დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ოპოზიცია არ ჩქარობს
2009/10/14 13:51:47

ჩვენ ახლაც წინასაარჩევნო რეჟიმში ვცხოვრობთ. ამის ყველაზე კარგი დადასტურება პრეზიდენტის ყოველდღიური ვოიაჟებია. ოფიციალური ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნები მაისში გაიმართება, თუმცა, ხელისუფლებისგან არც ისაა გამორიცხული, რომ უცებ ეს თარიღი უფრო ახლოს გადმოიწიოს. საქართველოს პრეზიდენტისგან მოულოდნელობებს შეჩვეულ ოპოზიციასაც მეტ-ნაკლებად უწევს საარჩევნო რეჟიმში მუშაობა, მაგრამ ხელისუფლებას მაინც ვერ შეედრება. რეგიონებში კი განსაკუთრებული აქტივობა არ შეიმჩნევა.

ტრადიციულად, რეგიონებში პარტიები წინასაარჩევნოდ აქტიურდებიან. ზოგიერთი მათგანი ოფისსაც და ხალხსაც წინასაარჩევნო პერიოდში პოულობს. ვერ ვიტყვით, რომ ქუთაისში ძალიან ძლიერი ოპოზიციური სპექტრია, თუმცა, სხვა რაიონს, მაგალითად, თუნდაც ხონს, ნამდვილად სჯობს, სადაც წინა თვითმმართველობის არჩევნებზე მხოლოდ ნაციონალები „ბაირამობდნენ“.

ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ოპოზიციური პარტია          „რესპუბლიკელებია“, რომლის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრიცაა. ნატო ქათამაძე ამბობს, რომ არჩევნებისთვის ოფიციალური მზადება პარტიას, ჯერჯერობით, არ დაუწყია.

ნატო ქათამაძე: პარტიის ამჟამინდელ საქმიანობას წინასაარჩევნო პიარს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. ვაკეთებთ იმას, რასაც ყოველთვის ვაკეთებდით. რაც შეეხება არჩევნებს, როცა დაინიშნება, ყველა პროცედურას გავივლით და ისე ვიმუშავებთ. რაც შეეხება საარჩევნო სიას, ასეთი ჯერ არ არსებობს. რესპუბლიკური პარტიის საარჩევნო სიაში შემთხვევითი ადამიანები ნამდვილად არ მოხვდებიან. პარტიაში წევრებსაც კი არ ვიღებთ შემთხვევით.“

„ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მამუკა მღვდელაძე არ გამორიცხავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ალიანსური სია შედგეს.

„კონკრეტულად გადაწყვეტილი არაფერია, არჩევნებისთვის სამზადისი ჯერ ძალიან ადრეა. კონსულტაციები გვექნება, სიაში ჩვენს მოძმე რესპუბლიკელებთან ერთად, ალბათ, ალასანიას ხალხიც შევა, მათ პარტიული ორგანიზაცია ჯერ არ აქვთ, თუმცა, რამდენიმე ადამიანი მაინცაა გამოკვეთილი.“

კონსერვატიული პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის დაარსებიდან არც თუ დიდი დროა გასული. მისი წევრები, ყოფილი საზოგადოებრივი მოძრაობის „9 აპრილის“ წევრები არიან. გოჩა ბაძგარაძის განცხადებით, წინასაარჩევნო დეტალები თბილისთან შეთანხმდება, სწორედ მათთან კონსულტაციებით შედგება საარჩევნო სიაც და მათთან ერთად დაიგეგმება საარჩევნო პიარიც:

„ჯერჯერობით, ახალი არაფერი არ არის, საარჩევნო სიაში კი ის ადამიანები შევლენ, რომლებიც დღესდღეობით კომიტეტის წევრები არიან და ეს არავისთვის იქნება სიურპრიზი.“

საარჩევნოდ აქტიურად არა, მაგრამ მაინც ემზადება პარტია „სამართლიანი არჩევნებისთვის“. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ჩვენთან საუბრისას ვადამდელ თვითმმართველობისა და საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, რაც შეეხება წინასაარჩევნო სამზადისს, პარტია „სამართლიანი საქართველოსათვის“ ახლა სტრუქტურების ჩამოყალიბების პროცესშია. იმერეთის ყველა რეგიონში აირჩევა პარტიის თავმჯდომარე და ის სავარაუდო კანდიდატებიც გაირკვევა, რომლებიც სიაში იქნებიან წარმოდგენილი.

ერთადერთი, ვინც თვითმმართველობის არჩევნებისთვის არც ნელა და არც სწრაფად არ ემზადება, ლეიბორისტული პარტიაა, რომელსაც უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს.

სამსონ გუგავა: „ამ ხელისუფლების პირობებში არჩევნებს აზრი არა აქვს, ვინც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, ის იქნება სააკაშვილის სატელიტი, თვითმმართველობის არჩევნები იქნება ლაკმუსის ქაღალდი და ყველაფერს ნათელს მოფენს, ვინ არის ამ ხელისუფლების მიერ შექმნილი ოპოზიცია.“

ქუთაისის არცთუ მრავალფეროვან ოპოზიციურ სპექტრს აქტიურობა არ დაუწყია. არადა, ხელისუფლების წინასაარჩევნო პიარ-კამპანიას უკვე თავისი გამოკვეთილი ლიდერიც ჰყავს, პრეზიდენტი თითქმის ყოველ კვირას რეგიონებს სტუმრობს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1411
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია