საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველო–რუსეთის ურთიერთობები
პრემიერ-მინისტრი მავთულხლართების გავლებას სოჭის ოლიმპიადას უკავშირებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/26 17:16:44

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ადმინისტრაციულ საზღვრებთან რუსული ძალების მიერ მავთულხლართების გავლება უკავშირდება 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადას, რისი ჩატარების შემდეგაც „ძალიან ბევრი გამოიკვეთება“ რუსეთთან ურთიერთობებში.

„მე ვფიქრობ, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდგომ, მე არ ვიცი ეს რამდენად საჯაროდ უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი ინფორმაციით, რაც ვიცი მე ფორმალურად თუ არაფორმალურად - მე პირდაპირი არაფერი არ მაქვს, მაგრამ რაც მოდის ევროპელებიდან და ვიცი ზოგადად - ის რაც ხდება ახლა მავთულხლართების გამაგრება და ა.შ., ეს ყველაფერი უკავშირდება ოლიმპიადას“, - განაცხადა მან ექსპერტებთან და პოლიტოლოგებთან 26 სექტემბერს გამართულ სატელევიზიო შეხვედრაზე.

„ახლა მთელი რუსეთი გადაგებულია ამ თემაზე, რომ როგორმე მშვიდობიანად ჩაატარონ ოლიმპიადა. ჩვენ ჩვენი მხრივ აბსოლუტურად გახსნილად, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პირობები შევუქმნათ და მაქსიმალურად დავეხმაროთ“, - აღნიშნა მან.

ამ კონტექსტში ივანიშვილმა მოიყვანა ბათუმში მომხდარი სროლისდროს იუსუფ ლაკაევის დაკავება, რომელიც ეჭვმიტანილია სოხუმში რუსი დიპლომატის მკვლელობაში და ასევე ფიგურირებს იმ პირთა სიაში, რომლებსაც რუსეთის უშიშროების სამსახურების მტკიცებით კავშირი აქვთ ტერორისტულ საქმიანობასთან.

„ესეც [ლაკაევის დაკავება] ამას უკავშირდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ ღირსეულად ჩაატარონ ეს ოლიმპიადა და მონაწილეობასაც მივიღებთ“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მავთულხლართების გავლება, რაც „ძალიან სამწუხაროა და ძალიან მძიმეა“, არც რუსეთს აწყობს დღეს და არც მათ პოლიტიკაში შედის, მაგრამ ეს ოლიმპიადის გამო კეთდება. 
 
„მე ვფიქრობ, რომ სანამ ოლიმპიადა არ დასრულდება, კარგად ვერ გავერკვევით ჩვენ რეალურად ჩვენს დამოკიდებულებებში ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან. ჩვენი მხრიდან, ჩვენ მაქსიმალურ მოთმინებას ვამჟღავნებთ, ამავდროულად პრინციპულად მივუთითებთ და ხმას ვიმაღლებთ, რაც შეგვიძლია, დარღვევებზე“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, თბილისის თხოვნის საფუძველზე ევროპაც და ამერიკაც ე.წ. საზღვრის გავლების პროცესზე აქტიურად რეაგირებს, მაგრამ ისინი, მისი თქმით, „ამაზე მეტად რუსეთთან კონფრონტაციაში“ არ შევლენ „ჩვენი გულისვის“.

მან ასევე მიმართა აფხაზებსა და ოსებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების განზრახვაა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს კონფლიქტები.

„კიდევ ერთ სიგნალს გავუგზავნი აფხაზებს და ოსებს: არავინ არ გაივლოთ და არც იფიქროთ, ჩვენ ხელისუფლებას ეს თავში არ გვაქვს, რომ რაიმე მეთოდებით ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავიბრუნოთ ტერიტორიები. ტერიტორიები - არა. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და შევქმნათ ისეთი პირობები  და დავარწმუნოთ ჩვენი ძმები, რომ ჩვენთან ცხოვრება მათთვის იქნება უკეთესი. ეს არის ერთადერთი და ძირითადი, რითიც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ შედეგი და მე დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ამ პროცესში „აფხაზებს და ოსებს შევუქმნით ისეთ პირობებს, რომ მათ ექნებათ უფრო მეტი ძალა, მეტი ფასი და წონა ამ საკითხების გადაჭრის და რუსეთს ნაკლები“.

"civil.ge"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2148
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია