დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში მცხოვრები დევნილები: "სამინისტროსგან დაპირებების მეტი არაფერი მიგვიღია“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/14 20:41:01

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უყურადღებობაში ამჯერად ქუთაისში, გუგუნავას 12 ნომერში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ადანაშაულებს.

30-მდე ოჯახი პროფტექნიკუმის ლიცეუმის საერთო საცხოვრებელში 1993 წლიდან ცხოვრობს. როგორც დევნილები  აცხადებენ, ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ შენობის სახურავი გამოცვალეს და საერთო საპირფარეშოები გაარემონტეს.

თუმცა, შენობის ოთხ სართულზე განთავსებული საპირფარეშოების ნახვისას ჩნდება შთაბეჭდილება, რომ შესაბამის სამსახურებს სარემონტო სამუშაოების დანიშნულება სხვაგვარად ესმით, აბანოების აუცილებლობა კი საერთოდ არავის   გახსენებია.

„რა გაგვიკეთეს? არც ძველს და არც ახალ მთავრობას არ გავხსენებივართ. მოვლენ, დაგვპირდებიან და დაიკარგებიან. ერთხელ სახურავი გამოცვალეს და ისიც ისეაა, წყალი ჩამოგვდის. ტუალეტები ვითომ გაკეთეს და ნამდვილი ანტისანიტარიაა, ვერაფერს გავხდით. ამას თუ რემონტი ქვია. „კაფელიც“ კი არ არის ბოლომდე დაგებული. აბანოები საერთოდ არ გვაქვს, ალბათ, ფიქრობენ, რომ დევნილები არ ბანაობენ. ნუთუ იმის ღირსები არ ვართ, შენობა გაგვირემონტონ და ადამიანურად ვიცხოვროთ?  სად წავიდა ის თანხა, რაც ამ შენობის გასარემონტებლად გამოიყო? დარწმუნებულები ვართ, რომ აუცილებლად იქნებოდა ბიუჯეტში გათვალისწინებული, მაგრამ ჩვენამდე რატომ ვერ მოაღწია?“-აცხადებენ დევნილები.

მათივე თქმით, საერთო საცხოვრებლის ბინადრებმა შენობა საკუთარი სახსრებით მოაწესრიგეს.

„ახლა ზაფხულია და არა გვიშავს, ზამთარში ვერ გაჩერდებით აქ. ფანჯრები არ აქვს შენობას, რაც არის, იმათ ჩამონგრევის შიშით ვერ ვაღებთ. რამდენიმე თვის წინაც იყვნენ, აზომეს შენობა და იმის მერე აღარავინ გვინახავს. ბევრს არაფერს ვითხოვთ, ცოტა მოაწესრიგონ შენობა, რომ ცხოვრება შეიძლებოდეს. პატარების გაჩერება ხომ საერთოდ შეუძლებელია, ხალხი ქირით გავიდა, აქ რომ ვეღარ გაძლო. აღწერეთ ყველაფერი, კარგია, ჟურნალისტებს რომ მაინც გახსენდებით. იმედია, თქვენგან მაინც გაიგებს ჩვენი მინისტრი, რა დღეშიც ვართ, თორემ ჩვენ სანახავად აქ არავინ მოდის.....“-აღნიშნავენ დევნილები psnews.ge-სთან საუბრისას.

 

რა იგეგმება გუგუნავას 12 ნომერთან დაკავშირებით და რა პასუხი აქვს სამინისტროს დევნილების ბრალდებებზე, კომენტარისათვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დავუკავშირდით. დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის, მურად აბლოთიას განცხადებით,  გუგუნავას 12 ნომერში მდებარე შენობა უკვე ჩასმულია იმ შენობების სიაში, რომელთა გარემონტებასაც სამინისტრო მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყებს.


 

 „USAD-ის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს პროექტირება. დაახლოებით ორ კვირაში ჩვენ ვიწყებთ დევნილებთან შეხვედრებს და მათ პრობლემებს ადგილზე გავეცნობით. ოქტომბრის თვიდან კი ობიექტის სრული რეაბილიტაცია მოხდება. ასევე აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დევნილებს საჩუქრად საოჯახო ტექნიკა გადაეცემათ“.-აღნიშნავს მურად აბლოთია. მისივე განცხადებით, დევნილებისათვის იმერეთის მასშტაბით 26 ობიექტი გარემონტდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2590
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია