დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხელისუფალნო, დაგვიბრუნეთ ჩვენი დედები!
2013/06/24 14:40:19

„გამარჯობა დედა!“ ყველაფრისდამტევი ეს ორი სიტყვა ნოდარ დუმბაძის რომანიდანაა - „მზიანი ღამე“. 8 წლის ბიჭს დედა გვერდიდან ააცალეს, ცრემლსა და ტკივილში დატოვეს და წლების შემდეგ უკან დაბრუნებულ მშობელს, შვილმა დედა ვეღარ დაუძახა.

 

„თორმეტი წელი არ მინახავს... ახლა მელოდება, რომ დედა დავუძახო, მე კი ვერ ვეძახი, გაიგე?... იმიტომ, რომ მრცხვენია... კი არ მრცხვენია, მეშინია... კი არ მეშინია, გ ა დ ა ვ ე ჩ ვ ი ე... გაიგე?“ - თემურ ბარამიძის ამ სიტყვებით ასობით ქართველი ბავშვის ტკივილი ცხადდება, რომელთა დედები უვადო, ნებაყოფილობით გადასახლებაში იმყოფებიან. ყველანაირი გადასახლება, გაქცევა, გადახვეწა, ემიგრაცია ერთსა და იმავე ჭრილობას აჩენს და მერე ამ ჭრილობებს აღარაფერი შველის.

ქართველი ქალების მიერ ოჯახებისა და შვილების ნებაყოფილობით მიტოვება 15 წლის უკან დაიწყო და დღესაც გრძელდება (მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში მსგავსი ფაქტი არ ფიქსირდება). შედეგები კატასტროფულია. მოდის უდედოდ გაზრდილი თაობა და... გეშინოდეთ! ბავშვების უმრავლესობა ყველას და ყველაფერს უჯანყდება, ზოგი უძლებს, ზოგიც სიკვდილს ამჯობინებს... გამკითხავი არავინაა. ე.წ. ერისკაცები პირველი სკამებისათვის იბრძვიან, ღვთისმსახურები იერარქიული კიბისთვის... რატომღაც ყველას გულისკარი დაკეტილი, თვალები დაშრეტილი და ყურები დახშული აქვს...

ინა გოგელაშვილისთვის უდედობის ხანა 9 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ანა ჯანელიძისთვის კი 12 წლიდან...

ინა: „ოჯახში სამი შვილი ვართ, ყველაზე პატარა მე ვარ და ყველაზე მეტად მე ვიყავი დედის კალთას შეფარებული. დედა იყო პატარა მზე, რომლის გარშემო ჩვენ ვმოძრაობდით. მზე, რომელიც გვათბობდა, გვიცინოდა, გვახარებდა, ულამაზეს კაბებს გვიკერავდა და უგემრიელეს ხაჭაპურს გვიცხობდა. დედაჩემის საზღვარგარეთ წასვლა მთელმა ოჯახმა ჩემთან „შეათანხმა“. თავიდან ვერ ვაცნობიერებდი, რატომ იყო ჩემი თანხმობა ასე მნიშვნელოვანი. „დედა წავიდეს, მაგრამ მხოლოდ სამი დღით“ - ვთქვი და დედა წავიდა. არასოდეს დამავიწყდება ის დღე. დედამ გადაგვკოცნა და ავტობუსს მიაშურა. ჩემმა დამ მიაძახა:  „დე, მეორედაც მაკოცე, რა!“ დედა მობრუნდა, ცრემლიანი თვალები შეიმშრალა და ისევ გადაგვკოცნა. ჩვენ დავრჩით. დედა წავიდა და მოვიდა უდიდესი სიცარიელე, გაუსაძლისი მონატრება და უამრავი ცრემლიანი ღამე... ჩემს მიერ გაცემული თანხმობა სამი დღის შესახებ 3345 დღედ იქცა...“

ანა: „დედასთან განშორება ყველაზე ტკივილიან დღედ დარჩა ჩემს ცხოვრებაში. დავრჩი ორ ძმასთან და მამასთან ერთად. არაფერს მაკლებდნენ, მაგრამ დედის შეცვლა არავის და არაფერს შეეძლო. ჩემი ოთახი დედის სურათებით ავავსე და ყოველ საღამოს ცრემლიანი თვალებით ვეკითხებოდი: „დე, რატომ მიმატოვე? დე, რა გაგაბრაზე ასე, რომ ჩემთან ყოფნა არ გინდა?“ და ასე დაუსრულებლად გრძელდებოდა სამი წელიწადი. არაფერი მაკლდა და არაფერი მქონდა. დამიჯერეთ, კომპიუტერში დანახული დედა დედა არ არის. ვერ გავუძელი, მიხვდნენ, რომ რაღაც დამემართებოდა და ცხრა კლასის დამთავრებისთანავე დედასთან წავედი...“

ინა: „ბავშვისთვის უდედობა დიდი სასჯელია. ბავშვის გულის გასაღები მხოლოდ დედას აბარია. დედასა და შვილს შორის უხილავი ძაფებია და ვაი მას, ვისაც ეს ძაფები დაუწყდება. სამყარო შეგძულდება, სიცოცხლე გაუფერულდება და უდიდესი გულგრილობა დაგიპყრობს. გულგრილობას კი შეუძლია უდიდესი ცოდვები ჩაგადენინოს. ჩემი ბავშვობის ეს მძიმე პერიოდი კლასის დამრიგებელმა, ქალბატონმა ინეზა გაბელიამ გადამატანინა. ეს მან და ქართული ენა-ლიტერატურის მასწავლებელმა, ბატონმა დავით შავიანიძემ შემაძლებინეს ყურადღების, გრძნობების, სურვილების მობილიზება. სკოლა, მასწავლებლები, მეგობრები და ჩემი მამა მაშველ რგოლად მექცნენ... და მე გადავურჩი უდედოდ ყოფნის განუზომელ ტკივილს.“

ანა: „მე კი სუსტი გამოვდექი. არავინ  მინდოდა. მინდოდა ჩემი დედა. დედა მექცა ყოფნა-არყოფნის წერტილად... იტალიაში ჩასულმა დედა ვეღარ ვიცანი. ეს არ იყო ის ქალი, რომელიც ოთხი წლის უკან სადღაც დამეკარგა. სევდიანი, ღიმილგამქრალი სახე და გაუცხოება... პირველ ხანებში დავიტანჯე. დედას ისევ 12 წლის გოგო ვეგონე, მეფერებოდა და როგორც ბავშვს, ისე მექცეოდა, მე კი თავს ბავშვად აღარ ვთვლიდი. მე სხვა რამ მჭირდებოდა და, სანამ ჩვენი ურთიერთობა დალაგდებოდა, კიდევ უფრო მეტ ტკივილებს გავუძელი.“

ინა: „გასულ წელს დედამ მიწვევა გამიკეთა და იტალიაში ერთი თვით ჩავედი. მე არ მაღელვებდა რომი, ვენეცია, ბარი, მილანი, მე დედასთან შეხვედრა მაღელვებდა. ჩემი დედა, თავისი ულამაზესი ცისფერი თვალებით, ცრემლებს რომ ძლივს იკავებდა, განუწყვეტლივ იმეორებდა: „ინა, ჩამოხვედი?! ინა, შენა ხარ?!“ ჩემში რაღაც გალღვა, რაღაც მოდუნდა, ვიგრძენი უსაშველო შვება და გულის საოცარი აფეთქება, ისეთი აფეთქება, რომ სიცოცხლე მომინდა... თავი ზღაპარში მეგონა - ერთი თვე დედასთან. მსგავსი ფუფუნება ჩემთვის არ არსებობდა... დედამ შეძლო, უდედოდ გატარებული წლები ამოევსო. ის უხილავი ძაფები გაემაგრებინა და მეორე სიცოცხლე ეჩუქებინა.“

ორი უდედოდ გაზრდილი გოგონას ისტორია, ასობით მსგავსი და უარესი...

ინა გოგელაშვილისა და ანა ჯანელიძისათვის ბავშვობა დასრულდა. სიცოცხლე გრძელდება. ინა ისევ უდედოდაა, თავის ქვეყანაში, ორპირის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის წარჩინებული მოსწავლეა, სასკოლო ცხოვრების აქტიური შემოქმედია, მრავალ კონკურსში გამარჯვებულია. მისი დიდი სურვილია სწავლის გაგრძელება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აუცილებლად სახელმწიფო დაფინანსებით, რომ ოჯახს ფინანსური პრობლემები არ შეუქმნას და დედა შინ, თავის გვერდით ჰყავდეს, რადგან ის შვილისთვის ყველა ასაკში საჭიროა.

ანა იტალიაში დარჩა დედასთან. სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა. იტალიური ენის შემსწავლელი კურსები დაამთავრა. რამდენიმე ხნით ოჯახში, იტალიელ ბავშვებთან იმუშავა. ახლა ბაირონის სახელობის ინგლისურ კოლეჯში სწავლობს. სწავლა საკმაოდ ძვირადღირებულია და პერიოდულად მუშაობს კიდეც. ერთის მხრივ ბედნიერია, რომ დედასთან არის, მეორეს მხრივ წინ უამრავ სიძნელეებს ხედავს, საკუთარი თავის დასამკვიდრებლად. მაგრამ იმედიანად ამბობს: „ვიბრძოლებ ჩემი მიზნებისთვის“.

ორივე გოგონა ტიპური ქართული ოჯახიდანაა. ორივემ ერთნაირად გადაიტანა უმძიმესი ბავშვობა, სხვადასხვანაირად, მაგრამ გაუძლეს. ორივეს ერთად თითო სათხოვარი აქვთ:

ინა: „უდედოდ დარჩენილო ბავშვებო, გახსოვდეთ, ჩვენი დედები საზღვარგარეთ ბედნიერები არ არიან. უმძიმესია მათი 24 საათიანი სამუშაო დღე და საოცრად დამთრგუნველია შვილებისგან შორს ყოფნა.“

ანა: „საქართველოს ხელისუფალნო, იქნებ გაიხსენოთ, რომ თქვენც იყავით ბავშვები და თქვენი დედების  სახით პატივი ეცით ჩვენს დედებს. დაგვიბრუნეთ ისინი!“

ისევ ნოდარ დუმბაძეს მოვიშველიებ:    „ეს იმ დედას გაუმარჯოს თორმეტი წელი რომ შვილი არ უნახავს, თორმეტი წელი  იჯდა, ელოდა და ჯიგარი არ გაუხმა. მაინც თავისი ლეკვი მონახა და შვილი დაუძახა. იმ დედას გაუმარჯოს ღამე რომ არ სძინავს, იმიტომ კი არა, რომ არ უნდა დაიძინოს, იმიტომ, რომ არ ეძინება და გათენებას ელოდება.“

ასობით ქართველი ბავშვი ელოდება საქართველოში ჩამოწოლილი ღამის გათენებას. გათენებას, რომელსაც დედების შინ დაბრუნება მოჰყვება.

 

ნათია სვანიძე 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4114
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია