დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რესპუბლიკელებს სასულიერო პირთა პოლიტიკური განცხადებები საგანგაშოდ მიაჩნიათ
ავტორი:
2013/08/30 13:29:02
"საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას" მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა პოლიტიკური ხასიათის განცხადებები საგანგაშოდ მიაჩნია. ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის შემდეგ განვითარებული მოვლენების "რესპუბლიკური პარტია" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ მინარეთის მიშენება მეჩეთზე მართლაც კანონდარღვევით და თვითნებურად მოხდა, რაზედაც სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელი იყო რეაგირება, მაგრამ როცა საქმე რელიგიას ეხება, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს საკითხის დელიკატურობა და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა არ დაუშვას რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება. რელიგიური ტოლერანტობა უფრო მნიშვნელოვანია და უფრო დიდი საზოგადოებრივი სიკეთეა, ვიდრე, გნებავთ უკანონო მშენებლობის დაუყონებლივი დემონტაჟი. ამიტომ მსგავს შემთხვევებში, სახელმწიფო ისეთი გადაწყვეტილების მიღებას უნდა ცდილობდეს, რომ არც მორწმუნეთა რელიგიური გრძნობები იყოს შეურაცხყოფილი და კანონის მოთხოვნაც აღსრულდეს. სიტუაცია კვლავ გამწვავდა მას შემდეგ, როდესაც შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ჩაატარეს სათანადო პროცედურები და გადაწყდა მინარეთის სოფელში დაბრუნება. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებას ახალციხეში მოქალაქეთა ერთი ჯგუფის პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გზა და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ მინარეთის დაბრუნებას. ასეთი ტიპის საპროტესტო აქცია, რომლის მიზანიც პირდაპირ გაცხადებულია, როგორც კანონდარღვევა, ანუ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა, თავისთავად მიუღებელია და იმავდროულად არის ელემენტარულად სამარცხვინო ჩვენს ქვეყანაში, სადაც ყოველთვის საფუძვლიანად ამაყობდნენ რელიგიური ტოლერანტობის საუკუნოვანი ტრადიციით. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ აქციაში ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე მონაწილეობდა. არანაკლებ საგანგაშოდ მიგვაჩნია მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა პოლიტიკური ხასიათის განცხადებები - კერძოდ განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი იძლევიან გარანტიას და მინარეთი არ აღიმართება და ა.შ. საქართველოში ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან და ურთიერთობები სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის რეგულირდება საკონსტიტუციო შეთანხმებითა და არსებული კანონმდებლობით. როგორც სახელმწიფოს არა აქვს უფლება ჩაერიოს ეკლესიის შიდა ცხოვრებაში, ისე ეკლესიას არა აქვს უფლება იტვირთოს სახელმწიფო ფუნქციები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უდიდესი ავტორიტეტითა და ნდობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ კონკრეტული მშენებლობის მიზანშეწონილობას მხოლოდ სახელმწიფო კანონმდებლობა განსაზღვრავს. საქართველოს რესპუბლიკური პარტია აცნობიერებს, რომ მმართველი კოალიციის წევრს წარმოადგენს და პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც ქვეყნის ხელისუფლებას ეკისრება. ხელისუფლებისგან კი საზოგადოება მოელის კონკრეტულ ქმედებებს და არა მხოლოდ შეფასებებს. აქედან გამომდინარე, სახელისუფლო სტრუქტურებმა აუცილებლად უნდა აღასრულონ კანონის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები მინარეთის დაბრუნების თაობაზე. "საქართველოს რესპუბლიკური პარტია" მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ყოველთვის უმკაცრესი რეაგირება უნდა მოახდინოს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ყოველგვარ მცდელობებზე, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ეს, რადგან რელიგიური შემწყნარებლობა, რელიგიურ უმცირესობათა უფლებები, ზოგადად მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების პატივისცემა არის ის ღირებულება, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ტრადიციაა, არამედ წარმოადგენს თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1613
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია