დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახი გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილოა
ავტორი:
2013/08/28 14:48:03
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის ოჯახი გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილოა და ხელისუფლებას სიმართლის დადგენას კიდევ ერთხელ სთხოვს. "ინტერპრესნიუსი" დღეს სოფელ გალავანში ჩავიდა, სადაც ჩოხელის ოჯახს ეწვია და ოჯახის წევრებს გაესაუბრა. როგორც არჩილ ჩოხელის დედა, იზა ბუჯიაშვილი აცხადებს, მისთვის დღემდე არაფერია ცნობილი, რა მოხდა ერთი წლის წინ, რატომ და ვინ მოკლა მისი შვილი. მისთვის ასევე უცნობია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება და არსებობს თუ არა რაიმე ახალი დეტალი გამოძიების მიმდინარეობისას. "განცხადება შევიტანეთ, მაგრამ როგორც საჭიროა, ისე არ მიმდინარეობს გამოძიება. კმაყოფილი როგორ შეიძლება ვიყო გამოძიებით, როცა ერთი წელი გავიდა და არაფერი ვიცით. გვაინტერესებს, რა მოხდა, რატომ მოკლეს ჩემი შვილი, რატომ ჩაატარეს ეს სპეცოპერაცია, ვის გვერდით დაიღუპა. იმასაც ამბობენ, რომ სნაიპერმა მოკლა და რომ გაიგო ჩოხელი მოკლა, თავიც მოიკლაო. რამდენად მართალია, ესეც არ ვიცით. არ იძიებენ საქმეს ნორმალურად. მინდა, სიმართლე გავიგო და ამას ვთხოვ ხელისუფლებას. ყველაზე ცუდი გარუკვევლობაში ყოფნაა", - აცხადებს დაღუპული სპეცრაზმელის დედა.მას იმედი აქვს, რომ თუკი დღევანდელი მთავრობა დარჩება და არ შეიცვლება, საქმე გამოძიებული და ბოლომდე მიყვანილი იქნება. ამასთან, იზა ბუჯიაშვილი იხსენებს, რომ ვიდრე სპეცოპერაცია განხორციელდებოდა, მისი შვილი ერთი თვით ადრე პრეზიდენტმა დაიბარა."სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ერთი თვის წინ სააკაშვილმა დაიბარა ჩემი შვილი, კარგად შეათვალიერა, დაასაჩუქრა კიდეც, ერთი თვის შემდეგ კი სიკვდილი გამოუწერა. მაშინდელი უფროსების ბრალია ყველაფერი. ახალაიამ არაფერი იცოდა, არ იცოდა, როგორც უნდა წაეყვანა რაზმი და ყველაფერი თავის თავხედობით მოუვიდა", - ამბობს გარდაცვლილის დედა.იზა ბუჯიაშვილის თქმით, მისი ქალიშვილი გამომძიებელთან ბოლოს სამი თვის წინ იმყოფებოდა, რომელმაც უთხრა, რომ დაკითხეს თანამშრომლები, თუმცა ყველამ ერთნაირი ჩვენება მისცა."მარტო ღარიბაშვილი მოვიდა ჩვენთან და მან გაიზიარა ჩვენი მდგომარეობა. ნანუაშვილის მადლობლებიც ვართ. მან დააყენა დღის წესრიგში ეს საკითხი, თორემ არც ჩვენს განცხადებას მიაქცევდნენ ყურადღებას", - აღნიშნა იზა ბუჯიაშვილმა. ლოპოტას ხეობაში, საქართველო - დაღესტნის საზღვართან სპეცოპერაციის დროს საქართველოს სამბისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი არჩილ ჩოხელი 2012 წლის 29 აგვისტოს დაიღუპა. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომელი იყო. სპეცოპერაციის დროს დაიღუპნენ, აგრეთვე, კიდევ ერთი სპეცრაზმელი სოლომონ წიკლაური და სამხედრო ექიმი - ვლადიმერ ხვედელიძე.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1480
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია