დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გასვლითი თამაში
ქუთაისელმა გოგონებმა თურქეთის სტადიონები დალაშქრეს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/09 14:45:45

უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქუთაისის მერიის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანება მჭიდროდ ეკონტაქტება თურქული შავიზღვისპირა ქალაქების უნიესა და რიზეს სპორტის სამსახურებს. შედეგად, ქუთაისელ სპორტსმენებს ხშირად იწვევენ მეზობელ ქვეყანაში, როგორც ამხანაგურ პაექრობებზე, ასევე სხვადასხვა რანგის ოფიციალურ ტურნირებზე. ცხადია, მასპინძლობა უწევთ ქუთაისელებსაც.

 

ახლახან, ქალაქის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის  ხელშეწყობით, რიზეში იმყოფებოდნენ მე-100 სასპორტო სკოლის ფეხბურთელ  და კალათბურთელ გოგონათა გუნდები.

საფეხბურთო კლუბ „რიზესპორის“ ძველ არენასთან მდებარე ხელოვნურსაფარიან მოედანზე  ქუთაისელებს, ფაქტობრივად, რიზეს გოგონათა ნაკრების წინააღმდეგ მოუწიათ თამაში. 4 თვის წინ  ამავე სტადიონზე  პაატა დოგრაშვილის შეგირდებმა 6:3 სძლიეს თურქებს და, რა გასაკვირია, რომ  მასპინძლებს რევანში სწყუროდათ. ამხანაგურ, მაგრამ მეტად დაძაბულ თამაშს მაყურებელი საკმარისად ჰყავდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. გოლი ლანა გორგაძემ მიითვალა. ამის შემდეგ რიზელები გააქტიურდნენ.  მათ ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, მერე კი დაწინაურებაც მოახერხეს (11-მეტრიანიდან).

მე-2 ტაიმი კი სტუმართა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა, რაც ანგარიშშიც კარგად აისახა. თამთა შენგელიას, ანა მახარაძის (11-მეტრიანიდან) და ლანა გორგაძის გოლების წყალობით, ქუთაისელებმა საბოლოოდ 4:2 მოიგეს. ფეხბურთელი გოგონები თამაშის დღესვე გამოემგზავრნენ სამშობლოში.

სამაგიეროდ, რიზეში სტუმრობა გაუგრძელდათ კალათბურთელებს. ქალაქის კულტურის პარკში მდებარე  სპორტული კომპლექსის  ღია მოედანზე  6 დღეს გასტანა  ცნობილი თურქი მწვრთნელის ირფან ქოქსალ იუბოღლუს ხსოვნისადმი მიძღვნილმა მე-5 ტურნირმა სთრითბოლში(ქუჩის კალათბურთში). შეჯიბრება ვაჟებში 3, ხოლო გოგონებში 2 ასაკობრივ ჯგუფში წარიმართა. მასპინძელთა გარდა, წარმომადგენლობითი დელეგაციებით გამოირჩნენ  ტრაბზონი, გირესუნი, უნიე, პაზარი, ფაცა და სხვა ქალაქები. სულ საასპარეზოდ 40 გუნდი გამოვიდა.

ქუთაისის გუნდი სათამაშოდ უფროს ასაკში(1980-1999 წლებში დაბადებულთა) ჩაერთო და საწყის სტადიაზე, „ბ“ ჯგუფში მის მეტოქეებად რიზეს „უჩ არტი ბირი“, „მიმარ სინანი“ და გირესუნის „ჩოტანაკლარი“ დასახელდნენ. ჩვენებურებმა საუცხოოდ დაიწყეს. სასტარტო მატჩში მათ 15:2 აჯობეს „უჩ არტი ბირს“. მეორე მეტოქე გაცილებით გამოცდილი და ძლიერი აღმოჩნდა. ქუთაისელებს გირესუნელებთან თამაში არ წაუვიდათ  და მარცხიც ლოგიკური იყო - 3:9. მე-3  შეხვედრა ჩვენმა გუნდმა  არცთუ იოლად, მაგრამ დამაჯერებელი ანგარიშით - 8:4 მოიგო  და ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდა.

ამის შემდეგ ნახევარფინალური მატჩები ჩატარდა. ქუთაისელთა მეტოქე „ა“ ჯგუფის პირველადგილოსანი რიზეს „დიდილერკი“ გახლდათ. მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენმა გუნდმა შეძლო მეტოქის დამარცხება - 11:7 და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მე-2  ნახევარფინალი გირესუნის „ჩოტანაკლარმა“ და რიზეს „ლეგენდებმა“  გაითამაშეს. გირესუნელთა უპირატესობა აშკარა იყო - 11:4. ასე რომ, ტურნირის გამარჯვებული „ბ“ ჯგუფის საუკეთესო გუნდების  დავაში უნდა დასახელებულიყო.

ფინალების დღეს რიზეში კოკისპირულად წვიმდა,ორგანიზატორებიც იძულებულნი შეიქნენ, თამაშები სპორტის სასახლის დარბაზში გადაეტანათ. როგორც ვთქვით, ჯგუფურ ეტაპზე ქუთაისელები პირწმინდად დამარცხდნენ გირესუნელებთან, მაგრამ გადამწყვეტი თამაშისათვის სერიოზულად მოემზადნენ. ფინალი მართლაც რომ სანაქებო გამოდგა.ჩვენმა გოგონებმა ყური უგდეს თავიანთი მწვრთნელის თემურ ყუბანეიშვილის რჩევებს და მეტოქეს უშეღავათო ბრძოლა გაუმართეს. პირველი ქულა გირესუნელებმა მიითვალეს, თუმცა ამის შემდეგ ქუთაისელები დაწინაურდნენ და 21-წუთიანი თამაშის  დასრულებამდე  სამწუთნახევრით  ადრე 11:7 იგებდნენ. საბოლოო გამარჯვებაც თითქოს ახლო იყო, მაგრამ რამდენიმე შეტევა და საჯარიმო გაცუდდა, ამასობაში  გირესუნელებს მხსნელად მათი ლიდერი დილეკ ქალქალი მოევლინა. მან, ჯერ იყო და, ზედიზედ 2 შორეული სნაიპერული სროლით ანგარიში გაგვითანაბრა, სულ ბოლოს კი, მატჩის დასრულებამდე 4 წამით ადრე, ურთულესი მდგომარეობიდან, ისევ შორეული ტყორცნით გამარჯვება მოუტანა თავის გუნდს - 15:13.   მაყურებლებმა აპლოდისმენტებით გააცილეს მოედნიდან როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული გუნდი.

ქუთაისელთა რიგებში თამაშობდნენ ნელი ჟორჟოლიანი, ხათუნა საჯაია, თამარ მანაგაძე, ქრისტინე ალანია.

ტურნირის და, მთლიანობაში, რიზეში გამართული სპორტული კვირეულის საზეიმო დახურვას კულტურის პარკში უამრავი ხალხი დაესწრო. წარმატებული გუნდების დაჯილდოების ცერემონიალში ქალაქის მთავრობა და სპონსორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ქუთაისელებს სპეციალური თასი და მედლები გადაეცათ, ამასთან ისინი ფირმა „ადიდასის“ სპორტული ფეხსაცმლითაც დასაჩუქრდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისურ დელეგაციას გულთბილი შეხვედრა მოუწყო თვით რიზეს მთავრობის ხელმძღვანელმა ჰალილ ბაკირჩიმ. სწორედ ამ შეხვედრისას გამოითქვა ორ ქალაქს შორის კავშირების გაღრმავების სურვილი კულტურის,სპორტის, ეკონომიკის და სხვა  სფეროებში.

აქედანვე ცნობილია, რომ ქუთაისელი კალათბურთელები მომავალ წელსაც ითამაშებენ ანალოგიურ ტურნირში. რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, სულ მალე, 26-27 სექტემბერს, ქუთაისში სათამაშოდ რიზელ ფეხბურთელ გოგონათა გუნდი ჩამოვა.

 

იუზა კაციტაძე 

რიზე, თურქეთი

 

(ავტორის ფოტოები)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2975
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია