დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკა
დაარღვია თუ არა ივანიშვილმა ქართული პოლიტიკის მთავარი ტაბუ?
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
2013/09/16 13:12:50

ბიძინა ივანიშვილის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააყენა  ეჭვქვეშ. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების თქმით, ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით პრემიერის განცხადება  საგარეო-პოლიტიკური ვექტორის რუსეთისკენ მიბრუნებას ნიშნავს.

 

„თუ ევრაზიულ კავშირს რაიმე თანხვედრა ექნება ქვეყნის ინტერესებთან, ისე რომ საქართველოს მიერ გაცხადებულ ძირითად სტრატეგიას არ შეეწინააღმდეგება, მომავალში ამ საკითხსაც განვიხილავთ,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ევრაზიულ კავშირში საქართველოს შესაძლო გაწევრიანების თაობაზე კითხვის პასუხად. 

ამ განცხადებას ოპოზიციამ იმდენად „ხმაურიანი“ კომენტარები მოაყოლა, რომ პრემიერ-მინისტრს დამატებითი განმარტებების გაკეთება მოუხდა. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის თქმით, მან ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება უნიჭო ხალხისთვის - „ნაციონალური მოძრაობისა“ და გიგა ბოკერიასთვის გააკეთა.

 „ბოკერიასა და მისი მსგავსებისთვის დავამატებ, რომ ამის განმარტება საჭირო არ იყო. წინა დღით ამბასადორიალზე მქონდა გამოსვლა, სადაც რამდენჯერმე მოვიხსენიე, რომ საქართველოს ქვაკუთხედი ევროპული და ევროატლანტიკური სივრცეა. ამას ვამბობ პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან და მთელი ჩემი გუნდი ამას აცხადებს. ქვეყნის სტრატეგია არის ის, რაც სასიკეთოა ქვეყნისთვის. როცა აცხადებ, რომ შენი ქვეყნის სტრატეგია ევროპაა და ევროატლანტიკური სივრცეა და ამის შემდგომ ქვეტექსტში რაღაც გაერთიანებაზე გეკითხებიან, თუ შეიძლება თეორიულად მასში გაერთიანება, მე ვუპასუხებ, რომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, ვუყურებთ და თუ ეს ჩემი ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, რატომაც არა. ეს ნორმალური ადამიანისთვის არ საჭიროებს დამატებით განმარტებას. რომ არ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოკერიები, ეს შეკითხვა არავის არ გაუჩნდებოდა,“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის ნათქვამს სააკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ივანიშვილმა ქართული პოლიტიკის მთავარი ტაბუ დაარღვია.“

 „ბოლო დღეებში პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ქართული პოლიტიკის მთავარი ტაბუ დაარღვია... მთავარი ისაა, გავიგოთ, თუ რასთან გვაქვს საქმე. რას ნიშნავს ეს დებატი ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის. თავს ნუ მოვიტყუებთ, ეს ის არაა, რომ ვიყიდო, გავყიდო, ეს არ არის ჩვეულებრივი პრაგმატული არჩევანი ევროპასა და ევრაზიას შორის. ამ არჩევანს აქვს კონკრეტული პოლიტიკური გაგრძელება,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 ევრაზიულ კავშირზე გაკეთებული განცხადება პრემიერს დაუწუნა ქდმ-ის საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი თარგამაძემაც, რომლის თქმითაც, პრემიერ-მინიტრმა ამ განცხადებით ევროკავშირს ზურგი შეაქცია.

 „საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება არ გამორიცხა. ორ რამეს მინდა, გავუსვა ხაზი - პირველი, ეს ხდება იმის პარალელურად, რაც ზუსტად ერთი დღით ადრე, სომხეთმა, ანუ სახელმწიფომ, რომლის საგარეო პოლიტიკაც რამდენიმე თვის წინ სომხეთში ვიზიტის დროს სამაგალითოდ მიიჩნია პრემიერმა, უკვე ოფიციალურად განაცხადა თანხმობა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შესახებ, რითაც, ფაქტობრივად, ევროკავშირში ინტეგრაციას ზურგი შეაქცია. პრემიერის ეს განცხადება არის მცდელობა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების თემაზე დისკუსიის ლეგალიზებისა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ეს არ არის შემთხვევითი,“ - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

 ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების თაობაზე საუბარი კოალიციის შიგნით, როგორც ჩანს, მართლაც მიმდინარეობს, რადგან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.“

„ამ საკითხზე საუბრები მიმდინარეობს, თუმცა მთავარია, ჩვენი გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში არ მოვიდეს არც ერთ მიმართულებასთან, რომელიც საქართველოს აქვს არჩეული. არ შეიძლება, არასერიოზული განცხადებების გაკეთება, მით უმეტეს მაშინ, როცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთთან და ხშირად ეს მოლაპარაკებები წარმატებულია,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. მისივე თქმით, საქართველომ ისტერიული განცხადებების სტილი უნდა მოიცილოს.

თუმცა, ვოლსკის ნათქვამის საპირისპიროს ამბობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ირაკლი ალასანიას განცხადებით, „ევრაზიული კავშირის საკითხის განხილვა მთავრობაში არ ყოფილა.“

„ამ საკითხის განხილვაც კი არ ყოფილა მთავრობაში, ხელისუფლებაში. ეს დღის წესრიგში არც დგას და პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა სწორედ ის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. მე ვთვლი, რომ ჩვენი ძალიან ნათლად გამოხატული პრიორიტეტი არის პერსპექტივა ევროპაში, ევროპულ საზოგადოებაში ჩვენი გაწევრიანების და ეს ერთადერთ საგარეო პოლიტიკურ ორიენტირად დარჩება,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

შემთხვევითი იყო თუ არა ივანიშვილის განცხადება ევრაზიულ კავშირზე, თუ ამას მართლაც მოჰყვება დიალოგის დაწყება ამ თემაზე, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, ასეთი „შემთხვევითი“ განცხადებების შემდეგ ივანიშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს უკვე  ხშირად უხდებათ დამატებითი განმარტებების გაკეთება. ქდმ-ის ლიდერის გიორგი თარგამაძის თქმით, პრემიერის მიერ  სომხეთის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შემთხვევაშიც იყო საუბარი, რომ ივანიშვილი არ იყო გარკვეული სინამდვილეში და ეს იყო შემთხვევითი განცხადება.

 „ბევრს ეგონა, რომ ივანიშვილი არ იყო გარკვეული, სინამდვილეში როგორია სომხეთის საგარეო პოლიტიკა და ამის შემდეგ ბევრი ახსნა-განმარტება დასჭირდა საქართველოს საგარეო უწყებას და თავად ივანიშვილსაც, რომ ეს ყველაფერი განემარტა. ამ ყოველივეს შემდეგ თუ კი ჩვენ ვუშვებთ ასეთ შეცდომებს, ეს უკვე ნიშნავს, რომ ეს არ არის შემთხვევითი შეცდომა და ეს პოლიტიკის ნაწილია,“ - აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2326
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია