დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს წევრს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებენ
2013/07/27 07:16:30

№22 ავტობუსის მძღოლები გაფიცვას აპირებენ

„მგონი, ეგენი შარზე არიან“ - აცხადებენ ქუთაისის ტრანსპორტის სამსახურში...

რა ბრალდებები აქვთ ერთმანეთის მიმართ №22 ავტობუსის მძღოლებს და ქალაქის ტრანსპორტის სამსახურს?

ქუთაისის №22  ავტობუსები, მეორე კვირაა, შეზღუდული რაოდენობით მუშაობენ. რის მიზეზადაც მძღოლები მათ  ხაზზე ჩასმულ №35 სამარშრუტო ტაქსებს ასახელებენ.  მათი განცხადებით №35 მუშაობაში ხელს უშლიან, რადგან  მგზავრთა ნაკადის გადინება ხდება.

აღნიშნული შეფერხებით უკმაყოფილონი არიან ჯავახიშვილის მცხოვრებლები. როგორც ისინი აცხადებენ, №22 საფასურის და კომფორტის გამო მათთვის გაცილებით ხელმისაწვდომი და მისაღები იყო, ამიტომ მოითხოვენ, რომ ავტობუსებმა მუშაობა ჩვეული გრაფიკით გააგრძელონ. ადგილობრივები ამბობენ, №35  სამარშრუტო ტაქსების მძღოლები თაღლითობენ და №22  ტრაფარეტით დადიან ხოლმე, მგზავრებისგან კი სამგზავროს 40 თეთრს იღებენ.

თავად მძღოლების განცხადებით, №35 სამარშრუტო ხაზი თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა ქაცარავას ძმის, გია ქაცარავას საკუთრებაა და სწორედ ქაცარავას წყალობით, კორუფციული გარიგებით გაიმარჯვა ტენდერში.

მათივე ინფორმაციით, კომპანია „სითილაინის“დირექცია, რომელთან გაფორმებული ხელშეკრულებით მუშაობენ  და ასევე მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ნესტორ კეპულაძე ცდილობენ, დაეხმარონ მძღოლებს, მაგრამ მცდელობის მიუხედავად, დახმარება ვერ ხერხდება, რის მიზეზადაც №22 ავტობუსის მძღოლები კორუფციულ გარიგებას ასახელებენ და ამბობენ, რომ ამ მაფიის უკან საკრებულოს წევრი „გაპატრიოტებული“ კახაბერ ნემსიწვერიძე დგას.

„ჩვენ ვეჭვობთ, რომ მერიის ტრანსპორტის სამსახურში და საკრებულოში კვლავ არის სატრანსპორტო მაფია, რომელსაც ვერავინ ვერაფერი მოუხერხა და ვიდრე ეს გარიგებები იქნება, ამ ქალაქს არაფერი ეშველება. არაოფიციალური ინფორმაციით, ნემსიწვერიძის საკუთრებაშია №100 „მარშრუტკების“ ხაზი, რომელიც გაურკვეველია, რატომ ღირს 50 თეთრი,“ - განაცხადა psnews.ge-თან საუბრისას №22 ავტობუსის მძღოლმა ავთანდილ ხაჭაპურიძემ.

უკმაყოფილო მძღოლები ამბობენ, რომ ტრანსპორტის  სამსახურს მუშაობის ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობენ, თუმცა უშედეგეოდ. 

„ჩვენ გამომუშავებაზე ვმუშაობთ, არც ხელფასი გვაქვს, არც დაზღვევა და არც პროფკავშირები. ხელშეკრულებით ვმუშაობთ ფირმა „სითილაინ“-თან. ამ ბოლო დროს ისე წავიდა საქმე, რომ მგზავრების ნაკადმა მოიკლო, რის გამოც შემოსული თანხები ხარჯებს ვერ ასწორებს. დახმარებისათვის არაერთხელ მივმართეთ ჩვენს დირექციას, მოვითხოვეთ დოტაციის შემოღება, თუ ამას ვერ მოახერხებენ, მაშინ რაიონებიდან ქუთაისში შემომავალი ავტობუსები გაჩერდნენ შემოსასვლელებთან, საიდანაც მგზავრებს ჩვენ გადავიყვანდით და მგზავრთა ნაკადი მოგვემატებოდა. ახლა ყველა რაიონიდან შემოსული ავტობუსი ქალაქის სხვადასხვა უბანში დადის, რის გამოც  მგზავრები საერთოდ აღარ გვყავს. შეგვპირდნენ დახმარებას,  მაგრამ ტრანსპორტის სამსახურის უფროოსი ნესტორ კეპულაძე, მიუხედავად სურვილისა, ვერ გვეხმარება. ამ შეთანხმებასაც რომ ვერ მივაღწიეთ, შევთავაზეთ, რომ ჩვენც, №22 ავტობუსების ნაცვლად, „მარშრუტკებით“ ვიმუშავებთ და მგზავრობის ღირებულება კვლავ 30 თეთრი დარჩეს, მაგრამ არ დაგვთანხმდნენ. გვითხრეს, ამ შემთხვევაში №35 გაკოტრდებიანო, კი, მაგრამ ჩვენც რომ გავკოტრდით, ჩვენზე რატომ არავინ ზრუნავს? სხვა მგზავრებთან ერთად ჩვენ ხომ  უფასო საბუთის მქონე ბენეფიციარებიც გადაგვყავს,“ -აღნიშნავს ავთანდილ ხაჭაპურიძე.

მისივე განცხადებით, მომავალი კვირის ორშაბათიდან აღნიშნული ავტობუსის მძღოლები,  მათი მოთხოვნების შესრულების მიზნით,  გაფიცვას გეგმავენ.

№22 ავტობუსის მძღოლების ბრალდებებს უარყოფს საკრებულოს წევრი კახა ნემსიწვერიძე და აცხადებს, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებით მას არანაირი პირადი ინტერესი არ გააჩნია.  ნემსიწვერიძის მოსაზრებას იზიარებს მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ნესტორ კეპულაძე და ჩვენთან საუბრისას არნიშნავს, რომ მძღოლების ბრალდება ნემსიწვერიძის მისამართით აბსოლუტური სიცრუეა. თავის მხრივ კი კეპულაძე ბრალდებებს თავად მძღოლებს უყენებს.

 „№22-ს, მართალია, უჭირს,  მაგრამ სამუშაოებს არ ასრულებენ.  მუშაობენ მხოლოდ მაშინ, როცა მგზავრთა ნაკადია, სხვა დროს კი გაჩერებულები არიან.  სრული უფლება მაქვს, დავაჯარიმო და სანებართვო უფლებები ჩამოვართვა, მაგრამ მესმის მათი რთული მდგომარეობის, თუმცა, მიუხედავად ამისა, არანაირ ვალდებულებას არ ასრულებენ. მათი გადამზიდის ინფორმაციით, ორი წელიწადია, მინიმალური გეგმაც კი არ გადაუხდიათ. შევთავაზეთ, შემოეყვანათ მომცრო ზომის ავტობუსები, მაგრამ არც ეს გააკეთეს. ბენეფიციარების გადასაყვანად შემოვიღეთ უფასო მგზავრობის ბილეთები, რისთვისაც ბიუჯეტიდან ყოველწლიურად  96 000 ლარია გამოყოფილი და სწორედ ბილეთების რაოდენობით ვუნაზღაურებთ თანხას. ასევე აქვთ ტალონები, რომლითაც  შეუძლიათ „სოკარის“ სადგურზე დიზელი  დაახლოებით 30 თეთრით იაფად შეიძინონ, მაგრამ ამასაც არ აკეთებენ, არ მინდა თქმა, მაგრამ, მგონი,  შარზე არიან,“-აღნიშნავს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი.

კეპულაძე  მძღოლების მიერ ავტობუსების მიკროავტობუსებით თვითნებურად ჩანაცვლებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ №35  დადანაშაულება უსაფუძვლოა, რადგამ 22-ის მძღოლებმა საღორიის ხაზი თავად დატოვეს და №35 სამარშრუტო ტაქსების ხაზზე დაჩნენ.

სამსახურის უფროსი ადასტურებს,  რომ №35 სწორედ მამუკა ქაცარავას ძმის კუთვნილ კომპანიას ეკუთვნის, თუმცა არ ადასტურებს, რომ ქაცარავას კომპანიამ ტენდერში „თეგეტა მოტორსი“ უკანონოდ დაამარცხა, რადგან საერთოდ არ იცოდა, ვინ იყო მამუკა ქაცარავა და აღნიშნავს, რომ  პრეტენზიულ მძღოლებს სატენდერო ხელშეკრულება წაკითხულიც კი არ აქვთ და არსებული ვალდებულებების შესახებ არ იციან.  ამიტომ, თუკი №22 ავტობუსის მძღოლები ორშაბათიდან გაიფიცებიან,  ტრანსპორტის სამსახური მათ გადამზიდ კომპანიას სანებართვო პირობებს ჩამოართმევს. რაც შეეხება საგარეუბნო ტრანსპორტის ქალაქის შემოსასვლელებთან დაცლას თვლის, რომ ამ შემთხვევაში რაიონიდან შემოსული მოსახლეობა მნიშვნელოვნად დაზარალდება, რადგან მათ ორმაგი საფასურის გადახდა მოუწევთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1315
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია