საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
იუმორი
„სიცილის კარდიოგრამა“ 80 წლის ვაჟა ჭყონიასაგან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/16 12:41:59

ბაღისკიდური იუმორის გრანდს, გამორჩეულ ქუთაისელს, ჩვენი გაზეთის დიდ მეგობარს, ბატონ ვაჟა ჭყონიას 80 წელი შეუსრულდა. დიდი სიყვარულით ვულოცავთ იუბილეს და ვუსურვებთ, მისი ფხიანი სიტყვა, ლამაზი იუმორი კიდევ მრავალ წელს ამშვენებდეს ქალაქური ფოლკლორის საგანძურს!

გთავაზობთ რამდენიმე ჩანაწერს ბატონი ვაჟას წიგნიდან „სიცილის კარდიოგრამა.“

 

 

სამპირა

ბიძინიჩს ვკითხე, სადაურია შენი სიდედრი-მეთქი.

- ორპირელი, მაგრამ სამი პირი აქვსო.

- ოჯახის მოყვარული თუა-მეთქი.

- როგორ არაო, - მიპასუხა. - იმნაირი კეთილისმყოფელია, კვერცხის გულში ქათმის ძვალს ეძებსო.

 

 

შესვენებაზე

 

მე თვითონ წავესწარი, მეზობლის ცოლი სკამზე დგას და ჭაღს წმენდს. ქმარი ფეხბურთს უყურებს. ცოლი უყვირის:

- კაცო, თუ ჩამოვვარდი, იქნებ შესვენებისას სასწრაფო გამოიძახო?!

 

ნაბახუსევზე

მეგობრებმა თანაკლასელს, სულგანათლებულ გურამ აბესაძეს, ქალიშვილი გავაცანით და შევუჩნდით: ხომ ხედავ, კარგი გოგოა. შეხვდით ერთმანეთს, თუ ხასიათს აუწყობთ, ოჯახის შექმნაზეც იფიქრეთ-თქო.

- რა გვარია? - დაინტერესდა გურამი.

- მჟავანაძე.

- აუ, რა იქნება ნაბახუსევზეო!

 

წლეულსაც პარიზი

- წლეულსაც მინდა პარიზში წასვლა! - ვეუბნები მეგობარს.

- რავა, შარშან უკვე იყავი?

- არა, შარშანაც ძალიან მინდოდა წასვლა.

 

მოსახვევში დაჭერილი თევზები

ომარს თბილისელები ეწვივნენ და ქალაქგარეთ, ტყეში გაუწყო პურმარილი. ოფიციანტმა რიონის წვერა შემოიტანა. ლანგარზე ოთხი თევზი იდო. სამი ჩვეულებრივია, ერთი - საგრძნობლად მოღუნული.

თბილისელთაგან ერთ-ერთი დაინტერესდა:

- ბატონო ომარ, ეს თევზი რატომ არის მოღუნული?

ომარი არც დაფიქრებულა, ისე მოუჭრა:

- მოსახვევში დაიჭირეს, იქ, სადაც ყვირილა რიონს უერთდებაო.

 

თაიგული

გიზო კაკაურიძემ მიამბო: ჩემი მეზობლის დაკრძალვისას იმდენი ხალხი მოვიდა, მკვდრის დამატება დაგვჭირდაო.

- შენი მეუღლის მიტანილ თაიგულს ბევრი აქებდა... - შევახსენე.

- სწორი ხარ, ჩემო ვაჟა, - მეუბნება გიზო, - ისეთი ლამაზი თაიგული იყო, რომ მიცვალებულმა თვითონ გამოართვა.

უმუშევრები

 

- სად მიდიხარ? - ვეკითხები მეგობარს, რომელიც, კარგა ხანია, არსად მუშაობს.

- არ ვიცი, ვერ გეტყვი, სად მივდივარ.

- მეც წამოვალ, თუ შეიძლება. - ვთხოვე და მასთან ერთად გავუყევი გზას.

 

რატომ ვატარებ ყავარჯნებს?

 

იმერეთის ერთ-ერთ კოპწია სოფელში დამპატიჟეს. ისეთი სუფრა გაიშალა, საგანგებოდ დახატული გეგონებოდა. დიასახლისი თავზე დაგვტრიალებდა და ცდილობდა, დრო სასიამოვნოდ გაგვეტარებინა. ხან ხაჭაპური შემოამატა სუფრას, ხან მწვადები, ბოლოს კეცზე შემწვარი ვარიკები შემოიტანა, თან მეუბნება:

- მიირთვით, ბატონო, წიწილის ხორცია. მაყვლის წვენიც აგერ დევს, ამოავლეთ და გესიამოვნებათ.

მადლობა მოვახსენე, მაგრამ ქათმის ხორცი მაინც და მაინც არ მიყვარს და არ გადამიღია.

- მოიტეხეთ ბარკალი, ბატონო! - მაძალებს დიასახლისი.

ისევ მადლობას მოვახსენებ, მაგრამ კვლავ ვუარობ.

- თუ ბარკალი არ გიყვართ, მაშინ კისერი მაინც მოიტეხეთ, ჩემო ბატონო...

იმ დღეს ისე გულიანად მეპატიჟებოდა ის ქალბატონი, რომ ხათრი ვეღარ გავუტეხე და... კისერი ვერა, მაგრამ ფეხი ნამდვილად მოვიტეხე.

ჰოდა, მას შემდეგ ყავარჯნით დავდივარ.

 

სიხარული

 

 

- რა კარგი ყოფილა სკლეროზი, ყოველდღე ახალ ამბავს ვიგებ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია