დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გადაწყვეტილება
„მესიების მისიის დასრულება“
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
2013/09/09 15:05:17

რატომ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას ივანიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ დააანონსა. ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან წასვლაზე პოლიტიკაში შემოსვლისთანავე საუბრობდა, თუმცა, მოკლე დროში პოლიტიკიდან წასვლაზე საუბარი, თან საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისათვის.

ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლის მოტივის ძირითადი არსი ასეთია - ის სამოქალაქო საზოგადოებას გააძლიერებს და თავისივე შექმნილ მთავრობას გააკონტროლებს.

„მე მოვედი ხელისუფლებაში იმიტომ, რომ დამეცვა საზოგადოება და ეს წარმატებით მოვახერხეთ კიდეც იმით, რომ დღეს ხელისუფლება ყველა წინამორბედზე უკეთესია და საზოგადოებაც ყველაზე მეტად დაცულია ხელისუფლების თვითნებობისაგან. მაგრამ საზოგადოება არ უნდა იყოს ხელისუფლების კეთილი ნების იმედად და მუდმივად მხსნელისა თუ მესიის მოლოდინში,“ - ამბობს ბიძინა ივანიშვილი ღია წერილში, რომელიც საკმაოდ ვრცელია. „ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე კი წასვლის განზრახვა პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა და განაცხადა, რომ „ჯერ ვერავინ მისი პოლიტიკიდან წასვლის ერთი რეალური მინუსიც კი ვერ დაასახელა.“

„ჩემი მისიაა მესიების მისიების დასრულება საქართველოში. ამისათვის კი არსებული მესიის დამარცხება არ არის საკმარისი, აუცილებელია იმის უზრუნველყოფაც, რომ თავადაც მესიად არ ვიქცე. ამიტომ მე უნდა წავიდე სწორედ ახლა,“ - მიიჩნევს პრემიერი.

„პოლიტიკურ სცენას ჩემს გუნდს ვუთავისუფლებ და ის, რაც შესაძლებელი იყო ჩემი მხრიდან, გავაკეთე. ძალიან ბევრი განიცდის შიგნითაც, ბევრს არ მოსწონს. უსუფაშვილთანაც ბოლომდე ვერ მოვრჩი პოლემიკას. ჯერ ვერც ერთმა ვერ დამისახელა და, მათ შორის - ვერც უსუფაშვილმა, ერთი რეალური მინუსიც კი ჩემი წასვლისა. მე რასაც ვხედავ, სულ პლიუსებია. ჩემი წასვლა ძალიან დროული იქნება. თან მე გადავდივარ უფრო დიდ სექტორში. ვიქნები აქტიური და საზოგადოებას ანალიზში დავეხმარები,“ - განაცხადა ივანიშვილმა. წასვლის კონკრეტული თარიღი მას არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ      „თუ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, ის პრემიერის პოსტს უფრო სწრაფად დატოვებს.“

ივანიშვილის წასვლაში მოულოდნელ სიახლეს ვერ ხედავს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომლის თქმითაც, ივანიშვილი თავიდანვე ერთნახევარი-ორი წლით განსაზღვრავდა პოლიტიკაში თავისი ყოფნის ვადას.

„შესაძლოა, მოტივი თავიდან სხვა იყო. სავარაუდოა, რომ შემდეგ დაემატებოდა ქართული პოლიტიკური რეალობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფენომენია, ალბათ, ამქვეყნად. ქართული პოლიტიკური რეალობა პლებეური მერკანტილური მორალითაა დასნეულებული და მისი გაძლება საკმაოდ ძნელია. ყველაფერს დაუმატეთ ის მძიმე ტვირთიც, რომელიც ჩვენს ნებისმიერ ლიდერს აწვება,“ - აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ივანიშვილის წასვლის მიზეზებთან დაკავშირებით.   მისივე აზრით,   ჯერჯერობით,   ბევრი  რამ „ნაციონალებთან“  დაპირისპირების კონტექსტში აღიქმება. პრემიერის წასვლის შემდეგ ეს ასე არ იქნება. ამით შეიძლება იხეირონ თავად „ნაციონალებმა“ და თვითრეაბილიტაციას შეეცადონ, რაც უფრო საშიშია. ასევე, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით შეიძლება რუსული ელფერის რადიკალურმა ძალებმა იხეირონ. ასევე, არ არის გამორიცხული ეროზიული პროცესები „ქართულ ოცნებაშიც.“

პრემიერის პოლიტიკიდან წასვლის შემდგომ წარმოქმნილ რისკებს აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. მისი განცხადებით, ივანიშვილის წასვლით ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე ცენტრი შეიქმნება, რაც საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს. ამასთან, პოლიტოლოგი სკეპტიკურად უყურებს ივანიშვილის მიერ დასახელებულ წასვლის ერთ-ერთ მოტივს, რომ ის სამოქალაქო საზოგადოებას გააძლიერებს:

„პრემიერის გადაწყვეტილების გამო წუწუნს აზრი ნამდვილად არ აქვს. ივანიშვილის ღია წერილის მთავარი მიზანი მისივე ე.წ. გუნდისა და საზოგადოების დამშვიდება იყო. თუმცა, მეორეს მხრივ, რომ შევხედოთ ამ ყველაფერს და უშუალოდ მის სურვილს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჟღერს. სამოქალაქო საზოგადოება ის ხომ არ არის, თეა წულუკიანთან განცხადება შეიტანო და ე.წ. „ენჯეოშნიკი“ გახდე? - ეს ასე უცბად არ იქმნება, სამოქალაქო სექტორს ერთი ადამიანი ვერ შექმნის, გინდ ივანიშვილი იყოს და გინდ - კეისარი,“ - აცხადებს სოსო ცინცაძე.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც გამოეხმაურნენ. დავით ბაქრაძის თქმით, ქართული ეკონომიკისათვის, რომელიც ისედაც ღრმა კრიზისის მდგომარეობაშია, ასეთი ტიპის განცხადება ძალიან სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან არასტაბილურობის განცდას აძლიერებს.

„მეორე ფაქტორი „ქართული ოცნების“ მიერ გაცემულ წინასაარჩევნო დაპირებებს უკავშირდება. დასამალი არ არის, რომ ქართველი ხალხის თვალში ეს დაპირებები და მათი შესრულება, პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება. ამ დაპირებების დიდი ნაწილი დღემდე შეუსრულებელია. პრემიერ-მინისტრის წასვლა ნიშნავს იმას, რომ ეს დაპირებები დაპირებად დარჩება და მოსახლეობა ვერ მიიღებს იმას, რის გამოც ხმა კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მისცა,“ - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი. ბაქრაძის აზრით, პრემიერის წასვლის შემთხვევაში ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების დეფიციტიც  შეიქმნება, რაც ქვეყანაზე უარყოფითად აისახება და არასტაბილურობას და ქაოსის განცდას გააძლიერებს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2681
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია