დავით უსუფაშვილი: „უშიშროების საბჭოს ამ სხდომაზე დასწრებით მონაწილეობის მიღება მომიხდება მის მიერ ორგანიზებულ მორიგ პიარ-მასკარადში“...
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასწრებაზე უარი უთხრა. უსუფაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ანდრო ბარნოვს საპასუხო წერილით მიმართავს და მისი გადაწყვეტილების შესახებ ამცნობს.
„გავეცანი თქვენს საჯარო განცხადებას, რომლითაც მაცნობეთ პრეზიდენტის თხოვნა შაბათს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მცოცავი ოკუპაციისა და სოჭის ოლიმპიადის საკითხების განხილვის თაობაზე.
საჯაროდვე გთხოვთ, გადასცეთ ბატონ პრეზიდენტს, რომ უშიშროების საბჭოს ამ სხდომაზე დასწრებით მონაწილეობის მიღება მომიხდება მის მიერ ორგანიზებულ მორიგ პიარ-მასკარადში, რომელიც გამოიწვევს უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტების (საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს უშიშროების საბჭო) შემდგომ დისკრედიტაციას და სერიოზული სახელმწიფოებრივი საკითხებისადმი (მცოცავი ოკუპაცია, მოქალაქეების უსაფრთხოება) არასერიოზული დამოკიდებულების დემონსტრირებას.
ამის სურვილი არ მაქვს, ვერ გეახლებით და თავადაც გირჩევთ, დაფიქრდეთ“... -ნათქვამია დავით უსუფაშვილის წერილში.