დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პერსონა
ქუთაისის „პატიოსანი და წარუმატებელი“ მერი
ავტორი:
2013/09/09 15:27:44

კონკურსის წესით არჩეული  პირველი  მერი დიმიტრი კოპალიანი საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტებისთვის“ მერის პოსტზე მისი  დანიშვნიდან 26 დღეში გახდა მიუღებელი.      „პატრიოტებსა“ და მერს შორის ე.წ. „ბრიფინგების ომის“ დროს გამოაშკარავდა ის რეალური მიზეზები, რის გამოც საკრებულოს უმრავლესობა მათ მიერვე დანიშნულ კადრს ღიად დაუპირისპირდა. მაშინ აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ კოპალიანი მუდმივ ზეწოლას განიცდიდა „პატრიოტების“ პარტიული ლიდერისგან.  არაოფიციალური ინფორმაციით, ყოფილი „ნაციონალი“ გოჩა თევდორაძე  მერიაში მიმდინარე მასშტაბური რეორგანიზაციის ფარგლებში საკადრო პოლიტიკაში აქტიურად ჩარევას ცდილობდა, რასაც, თავის მხრივ, პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა დიმიტრი კოპალიანი.

როცა ვითარება უკიდურესად დაიძაბა, „პატრიოტები“ მათ მიერვე დანიშნულ  მერს იმპიჩმენტით დაემუქრნენ, თუმცა, თანამდებობიდან იძულების წესით გადაყენების პროცედურა  არ შედგა. კულუარებში კი ამბობდნენ, რომ კოპალიანმა, რომელიც იმ დღეებში დედაქალაქში გაემგზავრა, ხელისუფლებისგან მყარი გარანტიები მიიღო. მიუხედავად ამისა, იმპიჩმენტს გადარჩენილი კოპალიანი კვლავ თანამდებობიდან გადადგომის რეალური საფრთხის წინაშე დადგა. იმპიჩმენტიდან იმპიჩმენტამდე მერის მუშაობით უკმაყოფილოთა რიცხვი ქუთაისის საკრებულოში გაიზარდა და გასულ თვეში, მერის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით,  ფრაქცია         „პატრიოტთა ალიანსის“ განცხადებას, რომელიც ჩაშლილი იმპიჩმენტის განმეორების წინაპირობას წარმოადგენდა,  ხელი ერთით მეტმა დეპუტატმა მოაწერა. დიმიტრი კოპალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მხარს  საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძეც უჭერს. მღვდელაძე, რომელიც ახლა უკვე ღიად საუბრობს იმაზე, რომ დიმიტრი კოპალიანი „ქართული ოცნების“ კადრია, მერს მენეჯმეტს უწუნებს.

„ბატონი დიმიტრი ძალიან პატიოსანი და სუფთა ადამიანია. ის იმდენად კეთილშობილი პიროვნებაა, რომ  არ მიმაჩნია სწორად მისი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენება, მაგრამ, რადგან იგი აღმოჩნდა სუსტი მენეჯერი, ვფიქრობ, ქალაქს არ უნდა მართავდეს. მე ის უფრო სხვა სფეროში, მაგალითად, განათლების სამინისტროში წარმომიდგენია რაიმე თანამდებობაზე,“ - ამბობს მამუკა მღვდელაძე.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ, მღვდელაძის მსგავსად, დიმიტრი კოპალიანის  საქმიანობის შეფასებისას ადგილობრივ თვითმმართველობაში  მხოლოდ მისი პიროვნული თვისებები ახსენდებათ, ხოლო რაც შეეხება კრიტიკას,  მერის საქმიანობის შესწავლით დაინტერესებული  დეპუტატები კოპალიანის შეცდომებზე ვერ საუბრობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მან ადაპტაცია ვერ გაიარა და ბევრ საკითხზე ჯერ კიდევ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.

„ის ძალიან კარგი პიროვნებაა, მაგრამ საქმის საკეთებლად მარტო ეს არ არის საკმარისი. კვირაობით გროვდება ხელმოუწერელი დოკუმენტები მის კაბინეტში. გამუდმებით გაიძახის, შესწავლისთვის დრო მჭირდებაო, მაგრამ მას უნდა ესმოდეს, რომ გაჩერებული  დოკუმენტები გაჩერებულ საქმეს ნიშნავს. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება,“ - ეს განცხადება „პატრიოტების“ წევრმა გოგიტა გოგელაშილმა დიმიტრი კოპალიანის შვებულებაში გასვლამდე და დაანონსებულ იმპიჩმენტამდე  ერთი დღით ადრე გააკეთა.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ეს ადამიანი ბალზეა და ტყემალს ჭამს“, ამ კომენტარით ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის, მიმართ საკუთარი დამოკიდებულება საკრებულოს ყველაზე დიდი ფრაქციის - „პატრიოტების“ თავმჯდომარემ კახა ნემსიწვერიძემ გამოხატა და ეს კოპალიანის შვებულებაში გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

19 აგვისტოს კი, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში „პატრიოტებსა“ და მერს შორის გამართული მოლაპარაკების დასრულებიდან რამდენიმე საათში, ცნობილი გახდა, რომ დიმიტრი კოპალიანი შვებულებაში გავიდა, თუმცა, ჯერ კიდევ მოლაპარაკების დასრულებამდე მერის უახლოესი გარემოცვა ადასტურებდა, რომ კოპალიანი არც თანამდებობის დატოვებას და არც შვებულებაში გასვლას არ გეგმავდა.

გარდა ამისა, დღემდე პასუხგაუცემელია შეკითხვა, ეკუთვნოდა თუ არა კოპალიანს შვებულება პოსტზე მხოლოდ ორთვენახევრის მუშაობის შემდეგ. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, საჯარო მოხელეს შვებულების მიღება  მხოლოდ 9 თვის შემდეგ შეუძლია. შვებულების  დროზე ადრე  მოთხოვნის უფლება კი პირს  იმ შემთხვევაში აქვს, თუ შესაბამისი პირობა სამსახურში აყვანის შესახებ ხელშეკრულებაშია გათვალისწინებული.

საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი ამბობს, რომ კანონი არ დარღვეულა.

ახლა, ადგილობრივ თვითმმართველობასა და პოლიტიკურ წრეებში ყველაზე აქტუალური შეკითხვაა: დაბრუნდება თუ არა მერი შვებულებიდან? 

თავად დიმიტრი კოპალიანმა, შვებულებაში ყოფნის მიუხედავად, საკუთარი პოზიცია მედიასთან უკვე რამდენჯერმე დააფიქსირა. გაზეთ      „P.S.“-ის („პოსტსკრიპტუმი“) შეკითხვებზე  პასუხად მან განაცხადა, რომ აუცილებლად დაბრუნდება და უფრო მეტიც, ქალაქის განვითარებისთვის რამდენიმე ინოვაციური გეგმაც აქვს.

ქუთაისის ვიცემერმა და დიმიტრი კოპალიანის მთავარმა ლობისტმა თენგიზ თოფურიძემ  კი რამდენიმე დღის წინ „P.S.“-ს განუცხადა, რომ კოპალიანი შვებულებიდან დაბრუნების გადაწყვეტილებას საკუთარი სურვილის  მიხედვით მიიღებს.

რაც შეეხება იმას, მერის შვებულებიდან დაბრუნების შემთხვევაში  კვლავ დადგება თუ არა დღის წესრიგში იმპიჩმენტი და მოითხოვენ თუ არა  დეპუტატები მერის წარუმატებელი საქმიანობის შესწავლის გაგრძელებას, ამ საკითხზე განმარტებების გაკეთებისგან იმპიჩმენტის მომხრეები  თავს იკავებენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3028
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია