დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
შტატების შემცირების მოტივით გათავისუფლებას შტატების გაზრდა მოჰყვა
2013/07/17 11:53:29

სახალხო დამცველმა მესტიის გამგებელს რეკომენდაციით მიმართა

სახალხო დამცველის აპარატმა მოიკვლია მესტიის მუნიციპალიტეტში ორი საჯარო მოხელის გათავისუფლების ფაქტი და აღმოაჩინა, რომ რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების მოტივით გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვეს, რადგან არათუ შემცირება, მესტიის მუნიციპალიტეტში შტატების გაზრდაც მოხდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეკომენდაციით მიმართა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს კაპიტონ ჟორჟოლიანს,  შეისწავლოს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

სოფიო კვარაცხელიამ და მაია სორდიამ მათი სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით განცხადებებით მიმართეს სახალხო დამცველს. სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიჩნია, რომ მესტიის გამგეობამ საჯარო მოხელეების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები დაარღვია.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში შემდეგი ფაქტებია ასახული:

დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ 2013 წლის 18 თებერვლის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით სოფიო კვარაცხელია და მაია სორდია გათავისუფლდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურიდან. აღნიშნულ ბრძანებებს საფუძვლად დაედო 2013 წლის 3 იანვრის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის N1 ბრძანება „მესტიის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაციის (ლიკვიდაციის) და თანამშრომელთა საშტატო ერთეულების შემცირების შესახებ“ და 2013 წლის 11 იანვრის მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N2 განკარგულება „მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“.

როგორც აღმოჩნდა, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არათუ შემცირდა საშტატო ერთეულების რაოდენობა, არამედ ერთი შტატით გაიზარდა კიდეც.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელეს გასათავისუფლებლად. მოხელე შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას.

საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით, ასევე სასამართლო დადგენილებების, მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნებოდა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებას, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებული იყო, ობიექტურად შეეფასებინა სოფიო კვარაცხელიას და მაია სორდიას პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება მათი გათავისუფლების შესახებ.

გამოიკვეთა, რომ არსებობს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რომლითაც დასტურდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გამოცემისას  კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითად დარღვევის ფაქტი, რაც წარმოშობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის საფუძველს.

ამდენად, 2013 წლის 18 თებერვლის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის №159 ბრძანება სოფიო კვარაცხელიას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და 2013 წლის 18 თებერვლის მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის №160 ბრძანება მაია სორდიას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ნორმებს და არღვევს განმცხადებლების უფლებებს.

(ი.ბ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1430
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია