დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ახალციხის პოლიციასთან "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელი და ადგილობრივი მუსლიმები იმყოფებიან
ავტორი:
2013/08/27 11:23:02
ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში გუშინ მომხდარი ინციდენტისას დაკავებული პირების დიდი ნაწილი ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში რჩება. გუშინ, სამართალდამცავებმა 20-მდე ადგილობრივი მუსლიმი დააკავეს, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით და სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს. დაახლოებით ღამის პირველ სათამდე რამდენიმე მათგანის გათავისუფლება მოხდა. ამ დროისათვის კი პოლიციის შენობაში ექვსი ადამიანი რჩება. აქედან სამ მათგანს სამართალდამცავებმა შესაძლოა ბრალი წაუყენონ სისხლის სამართლის კოდექსის #353 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულების ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცავებს ბრალის წარსადგენად 48 საათიანი ვადა აქვთ, რომელიც ჯერ არ ამოწურულა. 48 საათიანი ვადის ამოწურვამდე, სამართალდამცავებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები. ადვოკატი ვარაუდობს, რომ სამართალდამცავები მტკიცებულებების წარდგენას ვერ შეძლებენ, იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე ადამიანი ასობით პილიციასა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს ფაქტობრივად წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. მთელი ღამის განმავლობაში ახალციხის სამხარეო პოლიციის შენობასთან იმყოფებოდნენ სოფელ ჭელას და მისი მიმდებარე სოფლებში მაცხოვრებელი მუსლიმები. ისინი მინარეთის დემონტაჟის ფაქტს აპროტესტებდნენ და ითხოვენ დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებულების გათავისუფლება. რაც შეეხება შემოსავლების სამსახურის განცხადებას, რომ საბაჟოზე არასწორად მოხდა ტვირთების შემოტანა, რითაც მინარეთის მონტაჟი განხორციელდა, ამ ფაქტს მუსლიმები უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ყველა წესის დაცვით მოხდა საბაჟოზე ტვირთის შემოტანა. ახალციხის სამხარეო პოლიციასთან შეკრებილები ითხოვენ დაუყოვნებლივ მოხდეს რელიგიის შესახებ კანონის მიღება. ასევე მოუწოდებე საქართველოს პრემიერ- მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და პრეზიდენტს რეაგირება მოახდინონ მომხდარ ფაქტზე და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ დაკავებულები. მუსლიმები მოითხოვენ, რომ სოფელ ჭელაში არსებულ მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მიანარეთის მონტაჟი მოხდეს. შეკრებილებმა განცხადებები გააკეთეს სასულიერო პირებთან დაკავშირებითაც. მათი თქმით, ადგილობრივი სასულიერო პირები, მათ შორის ზარზმის მონასტრის წინამძღვარი, სამღვდელოება რადიკალურად განწყობილ მართლმადიდებლებს აქეზებდა, რომ მინარეთის წინააღმდეგ გამოსვლები და ხმაურიანი განცხადებები გაეკეთებინათ.ჯერჯერობით უცნობია ახალციხის რაიონულ სასამართლოში როდის დაიწყება სასამართლში პროცესი იმ დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის შენობაში იმყოფებოდნენ. ახალციხის პოლიციასთან იმყოფება "ქართველ მუსლიმთა კავშირის" ხელმძღვანელი ტარიელ ნაკაიძემ. როგორც მან აღნიშნა, პოლიციის შენობასთან მყოფი რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა, თუმცა სამედიცინო დახმარების ბრიგადები ადგილზე მისვლას აგვიანებენ."ძალიან დაძაბული სიტუაციაა. ადგილობრივი მოსახლეობა ითხოვს დაპატიმრებულების გათავისუფლებას და მინარეთის აღდგენას. ცუდად გახდა რამდენიმე ადამიანი. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ჩანს სამედიცინო დახმარების ჯგუფი ადგილზე. ჯერჯერობით, რთული სიტუაციაა და ვიმედოვნებთ, განვმუხტავთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოგვიანებით გაათავისუფლებენ დაპატიმრებულებს, ვცდილობთ გავარკვიოთ ყველაფერი", - აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1580
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია