ქუთაისის არასამთავრობო სექტორი განცხადებას ავრცელებს, „ნიუპოსტს“ ის ცოტა ხნის წინ მიაწოდეს და გთავაზობთ უცვლელად.
„ღია წერილი საქართველოს პარლამენტს!
საქართველოს ხელისუფლების მიერ, სამი წლის წინ მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანის შესახებ. ეს გადაწყვეტილება შემდგომში ქვეყნის კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებითაც აისახა. ხელისუფლების ეს ნაბიჯი, ისევე როგორც სხვა უამრავი (სიღნაღის, ბათუმის, ქუთაისის, მესტიის, მცხეთის, ახალციხის და სხვა მუნიციპალიტეტების ისტორიული-კომუნალური-სოციალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის და განსაკუთრებული ზონების სტატუსის მინიჭება), საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით ხელისუფლებისთვის მინიჭებული უფლება-მოსილებით იყო გამაგრებული. კონსტიტუციის ეს მუხლი ხელისუფლებას ავალდებულებს, იზრუნოს ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის. პარლამენტის სასახლის მშენებლობის პარალელურად, ქუთაისში გადმოტანილ იქნა ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა რგოლები: კონტროლის პალატა, ენერგო და წყლის მარეგულირებელი კომისია, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილს, დაიწყო ახალი, საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და ა.შ.
მართალია, ჩვენ, ქუთაისელებს, არ გვქონია შანსი ზემოთაღნიშნული ცვლილებების შესახებ საჯარო დისკუსიაში მიგვეღო მონაწილეობა, მაგრამ ამ ცვლილებებით გამოწვეული სიკეთეების დანახვაც, ვფიქრობთ, უმადურობა იქნებოდა. ცენტრალური ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ქუთაისში გადმოტანამ, რომელიც დაგვირგვინდა პარლამენტის ქუთაისში დამკვიდრებით, გაზარდა ქალაქის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისი საერთაშორისო ცნობადობა, რასაც, შესაბამისად, მოჰყვა საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება. ამას მოჰყვა ქუთაისში უძრავი ქონების ღირებულების გაზრდა, გაიზარდა მოთხოვნა დამატებით სერვისებზე. რამაც, თავის მხრივ, მომსახურების სფეროში ახალი ბიზნესობიექტების გაჩენა გამოიწვია. ქუთაისში საგრძნობლად გაიზარდა შიდა და საერთაშორისო ტურიზმი. ქვეყნის პოლიტიკური ფუნქციების გარკვეული ნაწილის ქუთაისისთვის დელეგირებამ, გააჩინა ქალაქის და მთელი იმერეთის საზოგადოების პოლიტიკური აქტივობის გაზრდის იმედი. ქუთაისისთვის გაზრდილი ადმინისტრაციული და ბიზნეს ფუნქციები ქმნიდა იმერეთის რეგიონის უფრო სწრაფი ტემპებით განვითარების წინაპირობებს.
ყოველივე ამ ცვლილებამ ქუთაისს, როგორც სიდიდით ქვეყნის მეორე ქალაქს, გაუჩინა შანსები, გამოსულიყო იმ პოლიტიკური და ეკონომიკური სტაგნაციიდან, რომელშიც ის წინა საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან ჩავარდა და რომლიდან თავის დაღწევას საკუთარი მწირი რესურსებით უშედგოდ ცდილობდა.
ამჟამად ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლის მიზანიც ქუთაისიდან პარლამენტის გადატანაა. ამ ინიციატივის გასამართლებლად გამოთქმული არგუმენტები შეიძლება რამდენიმე პუნქტად ჩამოყალიბდეს:
* ქუთაისში პარლამენტის შენახვა უფრო ძვირია, ვიდრე თბილისში.
* პარლამენტსა და მთავრობას შორის არსებული მანძილი (220 კილომეტრი) გაართულებს კომუნიკაციას.
* პარლამენტის შენობა არაკომფორტულია.
* პარლამენტარებს ქუთაისში კომუნალური პრობლემები გექნებათ.
რაც შეეხება ქუთაისში პარლამენტის შენახვის სიძვირეს, არსებობს ალტერნატიული გათვლები, რომლის მიხედვით ქუთაისში პარლამენტის შენახვა უფრო იაფი ჯდება ვიდრე თბილისში. ასეც რომ არ იყოს, წელიწადში რამდენიმე ათეული, ან თუნდაც ასეული ათასი ლარის დაზოგვა ნამდვილად ვერ გადაწონის იმ პოზიტიურ შედეგებს, რასაც პარლამეტის ქუთაისში ფუნქციონირება მოიტანს.
დანარჩენი არგუმენტებიდან ზოგიერთი (კომუნიკაციის სირთულეებზე აპელირება კომუნიკაციების საუკუნეში) ღიმილის მომგვრელია, ზოგიც (ჯერ კიდევ ბოლომდე დაუმთავრებელი შენობის არაკომფორტულობა) მარტივად გადაწყვეტადი. ბოლო კი (პარლამენტარების კომუნალური პრობლემები) - გამაღიზიანებელი და გაუგებარი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის.
უნდა ვაღიაროთ, რომ, სამწუხაროდ, ვდგავართ ფაქტის წინაშე, როდესაც ჩვენი ქვეყნის რჩეულები, დეპუტატები, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობამ ნდობის მანდატი მიანიჭა, განიხილავენ საკონსტიტუციო(!) ცვლილებას, რომლის არსიც მათივე კომუნალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვაა.
პატივცემულო დეპუტატებო, მიგვაჩნია რომ, საქართველოს სიდიდითა და მნიშვნელობით მეორე ქალაქი, გაგებით ვერ მოეკიდება და მხარს ვერ დაუჭერს პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის ინიციატივას, ვერ დაირცხვენს იმის გამო, რომ ხალხის რჩეულთა 24 საათიანი წყალმომარაგება ვერ უზრუნველყო. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობამ იმიტომ აგირჩიათ - პრობლემები გადაჭრათ და არა იმიტომ, რომ პრობლემებს გაექცეთ.
მოგიწოდებთ, არ შეცვალოთ კონსტიტუცია კიდევ ერთხელ, არ წაართვათ ქუთაისსა და რეგიონის მოსახლეობას პოლიტიკურ პროცესებში მეტი ჩართულობის განცდა. დაუტოვეთ შანსი, მიიღონ თქვენი სიახლოვით გამოწვეული ეკონომიკური ეფექტი და, რაც მთავარია, არ აფიქრებინოთ, თითქოსდა 3500-წლოვანი ისტორიის ქალაქს თქვენს ღირსად არ თვლიდეთ.
ნუ წაგვართმევთ პარლამენტს!
„ლიბერალური კლუბი“
„ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი-რეგიონების განვითარებისთვის“
„დემოკრატიისა და თავისუფლების ცენტრი“
„ასოციცია ქალები რეგიონების განვითარებისთვის“
„ქუთაისის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია“
„ევროპა ჩვენი სახლია“
რადიოკომპანია „ძველი ქალაქი“
გაზეთი „ახალი გაზეთი “
„რეგიონული მედია ასოციაცია“
ტელერადიოკომპანია „რიონი“
„საზოგადოება და სამართალი“
დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა-TV“
„ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი“
New Post