საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აფხაზური დღიურები
ჩემი თეთრი მამიდა
2013/09/09 14:50:27

ის და მამა ერთმანეთისთვის ბიძაშვილ-მამიდაშვილნი იყვნენ. ორივეს მამები დაღუპული ჰყავდათ, ბელა მამიდას 33 წლისა მოუკვდა, მამაჩემს კი 37-ში დაუხვრიტეს კიდევ უფრო ახალგაზრდა მშობელი...

ჩემი ბებია მხოლოდ 22 წლის იყო, შუაღამისას მისი მეუღლე ტყავის ქურთუკიანმა კაცებმა რომ სახლიდან გაიყვანეს. ტატუშა ერქვა ბებიას, მაგრამ განსაკუთრებული სიყვარულით ყველა ტაჩიას, ტატის ეძახდა. თავისი ნებით და გადაწყვეტილებით, მამისეულ სახლში იყო ერთადერთი შვილით მობრუნებული და დედასთან, რძალთან და ძმიშვილთან ერთად ცხოვრობდა. ბევრჯერ გამიგია ძილის წინ, ლოცვისას, ჩვენს ჩამოთვლას რომ მორჩებოდა, ძმიშვილს და მის ოჯახს შეავედრებდა უფალს: „ღმერთო, შენ მიმყოფე კარგად ჩემი ბელა და მისი შვილებიო“. უკაცო ოჯახში იზრდებოდნენ ერთად, მამიდას დედა აფხაზი ჰყავდა, „თამარა მამა“-ასე ეძახდა მას ყველა. ცალკე თემაა მამაჩემის რიდი, სიყვარული და პატივისცემა მის მიმართ. ბავშვების აღზრდას ცაცუ ბებიას სიბრძნე და ტაჩიას დაბალანსებული ხასიათი ავსებდა. ყველას თავისი მოვალეობა ჰქონდა და, რადგან მამები არ ჰყავდათ, ბავშვები ორმაგ სიყვარულს იღებდნენ ქალებისგან.

 

***

მამიდა ალბინოსივით თეთრი, ქათქათა დაიბადა თურმე და ამიტომაც დაურქმევიათ მისთვის ბელა. მერე წლებმა ულამაზეს ქერათმიან ასულად აქცია და ეს სილამაზე იყო, ბედისწერად რომ აედევნა... აკი ვთქვი, ოჯახი უკაცო იყო-მეთქი და ჯოხიც ბიჭზე გადატყდა: მამაჩემი სკოლიდან გარიცხეს (უნიჭიერესი იყო, უსწავლელობა არ ყოფილა ამის მიზეზი)... თუ შევძლებ და მოვერევი ჩემს ემოციას, ამაზე სხვა დროს მოვყვები... მამიდამ კი ბელორუსიაში სასოფლო-სამეურნეო აკადემია დაამთავრა.
ის საოცარი სილამაზის ადამიანი იყო, თაფლისფერ თვალებში ჩამდგარი უძირო სევდით და ღია ჩალისფერი ნაწნავით, დედა-ბებია რომ „შოლიო“ თმებს ეძახდა). კეფასთან იხვევდა ამ სილამაზეს, განუმეორებელი ღიმილი ჰქონდა, უტკბილესი იყო მისი ხმის ტემბრი („შაქარი ამოსდის ქალს პირიდანო“, ისევ დედა-ბებიას მოვიშველიებ). ამავე დროს ძალიან საქმიანი და პრაქტიკული გახლდათ. ასხივებდა მისი ზრდილობა და მოწიწება ადამიანების მიმართ. იშვიათია, ნახო ერთ ადამიანში თავმოყრილი ამდენი ღირსება ერთად. ქედს მოგადრეკინებდა ისეთი უბრალოება და სისადავე ჰქონდა, ჩაცმულობაშიც ვლინდებოდა ეს და მე ამას იმ ერთადერთი პლატინის ბეჭედშიც ვხედავდი, დეიდებისგან საქორწილო საჩუქრად რომ ჰქონდა მიღებული და არასდროს იშორებდა თითიდან... საზოგადოების იმ საუკეთესო ნაწილს წარმოადგნდა, ასე რომ ამშვენებდა აფხაზეთს... ჰორიზონტდახშულ ადამიანს რომ ჩემი ტოლიაო, აფიქრებინებდა და მრავლის მნახველი და მცოდნე - იხიბლებოდა, რიდით და კრძალვით ივსებოდა... ასე მგონია, გალს და განსაკუთრებით - ლენინის ქუჩას, დღემდე სათუთად შემონახული აქვს მისი მოზომილი და მსუბუქი ნაბიჯების დამფრთხალი ექო...

 

*** 

როგორც ყველა ქალაქს, ჩემს ქალაქსაც ეს გზატკეცილი გასდევდა მთავარ მაგისტრალად მაშინ და ამ ქუჩაზე ცხოვრობდნენ ისინი. რა შემოინახა ჩემმა მეხსიერებამ, სად იწყება და მთავრდება ეს გზა: იქნებ მისი დასაწყისი ეთერიების „ძეკვენებზე“ შემდგარი ხის ოდა სახლია, რომელსაც წინ ხეებად ქცეული თეთრი და ვარდისფერი კამელიები ამშვენებდა... და მე ჯერ არ ვიცი, რომ იქ ჩემი გულნარა მასწავლებელი ცხოვრობს, მაგრამ მაინც ვჩერდები და ეზოს სიღრმეში ვიხედები (არ ვასრულებ დედა-ბებიას თხოვნას: „ნუ მიეტუზები, გოგო, ეთერიების ჭიშკარს, ყვავილების მეტი რა გაქვს, დედა, ეზოშიო“). ან უფრო მოშორებით, ფუფას სახლთან ხომ არ იწყება, იმ ფუფასი, ყველას ჭირისუფალი და გამლამაზებელი რომ იყო, მე სიყვარულით „ქულუს“ რომ მეძახდა და ყოველთვის ჰქონდა ჩემთვის გადანახული კამფეტები! თავის დას რომ ობობას ქსელივით დახლართული ძაძებით გლოვობდა და საოცარი, სუფთა ურთიერთობა ჰქონდა მამაჩემთან. სახლში სტუმრად მოსული, ტახტზე ბავშვივით მიუწვებოდა გვერდით და სანამ დედაჩემი გამჭვირვალე ჭიქაში, მზიანი ლიმონის ნაჭრით, ჩაის მიართმევდა, მას უკვე ეძინა დაღლილს. მამა ფრთხილად ადგებოდა, ძაძებს ამოუკეცავდა, პლედს დაახურავდა და ჩვენ ხმაურს აგვიკრძალავდა.

წლების მერე, როცა აფხაზეთი დაიკარგება ჩვენთვის, ყველაფერი, რაც ლამაზი იყო იქ, ბინდისფერს გადაიკრავს და მხოლოდ მოგონებებში აელვარდება ისე, რომ გულის შეტევამდე მიგიყვანს - ფუფას დედაჩემი გაალამაზებს და გააცილებს თავის სიყრმის შვილთან, აბიკოსთან, მარადისობისკენ მიმავალ გზაზე...

გზადაგზა ჩემს სკოლასაც გამოვუვლი, მეოთხე სკოლასაც გავხედავ, ვეცდები, ისევ ამოვიკითხო ენის ბორძიკით ის გრძელი ლოზუნგი, მისი შესასვლელი კარის თავზე რომაა გამოკრული და ამდენ წვალებაში, შეუმჩნევლად დამიზეპირებია კიდეც: „არა არ არის რა იმაზე ამაღლებული და კეთილშობილური, ვიდრე - ჰბაძავდე ლენინს! თავდადებულად იბრძოდე საქმისათვის, რომელსაც მან სიცოცხლე შეალია!“ (?!) ევკალიპტის ხესაც მოვეფერები, დრო და დრო კანს რომ იცვლის, ტანი თეთრად უელავს, ერთი ნერგისგან ოთხი გიგანტი რომ ამოზარდა და მის ქვეშ გავლისას დედა-ბებია ჰაერის ღრმად ჩასუნთქვას რომ მაბარებდა ყოველთვის... იქნებ გამიმართლოს და ჩემთვის ქალღმერთებს, ჩემს მასწავლებლებსაც შევეფეთო აქ: გულნარა ხაბურძანიას, ვარა ფილიშვილს, მალუზა გოცირიძეს...
ან ქუჩის ბოლოსკენ წამოვალ, სადაც ჭიჭიკო საბულუას უცნაურად ლამაზთაღებიანი და გუმბათებით გაწყობილი, კოხტა, პატარა სახლი დგას. „ჯაღვაშ ქვანქვა“-ს რომ მეძახდა და დღესაც რომ არ ვიცი, რას ნიშნავს, მაგრამ მაინც სითბოთი მავსებს და მახსენებს, მისი მოსკოვიდან ჩამოტანილი „პლისე“ ფორმით დამშვენებულ არა ერთ პირველ სექტემბერს... იქნებ ქუჩის შუაში იწყება ჩემი მოგონება, სადაც სახლის აივანზე თორიების დედის ულამაზესი სურათი შემანელებინებს ნაბიჯს, შემაჩერებს, მერე ისევ რომ გადავდგამ და იქვე, მზია ნაყოფიას წარბებაზიდული სურათიდან გადმოსული, მომნუსხველი მზერა გამაქვავებს: თუ მეორე მხარეს გადავიდე თორდიების ეზოსკენ, ჭატა დეიდა აუცილებლად შემაყოვნებს, ცის და ბარის ამბებს გამომკითხავს, ათას მოკითხვას დამაბარებს და გერსამიების ეზოს ბოლომდე გამომყვება, იქიდან კი დადიანებს გავუვლი და მამიდას ეზოში შევალ...

 

***

სიყვარული ეწვია მამიდას, მალევე დაინიშნა. „ფერი ფერს და მადლი ღმერთსო“, რომ იტყვიან, ისეთი წყვილი შეიყარა ერთად. ულამაზესი, წარმოსადეგი ვაჟკაცი ჩანდა სასიძო, მასაც ახალი დამთავრებული ჰქონდა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
გამოცოცხლდა გეგიების ეზო, სიხარულით აივსო და ბედნიერებით დაიმუხტა ირგვლივ ყველაფერი. დაუზარებლად იკერებოდა ფარჩა და აბრეშუმი, უნაზესი ფერებით იქარგებოდა თეთრეულის კიდეები, ვერ აუდიოდნენ დაბრძენებული დეიდების მიერ ოჩამჩირიდან, სოხუმიდან და გაგრიდან ჩამოტანილ საჩუქრებს, თავიანთი ხელით და დიდი ბაბუის - გიორგი გეგიას ნაქონი არშინით რომ ზომავდნენ ქაშიმირის და შალის ძვირფას ნაჭრებს და ჩემოდნებში ალაგებდნენ (მე მახსოვს ის საზომი, მაუდგადაკრულ საწერ მაგიდაზე რომ იდო, ქალაქში ერთ-ერთი პირველი ტელეფონის, ნომრით 3-63-ს, გასწვრივ და ხელის ხლებაც აკრძალული გვქონდა ბავშვებს).
შაბათობით ჩამოდიოდა თამარა მამას ნათესაობა სტუმრად. ასე მგონია, სამეზობლო თითის წვერებზე დგებოდა მათი პატივისცემის ნიშნად, იმსახურებდნენ ამ კეთილ განწყობას, არ იყო მოჩვენებითი მათი სიკარგე... არავის სტოვებდნენ თავზე ხელის წრიული შემოვლებისა და გულწრფელი „სქან გოლუაფრო მას“ (შენ შემოგევლეს) გარეშე. წლების მერე, დაკარგულ აფხაზეთში, მამიდას გასვენებაზე, მე ისევ გავიგონებ მათგან  „სქან გოლუაფრო მას“, მაგრამ თავშეკავებასაც შევატყობ და ვერც თავზე წრიულად შემოვლებულ მარჯვენა ხელს მოვკრავ თვალს ვერსად...

სასიძოც დინჯად შემოაბიჯებდა ყოველ შაბათ საღამოს ეზოში, აივანზე სულ უფრო მეტად გაისმოდა დეიდების აჩქარებული საუბრები. სანთელივით ჩამოქნილი ჩემი თეთრი მამიდა ქორწილის მოლოდინში კიდევ უფრო კარგავდა ფერს და სადღაც ლივლივებდა ოცნებებში... სიყვარულით სავსე თვალებს მალულად მიანათებდა გულის სწორს და ვაჟიც ისე შემოხედავდა, თითქოს მდუღარე ხელებით ეფერებოდა ქალიშვილის ტანში დავლილ ჟრუანტელს...
მხოლოდ ორი კვირა რჩებოდა ნანატრ დღემდე... თოფის ხმამ და ქალის კივილმა შეძრა მძინარე ქალაქი... „ხაბუმ ბელას გამო თავი მოიკლა“ მოედო ქვეყანას... ლავასავით მოასკდა გამთენიისას გეგიების ჭიშკარს სულ სხვა ვაჟის გამწარებული ჭირისუფალი, ვიღაცამ მამიდას თითიდან ნიშნობის ბეჭედი წააგლიჯა და შეკრთა კიბის თავთან იასამანი, უხმოდ ატირდა...
საქორწილოდ გამზადებული, ჩემი შველივით ლამაზი და დამფრთხალი მამიდა, მხოლოდ ერთხელ რომ ჰყავდა პირისპირ ნანახი, იმ კაცის ქვრივად გამოაცხადეს, უდანაშაულოდ დამნაშავის დაღი დაასვეს, შავებში ატარეს... აუკრძალეს გალის რაიონში გათხოვება, სასიძოს ეზოში კი ფანტელებივით იწყო მუქარის შემცველმა თეთრმა კონვერტებმა ცვენა და, მე არ მგონია, რომ იმ ბარათების საწერად მხოლოდ განსვენებულის ჭირისუფალი იცლიდა მაშინ...

გაცივდა და გაიყინა სამყარო... მერე ბევრჯერ მოელანდება ქალიშვილს მისი სატრფო სადღაც იქ, ქუჩის ბოლოში, ლანდად გაელვებული, ან სულაც ქალაქის საზღვარს გამცდარი და დაბნეული... ჩემი ფიქრი და კითხვა ამ ტრაგედიასთან მიმართებაში ყოველთვის თამარა მამას უტრიალებს გარშემო: როგორ მოხდა, რომ მან, ასე სამართლიანმა და მკაცრმა, თავის ერთადერთ ბელას, ვისზედაც ამოსდიოდა მზე და მთვარე და ისე გაზარდა, რომ ხელის გულიდან არ ჩამოუსვამს, ქვრივის ძაძები ჩააცვა?! რატომ დათმო მან და აუსრულა ეს ახირებული მოთხოვნა იმ გაუბედურებულ დედას, რომლის შვილმაც, ცხელ ტყვიას ჩახუტებულმა, სამარეში ჩაიტანა ბელას სიყვარული?! რატომ აგლოვინა შვილს უცნობი ადამიანი? ამაზე პასუხი დღემდე არა მაქვს, ეს თემა არასდროს განიხილებოდა სახლში, ტაბუ ჰქონდა დადებული...

 

***

 

ერთში ღრმად ვარ დარწმუნებული: მიუხედავად უმამობისა, შიში, ვიცი, რომ გამორიცხული იყო და რატომ მახსენდება ყოველთვის გულისტკივილით, როცა თამარა მამაზე ვფიქრობ: „იქნება ვეფხვის დედაი ჩემებრ დღედაღამ სტირისა/ წავიდე მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა ჭირისა /ისიც მიამბობს ამბავსა, მეც ვუთხრა ჩემი შვილისა...“ ყველა სოფლის თუ ქალაქის მეხსიერებას გადაუვლის ძველი ამბების ქარიშხალი დრო და დრო... აურევს, დაურევს ხსოვნაში ჩალექილ ძველ ამბებს და ჩაწყნარდება ისევ... მხოლოდ, მამიდას მისამართით არასდროს გამიგია ვინმესგან თქმული საყვედური. ეს მისი ზნეობრივი სისუფთავის და კდემის სამადლობელია, ალბათ, გალელებისგან...
დროის მდინარებას რა შეაჩერებს და ცხოვრება თავისი გზით წავიდა, მათ ძალიან კარგი ოჯახები შექმნეს. მამიდა ჯიუტად გალში გათხოვდა, სასიძომ კი სხვა რაიონიდან შეირთო ქალი. ორივეს ოჯახს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქალაქის ცხოვრებაში. თავისებურად ამშვენებდნენ და ამკობდნენ მას. სამსახურეობრივი ურთიერთობები ხშირად უწევდათ, სხვანაირად უკვე არასდროს გადაკვეთილა მათი გზები...
შოთა (მამიდას მეუღლე) ძალიან კარგი ადამიანი იყო, ისიც იურისტი გახლდათ. აფხაზეთის ომის დროს სახლიდან გაიყვანეს და უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მამიდამ რკინის ქალამანი ჩაიცვა და გაცვითა კიდეც, მაგრამ მეუღლის კვალს ვერსად მიაგნო, ის კაცი კი უფრო ადრე გარდაიცვალა, მშვიდობიან პერიოდში.
მანამდე კი, შოთას 50 წლის იუბილეზე ითამადებს. იმ დღეს რამდენიმეჯერ მომიწევს ღიმილით თანხმობის მიცემა კითხვაზე: „მამიდა, მიხდება ეს კაბა?“ რაღაც მომენტში თვალი ვკიდე: იასამნის ბუჩქთან იდგნენ და საუბრობდნენ... იქნებ სულაც არ იყო და მე მომეჩვენა - მამიდას თვალებში გაელვებული საყვედური და სინანული კაცის სახეზე: ორივენი კი ისევ ძალიან ლამაზები იყვნენ...

 

ნანა ჯეჯეია

 

აშშ, კალიფორნია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2847
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია