დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პირადი ცხოვრების ამსახველ უკანონო ვიდეომასალებს კვირას გაანადგურდებენ
2013/06/19 13:01:20

23 ივნისს დღის 3 საათზე სპეციალური კომისია შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მედიის თანდასწრებით პირადი ცხოვრების ამსახველ იმ მასალებს გაანადგურებს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ იქნა მოპოვებული და შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე ინახება.

ამის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება 18 ივნისს მიიღო, როცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორედ შეიკრიბა. კომისიის შემადგენლობაში ღარიბაშვილთან ერთად ასევე შედიან გენერალური პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ხელმძღვანელი ეკა გიგაური, საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი და გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორი ლაშა ტუღუში. 

კომისიისთვის წარდგენილი მასალების თანახმად, სულ შსს-ს არქივში 12 888 ფაილია დაცული, საიდანაც 54 დისკზე ჩაწერილი ფაილები პირადი ცხოვრების ინტიმურ სცენებს ასახავს, რომელშიც ფიგურირებენ პოლიტიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები; ხოლო 304 დისკზე პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ჩანაწერებია დახარისხებული, ძირითადად, ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების მონაწილეობით. 

როგორც კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ეკა გიგაურმა Civil.ge-ს განუცხადა, კვირას ის 54 დისკი განადგურდება, რომელიც ინტიმურ მასალებს აერთიანებს, ხოლო მეორე ეტაპზე უკვე დაგეგმილია პოლიტიკური შინაარსის მასალების იმ ნაწილის განადგურება, რომელიც გამოძიებისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს.

მისივე ინფორმაციით, დაიწყება გამოძიება, იმის დასადგენად, თუ რისთვის ხდებოდა პოლიტიკური შეხვედრების ფარული უკანონო ჩაწერა. „მნიშვნელოვანია, რომ გამოძიების ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ თავად ის პარტიებიც, რომლებიც უკანონო ფარული მიყურადების მსხვერპლი აღმოჩნდნენ“, - განაცხადა გიგაურმა.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე შემოთავაზების მიუხედევად, კომისიის წევრებმა უარი განაცხადეს უკანონო მასალების დათვალიერებაზე.

იმავდროულად, შსს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა 18 ივნისს განაცხადა, რომ უწყებში 19 ივნისს  დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას იგეგმება, სადაც წარდგენილი იქნება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის განხორციელების, ცემის, დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები. ამ მასალების ჩვენება ასევე იგეგმება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და მედია საშუალებების ხელმძღვანელებისთვის.

შსს-მ 17 ივნისს განაცხადა, რომ ეს ფირები სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებში იქნა ნაპოვნი იარაღთან, ნარკოტიკულ საშუალებებთან და წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველ არქივთან ერთად, „რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა, სხვადასხვა გაყალბებული და ფალსიფიცირებული ბრალდებებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში“.

წყარო "სივილ ჯორჯია"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1520
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია