დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის აპარატში 138 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად 524 კონკურსანტი იბრძვის
2013/07/17 16:31:22

საქართველოს პარლამენტის აპარატში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის მეორე ტურში 524 კონკურსანტია დაშვებული. ასეთი შედეგი კონკურსის პირველი ტურის შემდეგ დაფიქსირდა. პარლამენტის აპარატის 138 ვაკანტურ თანამდებობაზე თავდაპირველად 3551 განცხადება იქნა შემოტანილი, თუმცა ბევრი მათგანი საკონკურსო პირობებს ეწინააღმდეგებოდა. ამის გამო, მსგავსი განცხადებები არ იქნა განხილული. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დადგენილებით, თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად 1231 კონკურსანტის განცხადება იყო ატვირთული, 1551 კონკურსანტის განცხადება კიტექნიკური ხარვეზებით იყო წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არ არის არასრულყოფილად წარმოდგენილი განცხადებების განხილვა და ხარვეზების გამოსწორების შესაძლებლობის მიცემის ვალდებულება, კომისიამ კონკურსანტებს ამის საშუალება მისცა.

საბოლოოდ, კონკურსის პირველ ტურზე, რომელიც კომპლექსური ტესტირების ფორმით ჩატარდა, 1499 ადამიანი იქნა დაშვებული. მათგან 531 არ გამოცხადდა და ტესტირება მხოლოდ 968-მა ადამიანმა გაიარა. ტესტირებით, რომელიც კომპიუტერული პროგრამის მიერ შერჩეულ 100 კითხვას მოიცავდა, მოწმდებოდა კონკურსის პროგრამით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების, სახელმწიფო ენის, ერთ-ერთი უცხო ენისა და კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 75 ქულა 968-დან 750-მა კონკურსანტმა გადალახა, თუმცა, კონკურსის პირობებით გათვალისწინებულ ხუთ საუკეთესო მაჩვენებელში მხოლოდ 524 მოხვდა.

ამგვარად, 138 ვაკანტური თანმდებობის დასაკავებლად მეორე ტურში 524 კონკურსანტი მონაწილეობს. მეორე ტური - გასაუბრება – 22 ივლისიდან დაიწყება. კონკურსის II ტურზე დაშვებულ კონკურსანტთა სია და გასაუბრების ჩატარების განრიგი პარლამენტის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

(ი.ბ.)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1597
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია