დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წინასაარჩევნო გარემო ევროპის თვალით
საქართველოში საარჩევნო გარემო „უფრო ღიაა და თანაბრად კონკურენტული“
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/26 20:17:27

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციამ, რომელიც ორდღიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობდა, განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოში საარჩევნო გარემო „უფრო ღიაა და თანაბრად კონკურენტული“, ვიდრე ეს იყო ადრე ჩატარებულ სხვა არჩევნებზე. 

ექვსწევრიანი დელეგაცია საქართველოს 24–25 სექტემბერს სტუმრობდა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ არსებული სიტუაციის შესაფასებლად.

„საქართველოს აქვს შესაძლებლობა ჩაატაროს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მისი მოქალაქეების ნდობით ისარგებლებს და ევროპის საბჭოს სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ეს ქვეყნისა და რეგიონისთვის შესანიშნავი მიღწევა იქნება“, – აღნიშნა დელეგაციამ 25 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში, „ამის მისაღწევად საჭიროა, რომ საარჩევნო კამპანიის დროს გამოირიცხოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის და ოპოზიციის მხარდამჭერთა დაშინების შემთხვევები, ზეწოლა ოფიციალურ პირებზე, რომ ვადაზე ადრე გადადგნენ იმ პოსტებიდან, რომლებზეც ისინი აირჩიეს ან დაინიშნენ, და ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების არამართლზომიერი ჩარევა საარჩევნო პროცესში. შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გამოიძიონ საარჩევნო კამპანიის დარღვევების შესახებ არსებული ნებისმიერი ბრალდებები; მყარი და პროპორციული სანქციები უნდა იქნას გამოყენებული, რათა სამომავლოდ დარღვევები თავიდან იქნას აცილებული და საზოგადოებას უნდა ეცნობოს გატარებული ზომების შესახებ“.  

ვიზიტის დროს დელეგაციის წევრები ძირითად საპრეზიდენტო კანდიდატებს, პრემიერ–მინისტრ ივანიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებსა და დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდნენ.

„დელეგაციამ კმაყოფილებით აღნიშნა ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის არსებული კონსენსუსი საარჩევნო კანონმდებლობაში და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში პარლამენტის მიერ 2013 წლის ივლისში და აგვისტოში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ახლა აუცილებელია, რომ შეცვლილი კანონმდებლობა ეფექტურად განხორციელდეს, კერძოდ აიკრძალოს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, უზრუნველყოფილი იქნას ამომრჩეველთა სიების სიზუსტე, დაფინანსების წყაროების და პოლიტიკური პარტიების და კანდიდატების მიერ განხორციელებული ხარჯების გამჭირვალობა და კონტროლი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, დელეგაციას აცნობეს „უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობის შემთხვევების შესახებ“.

„ამ თვალსაზრისით, იგი მიუღებლად მიიჩნევს მგრძნობიარე ეთნიკური და რელიგიური საკითხების პოლიტიკურ გამოყენებას საარჩევნო მიზნებისთვის, განსაკუთრებით ისეთ მრავალეთნიკურ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა“. – ნათქვამია დელეგაციის განცხადებაში.

PACE-ს დელეგაციამ  ცენტრალური საარჩევნო კომისიის „კომპეტენტური მუშაობაც“ აღნიშნა.

 „კანონმდებლობაში შემდგომი გაუმჯობესებაა საჭირო იმისათვის, რომ გაიზარდოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობა საარჩევნო კომისიების ყველა დონეზე“, – განაცხადა დელეგაციამ.

მან სინანული გამოთქვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო არსებული „კონფლიქტური სიტუაციის“ გამო და „პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის დებატების ჩატარებისკენ“ მოუწოდა.

ექვსწევრიანი დელეგაციის ხელმძღვანელი იყო მერიქსელ მატეუ პი (ანდორა) ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან ევროპისთვის (ALDE); დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ანდრეს ჰერკელი (ესტონეთი) ევროპის ხალხთა პარტიიდან; ჯონ ტომლინსონი (გაერთიანებული სამეფო) სოციალისტური ჯგუფიდან; კრისტოფერ ჩოპე (გაერთიანებული სამეფო) ევროპელი დემოკრატების ჯგუფიდან; ვასილი ლიხაჩევი (რუსეთი) გაერთიანებული ევროპელი მემარცხენეების ჯგუფიდან და ბორის სილევიჩი (ლატვია) სოციალისტური ჯგუფიდან, რომელიც PACE–ს თანამომხსენებელია საქართველოს საკითხებზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2311
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია