დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რა ხდება წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე
2013/06/18 13:50:10

საგამოცდო ბარათების დარიგება დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები 28 ივნისს იწყება. წელს გამოცდებს  42 ათასი აბიტურიენტი აბარებს, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიაში აპლიკანტების ყველაზე დიდი რაოდენობაა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ტესტები საქართველოში დღეს, თბილისის აეროპირტში ჩამოვა, საიდანაც პოლიციის თანხლებით საგამოცდო ქალაქებში გადანაწილდება.

გამოცდების ექსცესების გარეშე ჩატარებაზე და პროცესის მშვიდად დასრულებაზე დიდი პასუხისმგებლობა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს აკისრია. 

„წელს განსაკუთრებული წელიწადია. მართლაც ძალიან მაღალია აპლიკანტების რიცხვი. როგორც წესი, აბიტურიენტების რიცხვი 33-36 ათასს შორის მერყეობს. წელს კი  42 ათასი აბიტურიენტი გვყავს. მომატებულია მაგისტრების რაოდენობაც. თუ წინა წელს მაგისტრობის 6500 მსურველი იყო, წელს ეს რიცხვი  ათასამდე გაიზარდა. სასერთიფიკაციო გამოცდას 26 ათასი პედაგოგი გაივლის და საგრანტო კონკურსში 8 ათასზე მეტი  სტუდენტი მონაწილეობს. ამიტომაც, კიდევ ერთი საგამოცდო ცენტრის გახსნა და  ძველ საგამოცდო ცენტრებში სექტორების დამატება დაგვჭირდა. ამ დამატებულ სექტორებში ინვენტარია შესატანი,  განსაკუთრებული მუშაობა მიდის ლოგისტიკის მიმართულებით, გვარდება აღჭურვის პროცედურა. ჩვენი გათვლით 25 ივნისამდე ყველაფერი უნდა დასრულდეს. 25-ში კი შენობები, სადაც საგამოცდო ცენტრები იქნება გახსნილი,  სპეციალური დაცვის სამსახურს გადაეცემა, რათა   უსაფრთხოება უზრუნველყოს. უკვე დაბეჭდილია საგამოცდო ბარათები. მათი დარიგება დედაქალაქში 17 ივნისს დაიწყო, რეგიონებში კი 18 ივნისს დაიწყება.  28 ივნისი პირველი საგამოცდო დღეა. 17 ივლისს კი პროცესი დასრულდება,“– აღნიშნა მაია მიმინოშვილმა timer.ge-სთან საუბრისას.

წელს საქართველოს მასშტაბით 18 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ეროვნული გამოცდებისათვის 4 ათასზე  მეტი თანამშრომელია მობილიზებული: მეთვალყურეები, კოორდინატორები, რეგისტრატორები. საგამოცდო ქალაქებია:  თელავი, სიღნაღი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ხულო, ზუგდიდი... რაც შეეხება დედაქალაქს,  საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს: ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში, სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ და   ე. წ. ბიოლოგების კორპუსში, 175-ე სკოლის ა და ბე კორპუსებში. რაც შეეხება აგრარულ უნივერსიტეტს, მიმინოშვილის განცხადებით,  კახა ბენდუქიძემ აგრარულში საგამოცდო ცენტრის გახსნაზე უარი განაცხადა.

მიმდიმარე წელს სიახლეები იყო აბიტურიენტების რეგისტრაციის პროცესში. 1 აპრილიდან დაიწყო რეგისტრაცია და 20 აპრილის ჩათვლით აპლიკანტებს ჰქონდათ საშუალება, აერჩიათ დამატებითი საგანი, რაშიც მეოთხე გამოცდას ჩააბარებდნენ.  რაც შეეხება ფაკულტეტებს და  უმაღლეს სასწავლებლებს, აბიტურიენტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო. მათ შეუძლიათ საბოლოო არჩევანი  მას შემდეგ გააკეთონ, როცა  შედეგები უკვე ეცოდინებათ.  შედეგის გაგების შემდეგ,  შეუძლიათ აირჩიონ სასურველი უნივერსიტეტი, მოამზადონ რეიტინგული სია, ამოიღონ რაც მითითებული ჰქონდათ,  შეცვალონ რიგითობა.   არიან ისეთი აბიტურიენტებიც  რომლებსაც ჯერ  არც უნივერსიტეტი და არც ფაკულტეტი არ აურჩევიათ. სავარაუდოდ, ამას გამოცდების საბოლოო შედეგის გამოცხადების შემდეგ გააკეთებენ. 

გამოცდებზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეთნიკური უმცირესობების საკითხს. სომეხ და აზერბაიჯანელ აბიტურიენტები ზოგადი უნარების ტესტებს მათივე მშობლიურ ენაზე მიიღებენ. ასევე სპეციალური შეთავაზებაა აფხაზი აბიტურიენტებისთვის. რადგან აფხაზური ენა კონსტიტუციის მიხედვით არის სახელმწიფო ენა, აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ისინი  გამოცდას, ქართული ენისა და ლიტერატურის ნაცვლად, აფხაზურ ენას და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში ძალებს 5 მსჯავრდებული მოსინჯავს, უკვე ცნობილია, რომელ ცენტრებში ჩააბარებენ ისინი გამოცდებს.  მათი საგამოცდო ცენტრებში მიყვანა ბადრაგის თანხლებით მოხდება და ისინიც ისეთივე პირობებში იქნებიან,  როგორშიც სხვა დანარჩენი აპლიკანტები. 

გამოცდების დღეებში ცენტრებთან მობილიზებული იქნება სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები, ასევე მათ უკვე მოგვაწოდეს პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტები, რომლითაც ყველა ცენტრი აღიჭურვება. მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ქალაქის მერიას. სწორედ მათ უნდა უზრუნველყონ აბიტურიენტების ტრანსპორტირება, დამატებითი მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყოფა,  ჯებირების მიწოდებაც ადგილობრივმა მერიამ უნდა გამოყოს და სახანძრო ბრიგადების მობილიზებაც უნდა უზრუნველყოს. 

მაია მიმინოშვილი წინა ხელისუფლების დროს სამინისტროს მხრიდან მათ საქმიანობაში ჩარევის მაქსიმალურ მცდელობასა და ახალი ხელისუფლების დროს მუშაობის პირობებზე საუბრობს.

„გამოცდების ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც  პირველ რიგში ემსახურება განათლების სამინისტროს და აკეთებს მის საქმეს, თუმცა ეს არის მნიშვნელოვანი, სპეციფიური ორგანიზაცია და დაცულობის ხარისხი ძალიან მაღალი  იყოს. ბოლო პერიოდში მუდმივი ბრძოლა იყო.  ჩვენ იმის უფლებაც კი წაგვართვეს, რომ გვქონოდა საკუთარი სერვერი, სადაც  ჩვენს კონფიდენციალურ მასალას შევინახავდით და ეს ყველაფერი  სამინისტროში გადაიტანეს. დღევანდელ ვითარებას ვერც შევადარებ იმ ყოფას,  რაც წინა წლებში იყო. ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა სამინისტროსთან.  ჩვენ ვცვლით ინფორმაციებს. თუ პრობლემა გვაქვს სამინისტრო გვეხმარება მათ მოგვარებაში. მარგველაშვილმა, დანიშვნიდან ძალიან მოკლე  პერიოდში, ჩვენი სერვერიც დაგვიბრუნდა და ახლა ჩვენი კონფიდენციალური მასალები მხოლოდ ჩვენთანაა დაცული,“ – აღნიშნავს მიმინოშვილი. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1406
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია