დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები
წინასაარჩევნო ციება ქუთაისში
ავტორი:
2013/09/09 15:07:15

ქუთაისში წინასაარჩევნო ვნებათაღელვა ჯერ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ  საპრეზიდენტო არჩევნებამდე მხოლოდ თვენახევარი რჩება, პოლიტიკური პარტიების ადგილობრივ შტაბებში სრული მდუმარებაა. არ ტარდება მოსახლეობასთან შეხვედრები, პარტიები არ გამოთქვამენ ამომრჩევლებისთვის  თავიანთი პროგრამის   გაცნობის სურვილს, შტაბები უარს ამბობენ წინასაარჩევნო დაპირებების გაცემასა  და პიარის ტექნოლოგიების გამოყენებაზე...

 

პარტიათა ნაწილს ამ დრომდე არ ჰყავს შტაბის ხელმძღვანელი, ნაწილი კი ჩამოუყალიბებელი სამოქმედო გეგმის გამო მედიასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს.

შტაბის ხელმძღვანელი ამ დრომდე არ აურჩევია „ერთიან  ნაციონალურ მოძრაობას“. პარტიის ოფისში, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ქალაქის ისტორიულ უბანში ფუნქციონირებს, ამბობენ, რომ შტაბში ყველა უფროსია.

ნინო ბურჯანაძის ოფისში კი,  სადაც  ხელმძღვანელი  რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, გახორციელებულ და მიმდინარე აქტივობებზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ვითარებაში გასარკვევად დრო სჭირდებათ.

„იმ კვირამდე ვერაფერს გეტყვით, რადგან ბოლომდე ჩამოყალიბებული   არ ვართ. გავერკვევით სიტუაციაში და მერე ვნახოთ,“ - ამბობს ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ივლიანე ნაჭყებია.

ვითარებაში გასარკვევად საკმარისი დრო ჰქონდა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის შტაბის ხელმძღვანელს მანანა მიქაძეს,  თუმცა, იგი ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება, მის გარეშე კი შტაბის წარმომადგენლობა ინფორმაციის გაცემაზე კატეგორიულ უარს ამბობს.

„მე რომ თქვენთან მოვიდე და თქვენს ნაცვლად მეზობელი დამხვდეს, მას ხომ არ დაველაპარაკები?“ - გვითხრა შტაბის ერთ-ერთმა წევრმა.

უჩვეულო წინასაარჩევნო ვითარებაზე საუბარი მხოლოდ „ხალხის პარტიის“  საპრეზიდენტო კანდიდატის - კობა დავითაშვილის შტაბში ისურვეს. შტაბის ხელმძღვანელი ვარლამ ფხაკაძე გამორჩეულად პასიურ წინასაარჩევნო პერიოდს პოზიტიურ მოვლენას უწოდებს და ამბობს, რომ ყოფილი  ხელისუფლების დროს ჩატარებული არჩევნებისგან გასხვავებით, ეს არჩევნები მშვიდი და ნაკლებ ემოციური იქნება. ფხაკაძე საკუთარი კანდიდატის შანსებს მაღალ შეფასებას აძლევს, თუმცა, უალტერნატივო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი მიაჩნია.

„ჯერჯერობით სიმშვიდეა. რატომღაც, არ აქტიურობენ პარტიები, რაც, უდავოდ, ბატონი ბიძინას დამსახურებაა. ალბათ, რამე დავალებაც არის, თუმცა, ძალიან კარგია, რომ არ იქნება ის სიბინძურეები, რაც სააკაშვილის დროს იყო. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა დადგეს დრო, როცა ცივილურ გარემოში ვიდებატებთ? ამ ეტაპზე არც ჩვენი  შტაბი არის  ჩართული აქტიურ კამპანიაში, მაგრამ დავიწყებთ აუცილებლად ხალხში გასვლასაც.  არჩევნებში ჩვენი მინიმუმი არის ის, რომ 10%-იან მაჩვენებელს მივაღწიოთ, თუმცა, ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილი უალტერნატივო კანდიდატია,“ - ამბობს ვარლამ ფხაკაძე.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, თუმცა, როგორც არაოფიციალურ საუბრებში შტაბების წარმომადგენლები ამბობენ, წინასაარჩევნო კამპანია, სავარაუდოდ, პასიურ და მშვიდ გარემოში ჩაივლის, რათა პრეზიდენტობის ყველაზე რეიტინგული კანდიდატები  არ გადაიფარონ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2814
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია