დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საერთაშორისო ურთიერთობები
ფანჯიკიძემ ვენიდან და სააკაშვილმა დვანიდან დაგმეს რუსული მავთულხლართები და მცოცავი ოკუპაცია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/10 21:47:48

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ 10 ოქტომბერს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას დაგმო რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ღობეების აღმართვის პროცესი და მოსკოვს ამ ქმედებების „დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ“ მოუწოდა.

მისი თქმით, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გავლებული მავთულხლართების მთლიანი სიგრძე 35 კილომეტრს აღწევს და „მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებს“. ბოლო დროს გააქტიურებული ამ პროცესის შედეგად, ფანჯიკიძის თქმით,  65 ქართული ოჯახი დაზარალდა, მათ შორის რამდენიმეს საცხოვრებელი ადგილების დატოვებაც კი მოუწია.

„რუსეთის უკანონო ქმედებები საქართველოს მთავრობის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს იმ ფონზე, რომ მოსკოვი კვლავაც აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების თანმიმდევრულ მილიტარიზაციას; არ კისრულობს  შემხვედრ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ; ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ აძლევს ოკუპირებულ რეგიონებში შეღწევისა და უსაფრთხოების სიტუაციის შესწავლის შესაძლებლობას,  როგორც ეს განსაზღვრულია ამ მისიის მანდატით და აგრძელებს ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვას“, - განაცხადა ფანჯიკიძემ თავის გამოსვლაში.

მისი თქმით, ეს „უკანონო“ ქმედებები „ყოვლად წარმოუდგენელია“ საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთთან ურთიერთობების  ნორმალიზების მიზნით გადადგმული „კონსტრუქციული ნაბიჯების“ ფონზე.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გამოხატა კეთილი ნება და ოლიმპიური თამაშების დეპოლიტიზაციის მიზნით, მიიღო რთული გადაწყვეტილება მონაწილეობის შესახებ, მოსკოვი ცდილობს ამ ფაქტის პოლიტიკური მოტივებით გამოყენებას და პროვოკაციული მოქმედების გზას ირჩევს. ამგვარი დესტაბილიზაციური  და პროვოკაციული ქმედებების ფონზე, ჩვენ კვლავაც მშვიდობიანი და პრაგმატული მიდგომის ერთგულნი ვრჩებით და არ ვაპირებთ რეაგირებას მსგავსი პროვოკაციული მეთოდებით“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს  ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და ღობეების გავლების პროცესი, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმება და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები, შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებსა და მომიჯნავე ტერიტორიებზე მცხოვრები პირების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევა“, - განაცხადა მან.

მან ეუთოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გააქტიურებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საჭიროა ძალისხმევის გაძლიერება, რათა სრულფასოვნად აღდგეს "სამშვიდობო და საპოლიციო მანდატებით" აღჭურვილი ეუთოს მისია, რომლის საქართველოში ფუნქციონირებასაც რუსეთმა 2008 წლის დეკემბერში დაადო ვეტო.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევები საჭიროებს თქვენს დაუყოვნებელ ყურადღებას და ადექვატური ზომების მიღებას. ადგილზე სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილებისა და ჰუმანიტარული ჩიხის დაძლევის მიზნით, საჭიროა ოკუპირებულ რეგიონებში აღდგეს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმი“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

იმავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 ოქტომბერს სატელევიზიო განცხადება გააკეთა სოფელ დვანიდან.

რუსი სამხედროების მიერ აღმართული ღობის წინ დადგმულ ტრიბუნასთან საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მცოცავი ოკუპაცია და საოკუპაციო ძალის მიერ სულ უფრო მეტი მიწების ხელში ჩაგდება არის „შეტევა ჩვენს სუვერენიტეტზე და დამოუკიდებლობაზე“. 

„მე ზოგიერთივით არ მიმაჩნია, რომ ეს არის გაუგებრობა“, – განაცხადა სააკაშვილმა. მას მხედველობაში ჰქონდა პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის განცხადება.

ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას, რომ ე.წ. „საზღვრის მოწყობის“ პროცესი უკავშირდება რუსეთის მზადებას ოლიმპიადისთვის, სააკაშვილმა განაცხადა: „ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის და ძალიან სამწუხაროა, რომ ამას ამბობს მთავრობის ხელმძღვანელი“.

მან განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთის ქმედებებს უნდა უპასუხოს „მშვიდად, მაგრამ მტკიცედ“ და ერთიანობით საქართველოს შიგნით. მან ასევე განაცხადა, რომ სწორედ ამის გამო მან  ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარება შესთავაზა, რომელიც პრემიერ–მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ უგულებელყვეს, როგორც სააკაშვილის მორიგი პიარაქცია.

ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე გამოსვლაში მაიას ფანჯიკიძემ ასევე ისაუბრა საქართველოში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე და მადლობა გადაუხადა ეუთოს აქტიური სადამკვირვებლო ძალისხმევის გამო.

„ჩვენი მიზანი ჩავატაროთ გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო დემოკრატიული პრაქტიკის შესაბამისად, არასდროს ყოფილა ასეთი მტკიცე, როგორც ეს არის დღეს“, - განაცხადა მან და ხაზი გაუსვა 27 ოქტომბრის არჩევნების წინ მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას „სამართლიანი, თანაბარი და კონკურენტული“ საარჩევნო გარემოს შექმნის კუთხით.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს არჩევნები სამაგალითო იქნება და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს ჩვენს ერთგულებას დემოკრატიული ფასეულობებისადმი, რაც მჟღავნდება ჩვენს კონკრეტულ მოქმედებებში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის მოახლოების ფონზე, ეს კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ჩვენს პარტნიორებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მათი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - განუცხადა მან ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს.

 


 

 

 "სივილ ჯორჯია"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3511
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია