დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სტალინი, პუტინი, ივანიშვილი - „იპოვეთ ათი მსგავსება!“
2013/03/11 12:24:51

რამდენიმე დღის წინ, ქალაქის ცენტრში, ნაგვის ურნებსა და კედლებზე, ბევრგან გამოჩნდა სტანდარტული ნახატი - სხვადასხვა ზომის სამი ე.წ. „მატრიოშკა“. უჩვეულო ამაში, შეიძლება, არც არაფერი ყოფილიყო, რომ არა ერთი ფაქტი - „კომპოზიციის“ ავტორს „მატრიოშკებისათვის“ სტალინის, პუტინის და ბიძინა ივანიშვილის სახეები მიუცია.

 

ნახატი მნახველთა ნაწილის გაღიმებას, ნაწილის კი - გაბრაზებას იწვევს. ვის სტალინი არ მიაჩნია ივანიშვილის შესადარად, ვის - ივანიშვილი არ ემეტება სტალინის ჩრდილქვეშ მოსაქცევად, პუტინი კი, საერთოდ,   „რა შუაშია“. ცოტა უცნაურია: ვის და რატომ დასჭირდა ამ სამი პოლიტიკოსის გაერთსახიანება და შენობების კედლებზე ნახატის სახით დატოვება?

„P.S.“-თან საუბარში ჩვენმა თანაქალაქელებმა ასე განაცხადეს:

ნინო იობიძე, 38 წლის: „რა აქვთ საერთო? ალბათ, რუსეთთან სიახლოვეს გულისხმობენ, სტალინი იმპერიის მმართველი იყო, პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია, ბიძინა კი რუსეთში ქონებამოხვეჭილი ბიზნესმენია: ამით უნდათ, აჩვენონ, რომ ივანიშვილიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს და ცდილობს, რუსეთს ჩაუგდოს ხელში საქართველო. ხომ გვაფრთხილებდნენ კიდეც, „ნუ დავბრუნდებით წარსულშიო!“ ამიტომაც ძნელი მისახვედრი არაა, რა პოლიტიკური სულისკვეთების ადამიანის გაკეთებულია ეს შარჟი.“

ზურა, 40 წლის, მეწარმე: „რა სისულელეა, რა შუაშია ეს ადამიანები ერთმანეთთან? ვიღაცას სურს, ამით ივანიშვილს შავი პიარი გაუკეთოს, მაგრამ შავ პიარსაც  თავისი დადებითი მხარე აქვს. თუკი მაგის დამხატველს მიაჩნია, რომ ივანიშვილი პუტინის, მით უფრო კი - სტალინის დონის პოლიტიკოსია, ეს უკვე პრემიერ-მინისტრის სასარგებლოდ მეტყველებს.“

თეონა, 22 წლის, სტუდენტი: „ამ სამივე პოლიტიკოსის სურვილი იყო და არის საქართველო რუსეთის მმართველობაში მოქცეულიყო. იმედია, გამოფხიზლდება ხალხი და სინამდვილეს დაინახავს.“

ნანა ბაღათურია, 35 წლის, მუსიკოსი: „ერთი ზომისა და სტანდარტის ნახატებია, ეტყობა, რაღაც კლიშეთი უმუშავიათ. უფრო, პოლიტიკური დაკვეთის სუნი ასდის და საკმაოდ უნიჭო შესრულებაა. ავტორს, ნეტა, მახათი თუ აქვს სახლში, თავს შეიქცევდა!..“

ალეკო შენგელია, რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე: „ამ იდეის ავტორი, ისევ და ისევ, ერთადერთი ხალხია -  „ცოცხისტყაოსნები!“ მე სხვას ვერაფერს დავარქმევდი „ნაცების“ პარტიას. თითოეული დანაშაულის ამოსავალი წერტილი ის არის, თუ რა იწვევს დანაშაულს. ამ შემთხვევაში, ის სიძულვილი იწვევს, რაც „ნაცებს“ აქვთ სხვათა მიმართ, მათ შორის - თვითონ ივანიშვილთან დამოკიდებულებაში და იგივე - სტალინის პიროვნებასთან მიმართებაში. გიყვარს თუ არა სტალინი, ეს მთავარი არ არის, მთავარია, რომ ის არის რეალური პიროვნება და ისტორიის გადაწერის უფლება არავის აქვს. უნდა მივიღოთ და დავტოვოთ ისე, როგორც იყო. ან რა სახელმწიფო მოხელის საქციელია მეორე ქვეყნის პრეზიდენტისათვის ლილიპუტინის დაძახება? მეტი თავშეკავება და გონიერება მართებდათ.

და კიდევ, არაფერი დიდი კულტურა არ არის კედლებზე ჯღაბნა და ისედაც გაოხრებული ქალაქის კიდევ უფრო გაოხრება.“

დავითი, პედაგოგი: „რა საერთო აქვთ... ალბათ, სიმაღლე. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი რეალურ მსგავსებას ვერ ვხედავ. ყველას აქვს უფლება, თავისი ნაფიქრი გამოხატოს, ოღონდ - ზომიერების ფარგლებში.“

როგორც მოსალოდნელი იყო, გამვლელ-გამომვლელთა აზრი ორადაა გაყოფილი. რეალური ფაქტებით თუ უბრალო მოსაზრებების გამო, ყველას მიაჩნია, რომ მისი აზრი უტყუარია და სიმართლეს შეესაბამება. რეალურად, რა სურს ბიძინას საქართველოში, მით უფრო - პუტინს? ეს დროის და კომპეტენტური ადამიანების დასადგენია, ჩვენ კი ერთ-ერთი რესპონდენტის ნათქვამს დავეთანხმებით: ქალაქში კედლებზე ხატვას, სჯობს, საკუთარი შემოქმედება სხვა გზით წარმოვაჩინოთ, მით უმეტეს, ამისათვის არაერთი სოციალური ქსელი არსებობს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1379
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია