დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საპატრიარქო სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებს რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობდ აფასებს
ავტორი:
2013/08/28 09:15:02
ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებს გუშინ საღამოს საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გააცნო. "ინტერპრესნიუსი" საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებული ზოგიერთი განცხადება გვაფიქრებინებს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ ეს მოვლენა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად, მუსლიმთა უფლებების დარღვევად წარმოაჩინოს და ამ განწყობას უღვივებენ ისლამის მიმდევარ უბრალო ხალხსაც. მივმართავთ ჩვენს სისხლსა და ხორცს, სოფელ ჭელას მუსლიმ ქართველებს, საქართველოს სხვა სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრებ ქართველ და არაქართველ მუსლიმებს, ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც საუკუნეების წინაც კი, როდესაც ჩვენი ერი სხვადასხვა ისლამური ქვეყნების შემოსვლებს უმკლავდებოდა, საქართველოში მცხოვრებ მაჰმადიანებზე ეს არ ისახებოდა და ისინი ასეთ დროსაც კი შევიწროებას არ განიცდიდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ურთიერთობა დღეს უფრო მაღალ საფეხურზეა ასული და ამ დამოკიდებულებას ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. ის კი, რაც ამჟამად ხდება, არის რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობა, დაახლოებით მსგავსი იმ პროცესებისა, რაც სურდათ განევითარებინათ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში. ამ ძალის მიზანია, როგორმე დააპირისპიროს ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობა. ამით კი ეკლესიისა და სახელმწიფოს დისკრედიტაცია მოახდინოს და ამ ფონზე თავისი მიზნები განახორციელოს. ვინც ამ მოვლენებს თვალყურს ადევნებს, შეუძლებელია ეს არ დაინახოს. თხოვნით მივმართავთ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმთა სულიერ ლიდერებს, ხელი კი არ შეუწყონ, არამედ შეეწინააღმდეგონ პროვოკაციულ ქმედებებს, როგორც ადიგენში, ისე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. დღეს თქვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება თქვენი სამწყსოს პოზიცია კანონის, სახელმწიფოებრივი ინტერესების და, რა თქმა უნდა, რელიგიური გრძნობების დაცვის საკითხში. ჩვენ ჩვენის მხრივ ყოველთვის ვცდილობდით და კვლავაც ძალისხმევას არ მოვაკლებთ, რათა ის კეთილი დამოკიდებულება, რაც გვაქვს საქართველოში მყოფ მუსლიმ რელიგიურ ლიდერებთან და მოსახლეობასთან, ასევე, ჩვენს მეზობელ მუსლიმურ ქვეყნებთან და მათ სულიერ ლიდერებთან, განვამტკიცოთ. ამისთვის კი ერთადერთი წინაპირობა მიგვაჩნია, მომხდარის რეალური მიზეზების სასწრაფოდ დადგენა, უკანონო ქმედებების ჩამდენთა, ვითარების გამწვავებით დაინტერესებულ პირთა გამოვლენა, ამასთან, სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომ ყველამ იცოდეს თავისი ქმედებების ზღვარი, რათა არ მოხდეს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ესკალაცია.ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლით, ღმერთმა დალოცოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო", - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1598
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია