საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
კანონმდებლობა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები პრემიერის უფლებებს ზღუდავს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/10/04 18:30:46

პარლამენტმა 4 ოქტომბერს მესამე და საბოლოო მოსმენით 103 ხმით ერთხმად მიიღო კონსტიტუციაში ცვლილებები, რომელიც პრემიერ-მინისტრის გარკვეულ უფლებამოსილებებს ზღუდავს ახალ საკონსტიტუციო მოდელში, რომელიც ძალაში 27 ოქტომბერს არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან შევა.

ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ მხარი დაუჭირა ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. პირველად პრეზიდენტ სააკაშვილის პარტიის მხარდაჭერით პარლამენტმა მარტში შეიტანაცვლილებები კონსტიტუციაში, რომლითაც პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიზღუდა.

4 ოქტომბერს მიღებული კანონპროექტის თანახმად, რომელიც ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას პრეზიდენტი სააკაშვილი მოაწერს ხელს, პარლამენტს დარჩება ბერკეტი, რომ მთავრობის წევრთა 1/3-ით განახლების შემთხვევაში, ხელახლა გამოუცხადოს ნდობა პრემიერ-მინისტრს და მის კაბინეტს; ამჟამად მოქმედი ამ დებულების ძალაში დატოვება ნიშნავს იმას, რომ პრემიერ-მინისტრს აღარ მიენიჭება უფლება, რომ პარლამენტის გვერდის ავლით გამოცვალოს მთავრობის მთლიანი შემადგენლობა.

გარდა ამისა, ცვლილებების მიხედვით, უქმდება ახალ კონსტიტუციაში ჩადებული დებულება, რომელიც უფლებამოსილებას აძლევდა პრემიერ-მინისტრს, რომ ნებისმიერ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხი დაესვა, რის შემდეგაც პარლამენტს ორი არჩევანი რჩებოდა: ან კანონპროექტის ერთი მოსმენით დამტკიცება ან მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება.

ასევე ცვლილებების შედეგად, კონსტიტუციას ემატება ბიუჯეტის კანონის მიღებასთან დაკავშირებული ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში ვერ მიიღებს ბიუჯეტის კანონს, მაშინ ეს ავტომატურად ჩაითვლება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრად, ხოლო თუ პარლამენტი ვერ შექმნის ახალ მთავრობას, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს.

ამჟამად მოქმედი ნორმით, ბიუჯეტის დაუმტკიცებლობას შესაძლოა მოჰყვეს პრეზიდენტის მიერ მთავრობის გადაყენება ან პარლამენტის დათხოვნა.

ამასთან, ქართული ოცნების მიერ ასევე ინიცირებულია კონსტიტუციაში ცვლილებების სამი პროექტი: ერთი ეხება კონსტიტუციის გადასინჯვისთვის საჭირო კვორუმის 2/3-ზე შენარჩუნებას, ნაცვლად იმისა, რომ ის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ¾-მდე გაიზარდოს; მეორე კანონპროექტი იმ დებულების გაუქმებას ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელად ქალაქ ქუთაისს განსაზღვრავს; ხოლო მესამე პროექტი უფლებას აძლევს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს დაიკავონ პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობები, რაც ამჟამად აკრძალულია - ამ კანონპროექტების განხილვა პლენარულ სხდომაზე ჯერ არ დაწყებულა.

 

წყარო: http://www.civil.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2155
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია