას, მისი მარჯვენა ხელი იყო.

თავად დავამუშავე საკითხი, რომელიც გასული პირველი ექვსი თვის ხარაგაულის ბიუჯეტს შეეხებოდა.  „მინუსიანი“ ბიუჯეტი არა ქვს ხარაგაულს, მაგრამ მოსახლეობას მაინცდამაინც კმაყოფილების ხარისხი არ გაზრდია. რა არის, „კარგი“ ბიუჯეტის მიუხედავად, ხალხის უკმაყოფილების მთავარი მიზეზი?

– რატომ არ შეეტყო ბიუჯეტის ზრდა ხარაგაულის მოსახლეობას? ერთი მარტივი მიზეზის გამო – ბიუჯეტის დიდი ნაწილი ადგილობრივი ხელისუფლების ხელფასებს და პრემიებს ხმარდება. როგორც მაქვს ინფორმაცია, პრემიის სახით მარტო აგვისტოში 18 000 ლარია გამოყოფილი. კულუარული ინფორმაციით, ყველა მაღალჩინოსანი, ვინც კი ხარაგაულის ტერიტორიაზე გაივლის და რიკოთის უღელტეხილზე სადილად რომელიმე რესტორანში შევა, დანახარჯს გამგებელს უგზავნის, მისივე მოთხოვნით. მართალია, ბიუჯეტის ზრდა სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას იწვევს, მაგრამ იმ ადამიანებისათვის, რომელთაც არ აქვთ მუდმივი შემოსავალი, სიღარიბის ზღვარზე არიან, დიდი ვერაფერი შეღავათია კულტურის ცენტრისა თუ რომელიმე სოფელში ბაღის აშენება. მით უმეტეს, რომ რამდენიმე წელიწადში შეიძლება ამ ბაღში მიმსვლელი ბავშვი აღარც კი იყოს სოფელში. ხარაგაულში ხომ ძალიან მწირი შემოსავალი აქვს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს.

– როგორც ამბობენ, თქვენს მუნიციპალიტეტში საშტატო ერთეულები  იმდენად გაიბერა, რომ არა მარელისის წარმოებული სკამები, ალბათ, გაჭირდებოდა ახალი „ადამინებისათვის“ სკამების მოძიება. რამდენად შეეფერება სინამდვილეს აღნიშნული?

– შტატების „გაბერვა“ ხარაგაულში, კარგა ხანია, შაყირის თემაა. თითოეული  ტერიტორიული ერთეულის  რწმუნებულს მინიმუმ სამი თანაშემწე ჰყავს. გამგეობის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურები გაყოფილია, შტატგარეშე ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების სათვალავი აღარაა. გამგებელს ოთხი მოადგილე ჰყავს. საფინანსო სამსახურში საბიუჯეტო, ეკონომიკური და შესყიდვების  განყოფილებები ცალ-ცალკეა. არასამეწარმეო იურიდიული პირები ცალკე თემაა... არჩევნების შემდეგ, 2013 წელს, ორი აიპი შეიქმნა, ხოლო აიპებში „ნაციონალების“ კოორდინატორების დასაქმება ჩვეულებრივი ამბავია.

რახან მარელისი ვახსენეთ, რამდენად შეიძლება მარელისის ავეჯის ფაბრიკის აღორძინება? ასევე, რა სიტუაციაა ზვარესა და ნუნისში? რატომღაც ეს ორი რეკრეაციული ობიექტი ყურადღების მიღმა რჩება!

– მარელისის ფაბრიკის აღორძინება შეუძლებელია, ვინაიდან იქ უკვე აღარაა დაზგა-დანადგარები და მეპატრონე უკვე შენობის აგურ-აგურ გაყიდვაზე გადავიდა. რაც შეეხება ზვარეს, მისი აღდგენა მართლაც შესაძლებელია, თუმცა ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის გამო (არ ვიცი, მშენებლების ბრალია თუ  სახელმწიფოს მხრიდან დაუდევრობისა), მინერალური წყლის ჭაბურღილის სათავეზე მიმდინარეობს გვირაბის  მშენებლობა. ეს კი მინერალური წყლის შემადგენლობის ცვლილებას გამოიწვევს. რაც შეეხება ნუნისს, ნუნისი კერძოსაკუთრებაა, მუშაობს სრული დატვირთვით, თუმცა, სასურველი იქნებოდა, კიდევ მეტის გაკეთება და ცოტა ფასების გადახედვაც.

მოლოდინის მიუხედავად, ათასგან და ათასგზის შერისხული „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი გყავთ მაჟორიტარ დეპუტატად. როგორც რიგითი ადამიანები ამბობენ, მან მაქსიმუმი შეძლო ამ მოკლე პერიოდში. როგორ შეაფასებდით მის საქმიანობას?

– რაც შეეხება დეპუტატის, ნოდარ ებანოიძის, საქმიანობას, ვფიქრობ, ხარაგაულს ასეთი დეპუტატი არ ჰყოლია. ხარაგაულის ბიუჯეტის ასეთი ზრდაც ხომ მისი დამსახურებაა. როგორც კანონმდებელი, ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას.

ბოლო პერიოდში მუნიციპალიტეტის საკრებულოებში დიდი გადაადგილებები შეიმჩნეოდა. ალბათ, არც თქვენი საკრებულო იქნება გამონაკლისი, მაგრამ  მინდა კომენტარი გააკეთოთ 28 დეპუტატიანი საკრებულოს 6 ფრაქციაზე...

– გადაადგილებები ხარაგაულის საკრებულოში საერთოდ არ მომხდარა. არცერთი კომისიის თავმჯდომარე არ შეცვლილა, რომ აღარაფერი ვთქვათ, საკრებულოს თავმჯდომარესა და მოადგილეზე. უბრალოდ, ფრაქციები შეიქმნა, რისი საშუალებითაც „ნაციონალები“ იღებენ ხელფასს. საკრებულოში ამჟამად ერთი „ნაციონალური“ ფრაქცია და 5 სამკაციანი ფრაქციაა. ამათგან სამის სახელში „ქართული ოცნება“ ფიგურირებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3172
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია