დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნები
ცესკო აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/05 14:51:02

საარჩევნო ადმინისტრაციისა და სამთავრობო დაწესებულებების ურთიერთობის შესახებ ცესკო განცხადება გაავრცელა. მოსალოდნელი სიძნელეების თავიდან აცილების მიზნით ცესკო აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს მოუწოდებს, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებები საარჩევნო ადმინისტრაციასთან კოორდინირებულად განახორციელონ. ცესკოს განცხადებას სრულად გთავაზობთ.

 

საარჩევნო ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რათა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების სრული შესაბამისობით და საქართველოს კანონმდებლობის დაცვით წარიმართოს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესის წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად სხვა სახელმწიფო დაწესებულებების აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. ყველა საქმიანობა - ამომრჩეველთა სიების ფორმირება, ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერ გამოყენებასთან ბრძოლა, საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა თუ სხვა, ადმინისტრაციისა და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების კოორდინირებული მოქმედებით უნდა განხორციელდეს.

აქედან გამომდინარე, მნიშნელოვნად მიგვაჩნია გარკვეული განმარტება გავაკეთოთ ბოლო დროს გაკეთებული რიგი განცხადებების შესახებ:
1.
ამომრჩეველთა სია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 4 სექტემბრის პრესკონფერენციაზე გაიჟღერა მოსაზრებამ ამომრჩეველთა არსებულ სიებში მნიშვნელოვანი დარღვევების არსებობის შესახებ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი განცხადებები არ უწყობს ხელს საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას და არჩევნების ნორმალურად წარმართვას. ამავე დროს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საარჩევნო სიები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მყარ საფუძველს ქმნის თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის
ამომრჩეველთა სიების ფორმირება ხდება სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებების - იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე. საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ხდება ამ მონაცემების გაერთიანება და საარჩევნო უბნების მიხედვით დაყოფა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგულარულად ხორციელდება ამომრჩეველთა სიის მონიტორინგი დაინტერესებული მხარეების მიერ.
2010
წელს 11-მა პოლიტიკურმა პარტიამ 100-100 ათასი ლარის დაფინანსება მიიღო და უშუალოდ განახორციელა ამომრჩეველთა სიების გადამოწმება.
2012
წელს შეიქმნა ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია, რომელმაც "კარდაკარის" პროგრამა განახორციელა და რომლის მიერ მოწოდებული სიებით იხელმძღვანელა საარჩევნო ადმინისტრაციამ 2012 წლის 1- ლი ოქტომბრის არჩევნებზე. კომისიის მუშაობაში ჩართული იყო ყველა დაინტერესებული პოლიტიკური პარტია და სადამკვირვებლო ორგანიზაცია.
2013
წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის ძალებით უახლოეს მომავალში, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დასრულებისთანავე, ვაპირებთ განვახორციელოთ "კარდაკარის" პროგრამა, რომლის დროსაც ამომრჩევლებს სპეციალური საინფორმაციო ბარათები დაურიგდებათ და შესაძლებლობა ექნებათ უშუალო და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სიების დაზუსტების პროცესში. ეს არის ცესკოსა და იუსტიციის სამინისტროს ერთობლივი პროექტი, რომელიც გულისხმობს ამომრჩეველთა სიებში ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას.
ამასთან, ცესკო-ში რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეუძლიათ მოითხოვონ და მიიღონ ამომრჩეველთა სიების საჯარო ვერსია და ნებისმიერი მეთოდით განახორციელონ მისი გადამოწმება.
აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ პოლიტიკოსებმა, მედიამ და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებმა თავი უნდა შეიკავონ მტკიცებულებების გარეშე ამომრჩეველთა სიებში არსებითი ხასიათის ნაკლოვანებებზე საუბრისაგან. ეს ამკვიდრებს უსამართლობის განცდას და ეჭვის ქვეშ აყენებს საარჩევნო პროცესის სანდოობას.
2.
განათლების სისტემა და ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერი გამოყენება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 3 სექტემბერს გააკეთა განცხადება, სადაც განათლების სისტემის მუშაკებისთვის საარჩევნო კოდექსით დადგენილი შეზღუდვები განმარტა.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა მცდელობას პრევენციული ღონისძიებები განახორციელონ ადმინისტრაციული რესურსების არამართლზომიერი გამოყენების წინააღმდეგ. სასურველია, ეს მცდელობები გარკვეულ კოორდინაციაში იყოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, რათა თავიდან ავიცილოთ უარყოფითი შედეგები.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ზემოხსენებული განცხადების ის ნაწილი, რომლითაც, საუბნო საარჩევნო კომისიებში საქმიანობა თითქოსდა აკრძალულია საჯარო მოხელეებისათვის, არასწორად იქნა გაგებული პედაგოგთა ნაწილის მიერ და ზოგიერთმა მათგანმა თავისი კანდიდატურა მოხსნა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობაზე გამოცხადებული კონკურსიდან. ამ ფაქტმა შეიძლება გარკვეული სიძნელეები შექმნას საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების დროს.
ასეთი სიძნელეების თავიდან აცილების მიზნით მოვუწოდებთ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს, 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებები საარჩევნო ადმინისტრაციასთან კოორდინირებულად განახორციელონ,- ნათქვამია ცესკო- მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2860
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია