დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში დასუფთავების სამსახური გეგმის შესრულებას საინფორმაციო ბუკლეტებით ცდილობს
2013/09/03 14:51:52

ქუთაისის მერიის დასუთავების სამსახურში  გეგმის შესრულება კვლავ მთავარ ამოცანად რჩება. მილიონ 400 ათას ლარიან  ბიუჯეტს სამსახური წლის ბოლომდე სავარაუდოდ ვერ შეავსებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში დასუფთავების გადასახადის ამოღების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, საფინანსო-სარევიზიო კომისიაში ამბობენ, რომ გეგმის შესრულება მაინც ვერ მოხერხდება, რადგან,  სამსახურს ფიზიკურად არ ჰყავს იმდენი აბონენტი, რომ მილიონ 400 ათასი ლარის ამოღება შეძლოს.

"რაც უნდა გააკეთოს დასუფთავებამ, მაინც ვერ შეავსებს ბოლომდე ბიუჯეტს. მოვა 9 თვის შედეგების დრო და ვნახავთ, რომ გეგმის შესრულება ვერ მოხერხდება. მაქსიმუმი მაგათი არის მილიონ 180 ათასი, ესეც საუკეთესო შემთხვევაში, რადგან ჯერ ერთი რომ არ ჰყავს საკამარისი რაოდენობის  აბონენტი და მეორე,  - არ აქვს არანაირი ბერკეტი გადასახადის ამოღების",  -ამბობს მერიის საფინანაო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გოგიტა გოგელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დასუფთავების გადასახადის გადახდას აბონენტს კანონი არ აიძულებს. უფრო მეტიც, დავალიანების არსებობის შემთხვევაში, სამსახურს ჯარიმის დაწერაც კი არ შეუძლია. შესაბამისად,    გამოდის,  რომ გადასახადის გადახდა აბონენტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ტარიფი  სულზე 50 თეთრია,  ამოღების მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში 20-25%-ს არ აღემატება. 

მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში ამოღების მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას კი დასუფთავების სამსახურში  გააქტიურებულ მუშაობას უკავშირებენ.  სამსახურის  უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ დეისაძე ამბობს, რომ ბიუჯეტში თანხის შეტანის ახალ მეთოდებს მიმართეს.

"დავამზადეთ  საინფორმაციო ბუკლეტები, დავურიგეთ ხალხს და მოვუწოდებთ შეიტანონ გადასახადი. მივდივართ სახლებში და ვთხოვთ   დავალიანების დაფარვას. ვფიქრობ,  ხალხი უკვე მიხვდა, რომ უნდა გადაიხადონ ეს მიზერული თანხა. ბოლო ორ თვეში 300 ათასი ლარი ამოვიღეთ. წლის ბოლოსთვის ალბათ უმნიშვნელო  თანხა დააკლდება ბიუჯეტის შევსებას", -ამბობს თამაზ დეისაძე.

 

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, დასუფთავების სამსახური,  გეგმის შესრულებას ხშირ შემთხვევაში ბიუჯეტში გამოთავისუფლებული თანხების ხარჯზე ახერხებდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2583
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია