თურქეთში დასრულდა სასამართლო პროცესი, რომელზეც 4 მოქალაქის საქმე იხილებოდა. ბრალდებულებს 90 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ისინი გაასამართლეს თურქეთის კურორტ ბოდრუმში დამსვენებელთათვის ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელის შეტანაზე, რასაც რუსეთის 5 მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა.
„ნოვაია გაზეტას” ცნობით, შემთხვევა მოხდა 2011 წელს, ბოდრუმში, ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიის მიერ ორგანიზებული იახტით ექსკურსიის დროს. 4 დაზარალებული თურქეთის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ერთი კი – მოსკოვის კლინიკაში. მათი გარდაცვალების მიზეზი გახდა ეთილის სპირტი, რასაც დიდი რაოდენობით შეიცავდა ვისკი „მრ.ბარდონ”, რომელიც ყველა მათგანმა მიიღო.
ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, თურქეთის სასამართლომ შემდეგი პრინციპით იმსჯელა - თითო გარდაცვლილზე სასჯელი 25-25 წელი. მისივე განმარტებით, ადვოკატების მუშაობის შედეგად დაგეგმილი სასჯელი შემცირდა და განსასჯელებს 90 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ოფიციალური სასამართლო გადაწყვეტილება, თურქეთის მოქმედი კანონმდებლობით, იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნა. შეიცვლება თუ არა განაჩენი, ჯერჯერობით, უცნობია.