საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა ჭელიძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 1 ივლისიდან საქართველოს მოსახლეობის აღწერა დაიწყება. ნარმანიას თქმით, აღნიშნული სამუშაოების პირველი ნაწილი რეგიონების მიხედვით განაწილდება და თავდაპირველად სამ რაგიონს – აჭარას, გურიას და კახეთს მოიცავს. 2013 წლის ნოემბრიდან კი ოჯახების წინასწარი სიების შედგენა საქართველოს სხვა რეგიონებში გაგრძელდება.
"მოსახლეობის აღწერის მსოფლიოში გავრცელებული მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, საყოველთაო აღწერის განსახორციელებლად, აუცილებელია შენობებისა და მათში ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახების წინასწარი სიების შედგენა. აღნიშნული სიების დადგენა ქვეყნის ყველა სოფელსა და ქალაქს მოიცავს", - განაცხადა ნარმანიამ.
"საბოოლოოდ ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნება იმისათვის, რათა მთავრობამ უფრო მარტივად და ეფექტურად დაგეგმოს განსახორციელებელი პროგრამები", - განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, ზაზა ჭელიძემ.
პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 18 მილიონი ლარია. აღწერის პირველადი შედეგები კი 2015 წლის გაზაფხულისთვის გახდება ცნობილი. საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ბოლოს 2002 წელს ჩატარდა.
n.b.