დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასამართლო გადაწყვეტილება
სამართლებრივი აბსურდი თუ დასაბუთებული გადაწყვეტილება?
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
2013/09/16 13:25:24

რატომ უთხრეს უარი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე

 

სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობას ვერ მიიღებს. ორი ინსტანციის  სასამართლომ მიიჩნია, რომ ის პრეზიდენტობის მსურველი პირებისათვის დაწესებულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

სასამართლომ განმარტა, რომ მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ მოთხოვნაზე, რომლის თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. იგივე მუხლის მე-1¹ ნაწილის მიხედვით კი საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა არ შეიძლება  ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სასამართლომ ჩათვალა, რომ, კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის შესაბამისი ნორმების ერთობლივი ანალიზიდან გამომდინარე, განსაზღვრულია  იმ კრიტერიუმების წრე, რომელთა  არსებობის შემთხვევაში  გამორიცხულია  კანდიდატად რეგისტრაცია და ეს ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ორმაგი მოქალაქეობა.

„სასამართლოს მიიჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც კანონმდებელმა დაუწესა პრეზიდენტობის მსურველ პირებს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1¹ ნაწილით და, შესაბამისად, კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, ეთქვა უარი პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე,“ - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის უფლება და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არასწორად უთხრა უარი მას კანდიდატად რეგისტრაციაზე.  სალომე ზურაბიშვილის უფლებებს სასამართლოში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) იცავდა. საიას განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის უარი დაუსაბუთებელი იყო.

„არც საარჩევნო კოდექსი და არც საქართველოს კონსტიტუცია არ მოითხოვს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს ჰქონდეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა. კონსტიტუციის 70-ე და საარჩევნო კოდექსის 96-ე მუხლებში, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებისთვის სავალდებულო კრიტერიუმების საკმაოდ დეტალურ ჩამონათვალს მოიცავს, არაფერია ნათქვამი ორმაგ მოქალაქეობაზე. ერთადერთი რეგულაცია, რომელიც ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვას ეხება, ეს არის კონსტიტუციის 29-ე მუხლის 1¹ პუნქტი. თუმცა, აღნიშნული მუხლი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას უკრძალავს და არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. შესაბამისად, თუ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი გაიმარჯვებს არჩევნებში, იგი უბრალოდ დატოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას და კონსტიტუცია არ დაირღვევა“ - მიაჩნია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს.

ამასთანავე, TI-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, როგორც თანაზომიერებისა და პროპორციულობის პრინციპი მოითხოვს, კონსტიტუციის მიზნის მისაღწევად გამოყენებული უნდა იქნას უფლების ყველაზე უფრო ნაკლებად შემზღუდველი ზომა. ამ შემთხვევაში მიზანი - საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქემ - თავისუფლად მიღწევადია, თუ სალომე ზურაბიშვილს მიეცემოდა კანდიდატად რეგისტრაციის უფლება და გამარჯვების შემთხვევაში იგი დატოვებდა საფრანგეთის მოქალაქეობას.

„დღევანდელმა სასამართლოს გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ საქართველოში დემოკრატია ცუდ დღეშია. სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნა ყოველგვარ არგუმენტსაა მოკლებული. დღევანდელი დღით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ საქართველოს დამოუკიდებელი სასამართლო არ ჰყავს,“ - განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას. 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კი ამბობს, რომ ხელისუფლებაზე აქცენტების გადმოტანა ამ შემთხვევაში არასწორია. პრემიერის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი ვერ დარეგისტრირდა, თუმცა, ისიც სამწუხაროა, რომ ის აქცენტების გადმოტანას ხელისუფლებაზე ცდილობს.

 „ძალიან სამწუხაროა, რომ ვერ დარეგისტრირდა სალომე ზურაბიშვილი, თუმცა ისიც სამწუხაროა, რომ ის ცდილობს, აქცენტები გადმოიტანოს ჩვენზე, ხელისუფლებაზე. ჩვენ ყველანი უნდა შევეჩვიოთ, მე, პირადად, ყველანაირად ვცდილობ, რომ რაც არ მევალება, არ შედის ჩემს უფლებებში, არ ვისარგებლო და არ გამოვიყენო, ძალიან ფრთხილად ვეკიდები სასამართლოს  და ძალიან ვცდილობთ, რომ ჩაიხსნას ძველი გავლენა სასამართლოზე და ვერავინ ვერ გაბედავს ახალი ხელისუფლებიდან, მათ აზრადაც მოუვიდეს, რომ მოახდინოს სასამართლოზე გავლენა. ჩვენ უნდა მივაღწიოთ და მივიღოთ თავისუფალი სასამართლო, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისია. ეს არ არის პრემიერის პრეროგატივა. რა თქმა უნდა, მე დავინტერესდი სალომე ზურაბიშვილის საკითხით და მქონდა საუბარი უსუფაშვილთან და სხვა პოლიტიკოსებთანაც, იქ ვერ ნახეს სწრაფი გამოსავალი, რომ რაიმე შეცვლილიყო,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული არგუმენტების მიუხედავად, სასამართლომ ცესკოს თავმჯდომარის ბრძანება დასაბუთებულად მიიჩნია და ძალაში დატოვა, შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობას ვერ მიიღებს. მიუხედავად ამისა, ის ბრძოლას აგრძელებს, მაგრამ არა როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, არამედ როგორც პოლიტიკური ძალა.

„ეს არის ჩემი პოლიტიკური უფლებების დიდი დარღვევა და ამავე დროს სამართლებრივი აბსურდი. მე არა როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, არამედ როგორც პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, ისე ვაგრძელებ ბრძოლას. ეს არის პრინციპული ბრძოლა,“ განაცხადა ზურაბიშვილმა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სტრასბურგში გეგმავს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2994
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია