დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ნიადაგის მოსინჯვის პროცესშია
ავტორი:
2013/08/30 10:30:02
აფხაზეთში პრეზიდენტ პუტინის ვიზიტის მიზეზებსა და შედეგებზე, როგორ ნაბიჯებს შეიძლება ელოდოს კიევი რუსეთისგან უკრაინის მიერ რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირში შეუსვლელობისა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის ვილნიუსის სამიტზე დადასტურების შემთხვევაში, ასევე - სირიაში სამხედრო მოქმედების დაწყების შემთხვევაში ქცევის როგორ წესს არჩევს რუსეთი სამხრეთ კავკაშიაში, "ინტერპრესნიუსი" რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრს, დენის დვორნიკოვს ესაუბრა. - ბატონო დენის, საქართველოს ხელისუფლების განცხადებების ფონზე, რომ იგი მზადაა გააუმჯობესოს რუსულ-ქართული ურთიერთობები თქვენ როგორ შეაფასებდით რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს აფხაზეთში? რისი თქმა სურდა ამ ვიზიტით პუტინს თბილისისთვის, ვაშინგტონისა და ბრიუსელისათვის?- არა მგონია, რომ ამ ვიზიტით პუტინს ჰქონდა მიზანი, ვინმესთვის რამე ეჩვენებინა ანაც დაემტკიცებინა. ჩემი აზრით, საუბარი შეიძლება იყოს პუტინისა და აფხაზეთის ხელმძღვანლის, ამ შემთხვევაში ანქვაბს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. არ ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი მიზნად ვინმესთვის რაიმე სახის სიგნალების გაგზავნის მცდელობა იყო. მე ასე ვიტყოდი, როგორც ჩანს, არსებობს გარკვეული არააფიშირებული საკითხები, რომლებიც მათ განიხილეს. სამწუხაროდ, დღეს რუსეთს არათანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა აქვს. საექსპერტო თანამეგობრობას ყოველთვის როდი აქვს წლებზე გათვლილი ხედვები. რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ოპტიმალური იქნებოდა არა მარტო რუსეთსა და საქართველოს შორის ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება, არამედ ის, თუ როგორი ნორმალური ურთიერთობები ჩამოყალიბდება საქართველოსა და აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ხალხებს შორის და საბოლოო ჯამში საქართველო თავის ტერიტორიებს დაიბრუნებდა. - პუტინის მიერ აფხაზეთში გამართული შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებების ფონზე ძნელი წარმოსადგენია, რომ ამგვარი რამ ვივარაუდოთ... - ჯერ ძნელია, მაგრამ მე იმაზე ვსაუბრობ, რომ ეს საკითხები საექსპერტო დონეზე განიხილება. ჩვენ ვხედავთ, თუ რა ხდება აფხაზეთში. მხედველობაში მაქვს ის, რომ აფხაზეთიდან რუსი მოსახლეობა იდევნება. სხვათა შორის, საუბარია იმათ შთამომავლებზე, ვინც აფხაზეთში დიდი ხანია დამკვიდრებული იყო. რუსული პრესაში მოხვდა არაერთი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში რუსებს ბინებს ართმევენ. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რეპუტაცია შეებღალა, აფხაზეთის ხელისუფლების დამოკიდებულება რუსი მოქალაქეებისადმი რუსეთის მიმართ ძალიან დიდი უმადურობის გამოხატულებად აღიქმება. ამიტომაც ვამბობ, რომ რუსეთმა ამ ტერიტორიებთან დაკავშირებით უფრო ბრძნული პოლიტიკა უნდა გაატაროს. - ქართველ ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში პუტინის პასუხი გახლდათ პრეზიდენტ ობამას უარზე, მოსკოვში შეხვედროდა მას. ანუ, პუტინმა ვაშინგტონის გაღიზიანება კვლავაც ქართული თემით გადაწყვიტა. . . - სიმართლე გითხრათ, ასეც რომ იყოს, პუტინის პასუხი არასიმეტრიული იქნებოდა, ვინაიდან აფხაზეთში პუტინის ვიზიტი რეზონანსულად არ აღიქმება. ჩემი აზრით, საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში რუსეთს აფხაზეთზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხები უნდა აინტერესებდეს. ანუ არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტა უფრო საინტერესო იქნებოდა, ვიდრე აფხაზეთში ვიზიტით ჩასვლა. - ბრძანეთ - შესაძლოა, ამ ვიზიტის ფარგლებში პუტინსა და ანქვაბს შორის პირადი ურთიერთობები უფრო აქტუალური ყოფილიყო. შეგიძლიათ დააზუსტოთ, რატომ შეიძლება იყოს აქტუალური პუტინსა და ანქვაბს შორის პირადი ურთიერთობები? - სიმართლე გითხრათ, ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ. შესაძლოა, მათ შორის ფინანსურ ან სხვა სახის ურთიერთობებს ჰქონდეს ადგილი. იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაზე ანქვაბის წინაშე პუტინმა აფხაზეთში რუსი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხი დააყენა. ყოველ შემთხვევაში, მინდა ამის მჯეროდეს, მაგრამ მათ შორის პიროვნულ ურთიერთობებზე ჩვენ შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ. - უკრაინამ საბოლოოდ თქვა უარი რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირში შესვლაზე. უკრაინისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრების, აზაროვისა და მედვედევს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა განაცხადა - "ამ თემაზე მოლაპარაკებების წარმოებას აზრი აღარ აქვს." თქვენი აზრით, მოსკოვი საბოლოოდ შეეგუა უკრაინის საბაჟო კავშირში შეუსვლელობასა და იმას, რომ უკრაინა ვილნიუსის სამიტზე ხელს მოაწერს ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებას, თუ კიევი მოსკოვის მხრიდან უკრაინის მისამართით არასასურველ ნაბიჯებს უნდა ელოდოს? - რუსეთი უკრაინისთვის არასასურველ ნაბიჯებს უკვე დგამს. მხედველობაში მაქვს რუსეთში უკრაინული ნაწარმზე ექსპორტზე აკრძალვის დაწესება. საწყენია, რომ რუსი მომხმარებელი უკრაინიდან პოროშენკოს მიერ წარმოებულ "როშალის" კანფეტებს ვერ მიიღებს. ჩემი აზრით, ისეთივე ისტორია განმეორდება, როგორიც იყო ბორჯომთან დაკავშირებით. გარკვეული დროს განმავლობაში უკრაინული ნაწარმის რუსულ ბაზარზე შეტანა აკრძალული იქნება, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ უკრაინის პოზიციის მიუხედავად შესაძლოა დაბრუნდეს. რუსეთმა უკრაინის მიმართ ემოციური ნაბიჯი გადადგა. არ ვიცი, რამდენად მომგებიანი იქნება იგი თავად რუსეთისთვის და გამოიწვევს თუ არა რუსეთისგან უკრაინის სულ უფრო მეტად დაშორებას. როგორც თავის დროზე რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების აკრძალვას რუსეთისათვის არანაირი შედეგი არ მოუტანია, ზუსტად იმდაგვარი სიტუაცია იქნება უკრაინასთანაც. ვშიშობ, მოსკოვის ამ ნაბიჯით უკრაინა კიდევ უფრო დაშორდება რუსეთს, შემცირდება ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა, არამედ ახალგაზრდა თაობა კიდევ უფრო დისტანცირებული აღმოჩნდება რუსეთისაგან.- გასაგებია, რომ რუსეთი უკრაინის სამაგალითოდ დასჯას ცდილობს, მაგრამ ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ უკრაინის ხელმძღვანელობის გაბრაზება შეიძლება ყირიმში განლაგებულ რუსულ ფლოტზე აისახოს. ამ თვალსაზრით რა გართულებებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი რუსეთსა და უკრაინას შორის? - დიახ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ოფიციალურ მოსკოვსა და კიევს შორის დაპირისპირება რუსეთის ფლოტსა და სხვა ობიექტებზე აისახოს. არ არის გამორიცხული, რომ ყირიმში განლაგებულ რუსულ ფლოტთან დაკავშირებით სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილებები გაჩნდეს. შესაძლოა, ეს შეეხოს რუსული ენის სტატუს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. უკრაინას საკმაოდ ბევრი ინსტრუმენტები აქვს, რომ მოსკოვს საპასუხო ნაბიჯებით უპასუხოს. მაგრამ, მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ საქმე აქამდე არ მივა და ეს კონფლიქტი მას შემდეგ ამოიწურება, როცა უკრაინის მიერ რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირში შეუსვლელობასთან დაკავშირებული ემოციური ფონის პიკი გადაივლის. შესაძლოა, ამის შემდეგ რუსულ ბაზარზე უკრაინული ნაწარმიც დაბრუნდეს. არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა უკრაინის საბაჟო კავშირში შესატყუებლად რაიმე სხვა ნაბიჯები კიდევ გადადგას ამ თვალსაზრით, მოულოდნელი რაღაც-რაღაცეები შეიძლება მოხდეს, მაგრამ კონკრეტულად რა შეიძლება მოხდეს, ჯერ ძნელია ამის თქმა. - "უკრაინის ეროვნული გადარჩენის" კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ნუსმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამტკიცებს, რომ ვილნიუსის სამიტის მოახლოებისკენ რუსეთი უკრაინაში დესტაბილიზაციური პოლიტიკის გატარებას დაიწყებს. მისივე განმარტებით, იგი რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტსაც არ გამორიცხავს. თქვენი აზრით, რამდენად სავარაუდოა, მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარება?- ჩემი აზრით, ეს ძალიან ეგზოტიკური პროგნოზია. პირველ რიგში, რუსეთისათვის უკრაინასთან ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტი პლიუსი არ იქნება. რუსულ ჯარში ძალზე ბევრი პრობლემაა. რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტის ალბათობა უფრო ასტროლოგიურ პროგნოზს ჰგავს. მიმაჩნია, რომ მოვლენათა ამ სცენარით განვითარება გამორიცხულია. - მას შემდეგ, რაც უკრაინამ უარი თქვა რუსეთ-ბელორუს- ყაზახეთის საბაჟო კავშირში უარი თქვა და არჩევანი ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ გააკეთა, კრემლი უარს იტყვის ევრაზიული კავშირის შექმნის იდეაზე? - მე ასე ვიტყოდი, ევრაზიული კავშირის იდეა ჯერ ბოლომდე ფორმულირებული არც არის. ამ პროექტის აღსაქმელად გასაგები გეგმა არ არსებობს. გაუგებარია, რისი შეთავაზება უნდა რუსეთს მისი პოტენციური პარტნიორებისათვის. ამ თვალსაზრისით პროცესი ფუნდამენტური გააზრების გარეშე მიმდინარეობს. ადამიანები ხშირად იყენებენ ტერმინებს ევრაზიული კავშირი და ევრაზიული სივრცე, მაგრამ გაუგებარია ვინ რა აზრს დებს ამ მცნებებში. გასაგებია, რომ ევრაზიული კავშირი არ შეიძლება იყოს საბჭოთა კავშირის მოდელი. თუ ასეთი პროექტი ბუნებაში არსებობს, იგი გასაგებად უნდა იყოს ფორმულირებული. ამ პროექტის პრობლემა იმაშია, რომ გაურკვეველია ევრაზიული კავშირი საით მიდის და მისი მიზნები ყველასათვის გასაგები არაა. -აღარავის ეპარება ეჭვი, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთის მიერ გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყება "მხოლოდ დროის საკითხია", მაგრამ ახლა საინტერესოა, თუ რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს რუსეთის სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ? რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი აცხადებს, რომ "რუსეთი არავისთან ომს არ აპირებს", მაგრამ მაინც . . . - რუსეთი მხოლოდ დიპლომატიური ინსტრუმენტებით იმოქმედებს. სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ რუსეთს რეგიონში არავითარი სამხედრო პოტენციალი არ გააჩნია. რუსეთი საინფორმაციო სივრცეში შემოიფარგლება ნოტებით, წერილებით, განცხადებებითა და გარკვეული რიტორიკით. ნორმალური ადამიანები კი იმედოვნებენ, რომ ადამიანები არ დაიღუპებიან. ის, რაც სირიის ირგვლივ ხდება, საგანგაშოა. - სირიაში სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში თქვენ რუსეთის გააქტიურებას სამხრეთ კავკასიაში გამორიცხავთ? - ჩემი აზრით, ეს გამორიცხულია. ჯერ ერთი, სირია რუსეთის ახლო სამეზობლოდანაც კი საკმაოდ შორსაა. გარდა ამისა, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ნებისმიერი მოქმედება რეზონანსული და ინფორმაციული თვალსაზრისით საკმაოდ დიდი რისკის შემცველი იქნებოდა. - აზერბაიჯანში პრეზიდენტ პუტინის ვიზიტის შემდეგ როგორ შეფასებდით რუსეთის პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში?- რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში უცნაური და მთლად გასაგები არაა. პუტინის ვიზიტი აზერბაიჯანში საკმაოდ რთული იყო. ჩემი აზრით, ასეთი ვიზიტები რეგულარულად უნდა იმართებოდეს. რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ნიადაგის მოსინჯვის პროცესშია. იმის გამო, რომ ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირის ასოცირებულ წევრობის შეთანხმების დოკუმენტს საქართველოსთან და უკრაინასთან ერთად ხელს სომხეთიც აწერს, რუსეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობები გართულებულია. - ასეთ ფონზე, როგორ შეაფასებდით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივას?- ყველაფრის მიუხედავად, მე ოპტიმისტი ვარ. რა თქმა უნდა, საჭიროა ამ ურთიერთობების განახლება. საჭიროა ურთიერთობების თანასწორუფლებიანობისა და პარტნიორობის საფუძველზე მშენებლობა. ურთიერთობების მთავარი საყრდენი შეიძლება იყოს საქართველოსა და აფხაზეთის და საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ხალხებს შორის შერიგება. ამ თვალსაზრისით რუსეთს მნიშვნელოვანი როლის შეტანა შეუძლია.- 20 წელზე მეტია ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში რუსეთი მხოლოდ საქართველოს ინტერესების საზიანოდ მონაწილეობდა და ახლა როგორ წარმოგიდგენიათ მის მიერ ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლის შესრულება?- ჩემი აზრით, საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკა ძირეულად უნდა შეიცვალოს და უნდა იყოს მიმართული ქართველებისა და აფხაზების და ქართველებისა ოსების შერიგებაზე. მე ასე მიმაჩნია. - და თქვენ ვარაუდობთ, რომ რუსეთი საქართველოს მიმართ სწორედ ასეთ პოლიტიკას გაატარებს?- ის პროცესები, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებში მიმდინარეობს, მიგვანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს ნორმალური ურთიერთობები უნდა ჰქონდეს საქართველოსთან. მე როგორც რუსეთის საზოგადოებრივი საბჭოს წევრს, მსურს ჩემი ძალისხმევა არ დავიშურო იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნების საზოგადოებების დონეზე განვითარდეს დიალოგი. ამგვარი დიალოგის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ უფრო სწორი და ბრძნული პოლიტიკის შემუშავებასა და ცხოვრებაში გატარებას. ამ დიალოგში უნდა ჩაერთონ საზოგადოებისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები. პირადად მე მიმაჩნია, რომ საქართველომ უნდა აღიდგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ეს სწორიც და ყველასათვის კარგი იქნებოდა. კობა ბენდელიანი"ინტერპრესნიუსი"
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1607
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია