საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ნოდარ ხადურის განცხადებით ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის პროცესი დაიწყო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/09 16:13:37

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში 2013 წლის 7 თვეში მობილიზებულმა საგადასახადო შემოსავლებმა 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 31,3 მილიონი ლარით გადააჭარბა. მისივე ინფორმაციით, პრობლემები საქართველოს საბიუჯეტო სფეროში არ არის და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმავლობის შეუქცევადი პროცესი დაიწყო.
"პრობლემები საქართველოს ეკონომიკაში მეტ-ნაკლები მოცულობით გასული წლის ივლისში დაიწყო. გასული წლის ივლისიდან მარტამდე ყოველი მომდევნო თვე იყო უფრო პრობლემატური, ვიდრე წინა თვე, თუმცა მარტიდან ჩვენ დავიწყეთ საკმაოდ სერიოზული ღონისძიებების განხორციელება, ეკონომიკის სისიტემური გაჯანსაღების ხარჯზე, მარტიდან ყოველი თვე უკეთესია, ვიდრე წინა", - განაცხადა ნოდარ ხადურმა და დასძინა რომ ყოველივე ამას ჩატარებული კვლევებიც ადასტურებს.

მისივე ინფორმაციით, 2013 წლის 8 თვის მონაცემებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ექსპორტი, კერძოდ, იანვარ-აგვისტოში ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 1,140 მილიონი შეადგინა, რაც 69 მილიონი დოლარით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ხადურის განცხადებით, ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აგვისტოში დაფიქსირდა და ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 180 მილიონი დოლარი შეადგინა.
ხადურის განცხადებით, დავების საბჭოში დღეისათვის 900-მდე დავა განიხილება. გასული წლის დეკემბრიდან დღემდე კი დავების 70% გადამხდელის სასარგებლოდ გადაწყდა. გადამხდელთათვის უკან დაბრუნებული ზედმეტად გადახდილი გადასახადის ოდენობამ კი 2013 წლის 8 თვეში დაახლოებით 37 მილიონი ლარი შეადგინა. დაბრუნების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აგვისტოში დაფიქსირდა - 11 860 000 ლარი. 
ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 2013 წლის იანვარ-ივლისში წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 1,7%. ივლისის თვეში წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა შეადგენს 0,6%-.

 

 მინისტრის განცხადებით, ივნისისა და მაისის მონაცემები დაზუსტდა, რომელიც თავდაპირველად უარყოფითი იყო და აღმოჩნდა, რომ მაისში ეკონომიკური ზრდა 0,2% შეადგენდა, ხოლო ივნისში 0,6% უარყოფითი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. 
რაც შეეხება ფისკალურ პროფიციტს, აღნიშნული მაჩვენებელი იანვარ-აგვისტოში 146 მილიონი ლარია, ხოლო ინფლაცია 0%- შეადგენს. ნოდარ ხადურმა იმედი გამოთქვა, რომ შემოდგომაზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება. მისივე ინფორმაციით, ამჟამად სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე 755 მილიონი ლარი ირიცხება, რაც 61 მილიონი ლარით მეტია 2013 წლის დასაწყისთან შედარებით.

წყარო:ipn

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2136
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია