დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სოსო ცისკარიშვილი - არ არსებობს ოპოზიცია, რომელიც იმდენ ბერკეტს ფლობს ქვეყანაში, რამდენსაც - "ნაცმოძრაობა"
ავტორი:
2013/08/28 12:52:02
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებსა და 2013 წლის შემოდგომის სავრაუდო შედეგებზე "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.- ბატონო სოსო, უჩვეულოდ გრილი ზაფხულიც მიიწურა და "ინტერპრესნიუსი" ტრადიციას არ არღვევს. თემაზე - თუ როგორი შეიძლება იყოს პოლიტიკური თვალსაზრისით 2013 წლის შემოდგომა, წელსაც თქვენთან საუბრს არჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ოდნავ ნაკლები დარჩა. თქვენ როგორ შეაფასებდით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ პროცესებსა და საპრეზიდენტო არჩევნების წინ არსებულ ვითარებას?- 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის ოქტომბრამდე საქართველომ განვლო ძალიან სერიოზული ცვლილებების გზა და ცხადია, მარტივი გამოსვალი ჯერ ვერ იპოვა იმ ვითარებიდან, რომელშიც აღმოჩნდა. ჩემი აზრით, განვლილი წლის ყველაზე მკაფიო მახასიათებელი ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა გახლავთ. შესაძლოა, ზოგს არ მოსწონს ეს ტერმინი და საკუთარი თავი ერთმნიშვნელოვნად მთავარ მმართველად მიაჩნია, მაგრამ ახლა ოპოზიციაშია "ნაცმოძრაობა", რომელიც რაეალურად, უამრავ სახელისუფლო ბერკეტს ფლობს. არაერთ საზღვარგარეთელ დიპლომატთან მაქვს გადამოწმებული და შემიძლია, დაბეჯითებით ვამტკიცო - არ არსებობს დედამიწაზე ისეთი ოპოზიცია, რომელიც ქვეყანაში იმდენ ბერკეტს ფლობს, რამდენსაც - "ნაცმოძრაობა". გამომდინარე იქედან, რომ არსებული კონსტიტუციით ქვეყნის პრეზიდენტი არის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი, მოწმენი ვართ, რომ სწორედ იგივე ადამიანია იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც თავის თავს ოპოზიციას უწოდებს. თუმცა, ამ პოლიტიკური ძალის ლიდერი გახლავთ შეიაღაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ამავე დროს პრაქტიკულად აკონტროლებს ყველა გუბერნატორის საქმიანობას, რომელსაც თავად ნიშნავს, დიდი გავლენა აქვს სასამართლო სისტემაზე, საზღვარგარეთ დიპლომატიურ კორპუსზე, ადგილობრივი ხელისუფლების დიდ ნაწილზე, კონტროლის პალატაზე, ეროვნულ ბანკზე და ა. შ. ანუ, ასეთი უფლებამოსილებები და გავლენის ბერკეტები ზოგიერთ ქვეყანაში თავად ერთადერთ ხელისუფლებასაც არ გააჩნია. ამიტომ, რადგან ჩვენი ახლი ხელისუფლებაც და საზოგადოებაც არატრადიციულ გარემოში აღმოჩნდა, ცხადია, ის კანონიერი შეფასებები, რომელიც წინა ხელისუფლების მისამართით წლების განმავლობაში გაისმოდა, მეტ-ნაკლებად ეჭვის საგანი გახდა. ვითარებაში, როცა ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიდის, შეგვიძლია ვისაუბროთ ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის დეფიციტზე. ჩემი აზრით, ყველაზე მწვავე დეფიციტს საქართველო განიცდის მილიარდერების რაოდენობაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ქვეყანაში ერთ მილიარდერზე ერთი მილიონი ჭკუისმასწავლებელი და 2 მილიონი მის ჯიბეში ხელის ჩაყოფაზე "მეოცნებე" მოდის, "შეგიძლიათ, მეც ორივე ჯგუფში მიგულისხმოთ". ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ამ მილიარდერმა უკვე დაიმკვიდრა უაღრესად პოზიტიური ნიშა, რადგან მან შეუძლებელი შესძლო და ქვეყანა გაათავისუფლა ერთპიროვნული დიქტატურისგან. თუმცა, ბოლომდე დემოკრატიული განვითარების საშუალება დღევანდელ ხელისუფლებას არ ჰქონია. ახალი ხელისუფლება მთელი განვლილი წელი ძირითადად შეტევათა მოგერიებაში, საბოტაჟების გადალახვაში, ცილისწამების უარყოფაში იყო და ამდენად თავისი პოტენციალი სრულად ვერ გამოამჟღავნა. - საინფორმაციო სივრცეში მოხვედრილი ფაქტები, დადასტურებული თუ დაუდასტურებული ჭორ-მართლის ჩამონათვალი მშვიდად ყოფნის საფუძველს არ იძლევა. რჩება შთაბეჭდილება, რომ უხილავი ხელი საინფორმაციო სივრცეში წინასაარჩევნოდ ისეთ ფონს ქმნის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა სკანდალების ფონზე ჩაიაროს და მისი შედეგების ნაკლებად ლიეიტიმურობის ილუზია შეიქმნას. თქვენ ასეთი შთაბეჭდილება არ გრჩებათ? - ეს მხოლოდ შთაბეჭდილება არ გახლავთ. უკვე რამოდენიმე თვეა, ვსაუბრობ ასეთ ვითარებაზე, რომელიც თქვენ აღწერეთ. ფაქტია, რომ "ნაცმოძრაობა" ვერ შეეგუა ოპოზიციის სტატუსს. იგი ნაციონალურ-სადისტური მოძრაობიდან გადაიზარდა ნაციონალურ-მავნებლურ მოძრაობაში. ამ პარტიების მავნებლობა სახეზეა. სატელევიზიო ეთერით პრეზიდენტის ყოველი გამოსვლა ორმაგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ნეგატივი ის გახლავთ, რომ იგი მუდმივად დამამცირებლად მოიხსენიებს დღევანდელ ქართულ სახელმწიფოს და ჰიჩ-კოკის სიუჟეტებს ავრცელებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს შესახებ. ამავე დროს, საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" პიარ-კამპანიის ლიდერი პრეზიდენტი სააკაშვილია. რომ არა მისი გამოსვლები, ქართველი ამომრჩეველი ამ არჩევნების მიმართ ბევრად უფრო გულგრილი იქნებოდა. ეკრანზე პრეზიდენტის ხშირი გამოჩენა იწვევს იმ განცდების აღდგენას, რომელიც შარშან ქვეყანაში არსებობდა და საპრეზიდენტო არჩევნებზე "ნაცმოძრაობის" ისედაც უპერსპექტივო შედეგს კიდევ უფრო დაბლა სწევს, ხოლო ამომრჩეველთა რაოდენობა ნამდვილად გაიზრდება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ყოფილიყო. - არჩევნებში მთავარია, ვინ გაიმარჯვებს, მაგრამ დღევანდელი პოლიტიკური რეალობა იმაზე მიანიშნებს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, თუ ვინ დაიკავებს საპრიზო მეორე და მესამე ადგილებს. თქვენი პროგნოზი როგორია? აქვე, თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურად ასახავს რეალობას "ქართული ოცნების" მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც გიორგი მარგველაშვილი 53%-ით ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზეა დავით ბაქრაძე 9%-თა და მესამეზე ნინო ბურჯანაძე 7%-ით. . . - ესეც ქართული რეალობაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე არსებობს "საპრიზო ადგილების" ცნება. ოლიმპიური თამაშებისგან განსხვავებით, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი პრიზები არ გაიცემა, მაგრამ გეთანხმებით, რომ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში სერიზული მნიშვნელობა აქვს, მეორე ადგილს დაიკავებს "ნაცმოძრაობა" თუ მესამეს. "ნაცმოძრაობის" ოცნება გახლავთ მეორე ადგილი და ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად დამკვიდრება, რაც ქართველი ამომრჩევლის ინტერესებში არ შედის. არსებული რეალობა იმ სიტუაციის ადეკვატურია, რომელშიც ვიმყოფებით. შესაძლოა, უკეთესიც იყოს, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ დაკვეთილი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, მითუმეტეს თუ ის ძალა მონაწილეობს არჩევნებში, არ უნდა იყოს განსაჯაროებული. დაე, თავისთვის შეინახონ საკუთარი შემოქმედების შედეგები. როდესაც ჩვენ სხვა პოლიტიკური ძალების ანალიზსაც გავეცნობით, მივხდებით, რომ საქმე არც ისე გონივრულად არის, როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს.თავისთავად, კვლევა, რომელზეც ვსაუბრობთ, რასაკვირველია, ძალიან სოლიდური მეცნიერული ბაზის საფუძველზეა შექმნილი, მაგრამ ცხადია, არავის გამორჩებოდა "განსხვავება" წარმოდგენილ კანდიდატებს შორის. ასეთი "განსხვავება" არც ერთ სხვა გამოკითხვაში არ სუფევდა. არაერთი სააგენტო თავის საიტზე აწარმოებს გამოკითხვებს. ეს გამოკითხვები ერთამანეთს ემთხვევა, ხოლო უკანასკნელი გამოკითხვაც პოლიტიკური პარტიის დაკვეთით, ვგულისხმობ "ქართულ ოცნებას", რასაკვირველია კითხვებს ბადებს, თუნდაც ასეთს - როდესაც პრემიერ-მინისტრის და მისი მთავრობის მიმართ ნდობას 40%-ზე ნაკლები უცხადებს, მათმა კანდიდატმა როგორ მიიღო ნდობის 53%, გაუგებარია. თუ პირდაპირ ვიტყვით, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატს ქართული საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ასევე გაუგებარია, თუ რატომ არის დარწმუნებული გამოკითხულთა 65% იმ ადამიანის გამარჯვებაში, რომელსაც, ჩემი აზრით, ამომრჩეველთა 65% არ იცნობს. - კვლევის გამოქვეყნებისთანავე არასაპარლამენტო ოპოზიციამ "ქართული ოცნება" დაადანაშაულა, რომ ხელისუფლებას მეორე ადგილზე "ნაცმოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის გაყვანა სურს და ბურჯანაძის შანსებს განზრახ აკნინებს. თქვენც ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩათ?- ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ამ კვლევის შედეგები გამოქვეყნდებოდა, გამოვთქვამდი სრულიად მკაფიო, ლოგიკურ აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ არა თუ "ქართული ოცნებისთვის", არამედ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებისთვის "ნაცმოძრაობა" არის საოცნებო ოპოზიცია. ყველა ხელისუფლება ბედნიერი იქნება, თუ მისი მთავარი ოპონენტი იქნება მოსახლეობის სიძულვილის საგანი. ასეთია რეალობა. ამავე დროს, შეიძლება ვნახოთ სრულიად მკაფიო თანამშრომლობა "ნაცმოძრაობასა" და "ოცნებას" შორის სწორედ იმიტომ, რომ ბურჯანაძის შანსები შემცირდეს და არ იყოს საფრთხე მეორე ტურის. - არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები იმაზეც კი საუბრობენ, თითქოს "ქართული ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებზე ბურჯანაძის გამარჯვება სურს და ამისათვის არც მთლად ლოგიკურ ნაბიჯებსაც დგამს. თქვენთვის რამდენად სარწმუნოდ გამოიყურება პროცესების ამგვარი აღქმა? - "ქართულ ოცნებაში" რომ ასეთი სურვილი არ არსებობს, ამაში დარწმუნებული ვარ. რაიმე მიახლოებული არა პრეზიდენტობასთან, არამედ ნორმალურ კოლეგიალურ ურთიერთობებთან რომ ჰქონოდა ბურჯანაძეს "ქართული ოცნების" ლიდერთა ნაწილთან მაინც, ბურჯანაძე თავისი პარტიით ამ კოალიციის გარეთ არ დარჩებოდა. ის, როგორც მოქმედებს "ქართული ოცნება", სურს ეს მას თუ არა, სწორედ ბურჯანაძის "დემოკერატიულ მოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს. თუნდაც იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული კანდიდატი, ბატონი მარგველაშვილი, რომელიც პირადად ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანია დღევანდელ მთავრობაში, სხვადასხვა ფასეულობებით არის შეფასებული ჩვენი მოსახლეობის მხრიდან იმისდა მიხედვით, იქნება ის დუეტში პრემიერ-მინიტრთან ერთად წარმოდგენილი ხელისუფლებაში, თუ მას მოუწევს წლების განმავლობაში პოლიტიკური სოლოს შესრულება. ესეც, როგორც გაუგებრობა, ბურჯანაძის მომხრეებს ამრავლებს. - ბევრი ექსპერტი მეორე ტურის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თქვენც ასე ვარაუდობთ?- დიახ, ამ თემაზე "ქართულ ოცვნებას" საფიქრალი ნამდვილად აქვს. პირველი განაცხადი 53% რატომღაც მახსენებს 2008 წლის არჩევნებზე სააკაშვილის მიერ მიღებულ ციფრს. იმედი მაქვს, რომ ეს ციფრი იქნება სამართლიანი და სხვა მხრივ არ დაემსგავსება 2008 წელს სააკაშვილის შედეგს, რომელიც მან სერიოზული დარღვევების შედეგად მიიღო. დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი არ ისურვებს, რაიმე ტიპის გაყალბებები იყოს დაკავშირებული მის სახელთან და 53%-ან გამარჯვებას ამჯობინებს, ვიდრე 70-%ზე მეტით მოგროვებას და შემდგომ წლების განმავლობაში კრიტიკის საგნად დარჩენას. - თქვენმა კოლეგამ ზაზა ფირალიშვილმა ახალი ხელისუფლების 10 თვიანი საქმიანობის შეჯამებისას ასეთი მოსაზრებები გამოთქვა - "ახალ ხელისუფლებას არ უზრუნია "ნაცმოძრაობის" იდეოლოგიური და ინტელექტუალური ალტერნატივის შექმნაზე. კოალიციის იდეოლოგიური პორტრეტი ამორფულია". გარდა ამისა, ახლმა ხელისუფლებამ სამართლიანობის დამკვიდრების საქმეში "ენერგიისა და პოლიტიკური ნების უქონლობა" გამოამჟღავნა. რამდენად მისაღებია თქვენთვის თქვენივე კოლეგის მიერ გამოთქმული მოსაზრებები და დარჩენილ დროში რამდენად შეძლებს კოალიცია ამომრჩევლის დარწმუნებს იმაში, რომ სწორედ იგია "ნაცმოძრაობის" იდეოლოგიური და პოლიტიკური ალტერნატივა? - ყოველთვის დიდ კმაყოფილებას ვიღებ, როცა დამოუკიდებელ ექსპერტთა წევრებს ერთმანეთში კამათი გვაქვს. აზრი, რომელიც, ბატონმა ზაზამ გამოთქვა, ჩემი აზრით, ვერ იქნება რაიმე ტიპის ნოუ-ჰაუ, რადგან, დიახაც, ბატონი ზაზა ჭეშმარიტებას ბრძანებს "ქართული ოცნების" მიმართ მოლოდინი რაიმე იდეოლოგიური პორტრეტის მკაფიო შტრიხებით დანახვისა, არ ყოფილა, რადგან, თავად ამ კოალიციის შემადგენლობა არ არის აგებული რაიმე ერთი პოლიტიკური ხედვის საფუძველზე. ამ კოალიციამ, საერთო მიზანს უკვე მიაღწია. ის გახლდა გამარჯვებული უთანასწორო ბრძოლაში მონსტრთან, რომელიც 9 წლის განმავლობაში ღრნიდა ქართულ სახელმწიფოებრიობას. ჯერ კიდევ წინ გველის იმ მავნებლობათა ნუსხის დაზუსტება, რაც "ნაცმოძრაობის" ლიდერებმა გამოიჩინეს სახელმწიფოს მიმართ. მხოლოდ ერთი მტკიცებულებაა საკმარისი წინა ხელისუფლების შეფასებისთვის. არჩევნების დღეს, გასული წლის 1 ოქტომბერს, ვიდრე საარჩევნო კომისია ურნებს გახსნიდა და რაიმეს დათვლას დაიწყებდა, ქვეყნიდან გაუჩინარდა ნაციონალურ-სადისტური მოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგი, იუსტიციის მინისტრი. მას უცებ მიყვა მისივე შეგირდი, მთავარი პროკურორი. დამისახელთ სხვა ქვეყანა, რომლიდანაც ხელისუფლების ცვლის დღეებში ქვეყნიდან თავდაცვის სამი მინისტრი გაიქცა. აღარაფერს ვამბობ ჯანდაცვის მინისტრისა, თუ სხვა უწყებების უფროსების და მოადგილეების ქვეყბიდან გაუჩინარებაზე. ასეთ ვითარებაში კოაბიტაციაზე ჩაბღუჭება, როგორც სურვილი ქვეყნის იმ ვითარებიდან გამოყვანის, რომელშიც იგი იყო, რასაკვირველია, სერიოზული და ახალი ხელისუფლების ძირითადი შეცდომაა, რის გამოც "ქართული ოცნების" რეიტინგი შარშანდელ წელთან შედარებით დაბალია. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ასეთი გამარჯვება ყოველთვის უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ხელისუფლების მართვის ყოველდრიურობა. - ბატონო სოსო, როგორ შეაფასებდით რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტს ბიჭვინთაში და რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების 5 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანლის, სერგეი ლავროვის განცხადებებს? მოსკოვმა თბილისს მრავალუცნობიანი განტოლება კიდევ ერთხელ შესთავაზა ამოსახსნელად, თუ ყველაფერი ცხადზე ცხადია, როგორც ანქვაბმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა - К прошлому возврата нет?- ჩემი აზრით, იმ განტოლებაში, რომელსაც პუტინი გვთავაზობს, უცნობთა რაოდენობა მცირდება. გამომდინარე იქედან, რომ დღესაც რუსეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს მიაჩნია, 2008 წლის აგვისტოში ცხინვალში მოსკოვმა დაამარცხა არა თბილისი, არამედ ვაშინგტონი და ბრიუსელი. ეს განცდა არ ასვენებს თავად პუტინს და ვფიქრობ, რომ მისი ვიზიტი აფხაზეთში არ შედგებოდა, რომ არა ობამას პოლიტიკური სილის გაწვნა - მოსკოვში მასთან შეხვედრაზე უარის თქმით. როგორც ჩანს, პუტინს ამერიკასთან საკინკლაოდ სხვა რესურსი არა აქვს და მან საქართველო გამოიყენა, მისი დამცირების მზაობა კვლავ გამოთქვა და ამით გარკვეული გზავნილები გაუგზავნა შტატებს. კერძოდ, მას გააჩნია ბერკეტი, რომელიც აიძულებს ამერიკას საკუთარ სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან შეაჩეროს, ან შეცვალოს ურთიერთობები. ამიტომ იყო, რომ მყისიერი იყო რეაგირება ნატო-ს მაღალჩინოსნებისაც. პუტინმა აფხაზეთში ვიზიტით ის ვერ მიიღო, რაც დათესა, რადგან, მთელ მსოფლიოს შეახსენეს მისი სიტყვის გამტეხობა და საერთაშორისო სამართლის აბუჩად ამგდებლობა. რაც შეეხება განცხადებას, რომ К прошлому возврата нет, შემიძლია დავეთანხმო ბატონ ანქვაბს, რადგან ის прошлое რაც არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს, რესპუბლიკებში სხვადასხვა წარმონაქმნებს შორის, აღარ უნდა არსებობდეს. უნდა იყოს სხვა და უკეთესი. არავინ არ მისტირის წარსულს და ნურც ბატონ ანქვაბს ეგონება, რომ საქართველოს რომელიმე მოქალაქე წარსულისკენ არის ორიენტირებული. კობა ბენდელიანი"ინტერპრესნიუსი"
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1582
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია