საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დავით სერგეენკო: „სოფლის ექიმები ხელფასის ნაწილს მომავალ კვირაში მიიღებენ"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/25 14:45:02

სადაზღვევო კომპანიებს და სოფლის ამბულატორიების ექიმებს შორის დავა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. ექიმებმა პარლამენტთან აქციაც გამართეს. როგორც ზესტაფონის სოფლების ექიმები psnews.ge-სთან საუბარში აცხადებდნენ, სადაზღვევო კომპანია „ჯეო ჰოსპიტალსმა“ აპრილის თვიდან ხელფასის გადახდა შეუწყვიტა და ექიმები, 500 ლარის ნაცვლად, მხოლოდ  სახელმწიფოს მიერ გადახდილ 250 ლარს იღებენ. აღსანიშნავია, რომ ამ თანხით ამბულატორიის მედპერსონალს კლინიკებისათვის პირველადი მოხმარების ნივთები და მედიკამენტები უნდა შეეძინათ.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ჯეო ჰოსპიტალსის“ ზესტაფონის რეგიონალური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ლია ებანოიძემ. ებანოიძე აღნიშნავდა, რომ წინა ხელისუფლების დროს სადაზღვევო კომპანიებს დიდი პასუხისმგებლობა დააკისრეს, რის გამოც კომპანიები გაკოტრების პირას მივიდნენ.

„ჩვენ არ გავურბივართ იმ დავალიანების გადახდას, რაც „ჯეო ჰოსპიტალს" დარჩა, მაგრამ მომავალ თვეებში ვეღარ გავაგრძელებთ ხელფასების გადახდას. ეს სახელმწიფოს მოვალეოობაა და სახელმწიფომ თავისი ვალდებულება უკან წაიღოს. ჩვენ ვთავაზობთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ ხელფასები სამინისტრომ დაარიგოს, ჩვენ კი ჩვენის მხრივ, ჩვენთან დაზღვეულ თითოეული ადამიანის მომსახურებისათვის ბონუსის სახით გადავუხდით გარკვეულ თანხას, რაც ექიმის ხელფასს კიდევ უკვე გაზრდის"-აღნიშნავდა ებანოიძე

როგორც psnews.ge-მ გაარკვია, სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებული პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია და სოფლის ამბულატორიის ექიმებს სადაზღვევო კომპანიისგან კუთვნილი ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ. სადაზღვევოს მიერ დავალიანების დაფარვას ელოდება ჯანდაცვის სამინისტროც. მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, როგორც კი სადაზღვევო კომპანიები არსებულ დავალიანებას დაფარავენ, სამინისტროს ინიციატივით, ამბულატორიები მუშაობის ახალ, გაცილებით გამართულ სისტემაზე გადავლენ

„ამ ეტაპზე სოფლის ამბულატორიები, როგორც ასეთი, ფაქტობრივად, არ არსებობენ. ეს ექიმები არიან კერძო პირები, რომელთაც გაფორმებული აქვთ ხელშეკრულებები და ისინი სამკურნალო აქტივობებს ახორციელებენ მათთვის საერთოდ გაუგებარ დაწესებულებებში, ანუ ეს არის საერთოდ დაშლილი სისტემა, რომელშიც ჩვენ ვეცადეთ ლოგიკის ნახვა, მაგრამ ვერ მოვნახეთ. ნუ, ახლა გვაქვს ის, რაც გვაქს. პირველი – აუცილებელი პირობაა, რომ სადაზღვევო კომპანიამ დავალიანება უნდა დაფაროს. მე მივიღე დაპირება სადაზღვევო კომპანიისგან, რომ შემდეგ კვირაში დავალიანების დიდი ნაწილი დაიფარება, ხოლო რაც დარჩება, მცირე ნაწილი, მისი დაფარვაც მალევე მოხდება. ამის შემდგომ კი ჩვენი ხედვა არის ის, რომ სოფლის ექიმი უნდა იყოს ერთიანი ჯანდაცვის სიტემის ნაწილი. ჩვენ საქმის ყურში უნდა ვიყოთ, რა ულხინს, რა უჭირს და როგორ მუშაობს ის. მე ახლა ამას ვერ ვაკეთებ, რადგან არ მაქვს მორალური უფლება, რომ მათ მოვკითხო: აბა, რა იმუშავეთ და ასე შემდეგ. მთავარია, დასრულდეს დავალიანებების დაფარვა. თუ როგორი იქნება ეს პროექტი, ამას შემდგომში უფრო დეტალურად განვიხილავთ.“ -ასე უპასუხა დავით სერგეენკომ psnews.ge-ს დასმულ შეკითხვას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3871
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია