დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მსოფლიო მნიშვნელობის გამოგონება, რომელიც საქართველოს დაეკარგა
2013/06/17 12:07:41

ინტერვიუ ცემენტის სიმტკიცის საზომი უნიკალური ხელსაწყოს ავტორთან, აკაკი ირომაშვილთან

 

აკაკი ირომაშვილი ერთი უპრეტენზიო ადამიანია, რომელსაც ნოვაციებისადმი სწრაფვა ახასიათებს და უპრეცედენტო გამოგონების ავტორიც გახლავთ. მას ამ ეტაპზე თავისი უნიკალური აპარატი ბრიტანეთში აქვს გაგზავნილი სერტიფიცირებისათვის. ოჯახის წევრებთან ერთად ის ენერგეტიკულ პროექტზეც აპირებს მუშაობას, თუმცა დღეს „პოსტსკრიპტუმი“ მას სულ სხვა თემაზე ესაუბრა.

 

- მართალია, რომ ცემენტი ქართველმა გამოიგონა, თუ ესეც იმ ოპერიდანაა: „რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართო“? მგონი, სხვა მოსაზრებაც არსებობს ამ საკითხზე...

- პორტლანდცემენტი, მართლაც, გენეტიკურად ქართველის გამოგონებულია. 1724 წელს რუსეთში გადასახლებული  ვახტანგ VI 1200 კაციან ამალაში აზნაური რევაზ ჭელიძეც შედიოდა. მის შვილიშვილს, იაგორ გერასიმეს ძე ჭელიძეს, ფორტუნამ არგუნა ისტორიაში შესულიყო, როგორც პორტლანდცემენტის გამომგონებელი. ამალის წევრთაგან უმრავლესობამ, რომელთაც, ცოტა მოგვიანებით, ლეკთაგან თავდახსნილი დავით გურამიშვილიც შეუერთდა, რუსეთის ხელმწიფის ტახტს შეჰფიცეს ერთგულება და სამხედრო კარიერის დამთავრების შემდეგ იქ დასახლდნენ... ამ ამალის წევრებმა და მათმა შთამომავლობამ უდიდესი როლი შეასრულეს რუსეთის ისტორიაში. მარტო ბაგრატიონისა და ბოროდინის (რომლის ნამდვილი გვარი გედევანიშვილია) გვარები რად ღირს! საერთოდ, დღემდე ვერ მომინელებია, რომ ისეთმა კულტურტრეგერმა მეფემ, როგორიც ვახტანგ VI იყო, ასეთი რამ დაუშვა, რომ ქართლი, ფაქტობრივად, ინტელექტისაგან დაცალა!

მაგრამ დავუბრუნდეთ თემას. 1825 წელს იაგორ ჭელიძემ გამოსცა ნაშრომი, რომელსაც მეტისმეტად გრძელი დასახელების გამო არ მოვიყვან, მოკლედ კი „სრული დარიგება“ ჰქვია. აქ ჭელიძე მიუთითებს, რომ საუკეთესო ხარისხის შემკვრელი მასალის მისაღებად საჭიროა კირქვისა და თიხის ნარევის თეთრ ვარვარებამდე გაცხელება და ნაწილობრივი გალღობა.

დღეისთვის ცნობილია, რომ პორტლანდცემენტის კლინკერში მთავარი მინერალის, სამკალციუმიანი სილიკატის წარმოქმნა ხდება 1400-1450 გრადუსზე, როცა კაზმი მართლა თეთრ ვარვარებამდეა მიყვანილი და ხდება მისი შეცხობა და ნაწილობრივი გალღობა.

ჭელიძეზე რამდენიმე თვით ადრე, ახალ შემკვრელ მასალაზე ინგლისელებმა 1824 წლის ბოლოს გასცეს პატენტი ჯოზეფ ასპდინზე და იქიდანვე მოდის დასახელება „პორტლანდცემენტი“, რაკი მის მისაღებად საჭირო მასალა ინგლისის ისტორიულ რეგიონს, პორტლენდს უკავშირდება... მაპატიოს მისტერ ჯოზეფის სულმა, მაგრამ მის მიერ აღწერილი მასალა არ წარმოადგენს პორტლანდცემენტს (თანამედროვე გაგებით), არამედ რომანცემენტის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელსაც სიმტკიცის მახასიათებლებით შუალედური ადგილი უჭირავს ჰიდრავლიკურ კირსა და ნამდვილ პორტლანდცემენტს შორის. იაგორ ჭელიძის ცემენტს, როგორც ისტორიული წყაროებით დასტურდება, ჯერ კიდევ ნაპოლეონის მიერ დანგრეული მოსკოვის ასაშენებლად იყენებდნენ, და რომ არა არხეინობისა და ლუარსაბობის ის დამღუპველი სინდრომი, რომელიც გენეტიკურად მეტ-ნაკლებად თითქმის ყველა ქართველშია ჩაბუდებული, იაგორ ჭელიძის სახელზე პატენტი, სულ მცირე, ათი წლით ადრე უნდა გაცემულიყო. ეს ყველაფერი ქართველი კაცის სინანულის თანმხლებ კანონიერი სიამაყის გრძნობას უნდა იწვევდეს. პორტლანდცემენტი ხომ (რკინა-ბეტონთან ერთად) კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი გამოგონებაა! რა იქნებოდა თანამედროვე მშენებლობა მათ გარეშე?

- რამდენად დაუფასდა იაგორა ჭელიძეს თავისი გამოგონება?

-  საქმეა, რას გააკეთებდა იგივე იაგორ ჭელიძე, პაპამისი საქართველოში რომ დარჩენილიყო? ალბათ, ვერაფერს... თუ ლეკთაგან გატაცებას და სტამბოლის ბაზარზე მონად გაყიდვას გადაურჩებოდნენ მისი მამა და პაპა, უკეთეს შემთხვევაში, ალბათ, კრწანისზე ერეკლეს გვერდით იომებდნენ! მაშინდელ საქართველოს (სხვათა შორის, როგორც ახლანდელს) ახალი აღმოჩენებისა და ტექნოლოგიებისათვის არ ეცალა. მაშინ ფიზიკური გადარჩენისთვის ვიბრძოდით, დღეს დემოკრატია გვაქვს ასაშენებელი. მაშინ  რუსეთმა  „შეგვიფარა“, ახლა ევრო-ამერიკას ვეტმასნებით! ახლა ტერიტორიები გვაქვს დასაბრუნებელი, ლტოლვილები - დასაბინავებელი; ლგბტ უფლებები - დასაცავი (ვერ გამიგია, თუ შარზე  არ არიან, ვინ, სად და რაში დაარღვია მათი უფლებები?), განათლება და ჯანდაცვა მისახედია და ყველაფერს ამას სჭირდება ეკონომიკური ბაზისი, რადგან, თუ ეკონომიკა, რომელსაც ოცი წელია ვანგრევდით, არ აღორძინდა, ყველაფერი ლაპარაკად დარჩება მხოლოდ! ამისათვის კი საჭიროა, პირველ რიგში, მოსახლეობის გამოკვება გენოფონდის გადასარჩენად (და მართლა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო ბატონმა ბიძინამ, რომ სოფლის აღორძინებით დაიწყო ქვეყნის აღმშენებლობა!). პარალელურად უნდა ვიაროთ წინ, შევიმუშაოთ და დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები, ყველაფრის ყიდვის უფლებას ჩვენ კი არა, ნავთობის ზღვაზე მდგომი სახელმწიფოები არ აძლევენ თავს! უნდა შევძლოთ კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება და ახალი ბაზრების მოძიება და ათვისება. ქართული ტალანტით ადრე რუსეთი იკვებებოდა, ახლა დასავლეთი იწოვს ყველაფერს. თუ ქართული იდეები და მათი მატარებელი თავები მასობრივად დატოვებენ ქვეყანას, ისე შთანგვთქავს გლობალიზებული მსოფლიო, როგორც მუშტისხელა ქვას - ოკეანე, იმ განსხვავებით, რომ თუ ქვა ფსკერზე მაინც განაგრძობს არსებობას, ჩვენ საერთოდ გავქრებით რუკიდან!

მაგრამ, დავუბრუნდეთ თემას. დღეს იაგორა ჭელიძის ღვაწლი სათანადოდაა დაფასებული. 1971 წლის მაისის თვეში, იუნესკოს ეგიდით, თბილისში მაშინდელი სპი-ის დიდ სააქტო დარბაზში, ჩატარდა იაგორა ჭელიძის დაბადების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ცემენტის ქიმიის მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტები, მათ შორის - ამ სფეროს კიდევ ერთი უდიდესი ქართველი სპეციალისტი, ოთარ პეტრეს ძე მჭედლოვ-პეტროსიანი (რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის აკადემიის საპატიო წევრი), რომელიც ამ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და მანამდე  ხარკოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მოღვაწეობდა.

ეს ყველაფერი ასე კარგად იმიტომ მახსოვს, რომ იმ სააქტო დარბაზში მეც ვიჯექი, როგორც სამშენებლო ფაკულტეტის მესამე კურსის ფრიადოსანი სტუდენტი... აი, ყველაფერი მოკლედ, პორტლანდცემენტის გამომგონებლებზე: ანგლოსაქსური სამყარო მის გამომგონებლად ჯოზეფ ასპდინს მიიჩნევს, ხოლო სლავიანური და ქართული სამყარო, სრულიად სამართლიანად, იაგორა ჭელიძეს!

- როგორც ცნობილია, ცემენტის საწარმოებლად საჭირო მასალები, საქართველოში საკმარისზედ მეტია, რატომ უნდა ღირდეს ცემენტი ასე ძვირი? რატომ უნდა შემოდიოდეს ჩვენთან ცემენტი სომხეთიდან?

-  მარტო ნედლეულზე რომ იყოს ლაპარაკი, რაღა გვიჭირდა? ახლა კი არა, საბჭოთა პერიოდშიც კი, როცა ენერგომატარებლების ფასი დღევანდელთან შედარებით  სასაცილოდ დაბალი იყო,  კლინკერის წონის ერთეულის თვითღირებულებაში ენერგომატარებლების წილი 40%-ზე მაღალი იყო! კირქვისა და თიხისგან მომზადებული კაზმის 1450 გრადუსამდე გახურება უზარმაზარ თბურ ენერგიის დახარჯვას ითხოვს. კლინკერის წარმოების წესის მიხედვით, ეს დანახარჯი 3900-6700 კილოჯოულს შეადგენს ერთ კილოგრამზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ტონა კლინკერის საწარმოებლად 130-200 კუბური მეტრი ბუნებრივი აირია საჭირო. ახლა იმას ხომ დაფქვაც უნდა, რაც ტონაზე კიდევ 130 კვტსაათ ენერგიას მოითხოვს, ამას დაამატეთ კირქვის, თიხის, თაბაშირისა და მინერალური დანამატების ფასი, მუშების ხელფასი, ადმინისტრაციისა და მოწყობილობა-დანადგარების შენახვის ხარჯები, გადასახადები (დღგ), მოგების 10-15%-იანი მარჟა და ისე მშვენივრად დაგიჯდებათ ტონა ცემენტის გასაყიდი ფასი 80-85 დოლარი, როგორც დაგიბარებია.

მე ის უფრო მაოცებს, რატომ არავინ ცდილობს დედოფლისწყაროში ერთი საშუალო სიმძლავრის ცემენტის ქარხნის აშენებას, სადაც საუკეთესო ხარისხის კირქვაც ბლომადაა, თიხაც და ტარიბანას ველზე უქმად იწვება ნავთობის მომყოლი ბუნებრივი აირი სპეციალურ ჩირაღდნებში! დედოფლისწყარო რკინიგზითაც უკავშირდება დანარჩენ საქართველოს. ორ-სამ წელში, დარწმუნებული ვარ, ჩვენთანაც დაიწყება მშენებლობის ბუმი და ცემენტი ნამდვილად არ დარჩება გასაყიდი! რაც შეეხება სომხურ ცემენტს, ის ოდნავ იაფი იმიტომ იყო აქამდე, რომ რუსეთი მათ შედარებით იაფად აძლევდა გაზს. ახლა პრესაში გამოჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ რუსები გაზის გაძვირებას უპირებენ 270 დოლარამდე! მე ამას არ ვუსურვებ ჩვენს მოძმე სომეხ ხალხს, მაგრამ, თუ ეს მოხდა, ცემენტის წარმოება სომხეთში მოკვდება არაკონკურენტუნარიანობის გამო. რაც შეეხება იმას, თუ რატომ შემოდის საქართველოში სომხური ცემენტი, აბა, ვის მიჰყიდონ, ირანელებმა თავისი ცემენტი, არ იციან, სად წაიღონ (ახლახან ჩვენშიც გამოჩნდა ირანული ცემენტი), თურქებთან და აზერბაიჯანელებთან - უმძრახად არიან! ცემენტი კონიაკი ხომ არაა, ერთი ტრაილერი დატვირთონ, ჯვრის უღელტეხილზე გადაიარონ და ერევნიდან 450 კმ-ის გავლის შემდეგ რუსეთში აღმოჩნდნენ; ჩაიჯიბონ მილიონი და დაბრუნდნენ უკან! მილიონის ღირებულების ცემენტი კავკასიის პირობებში, სულ მცირე, ხუთ ეშელონს შეადგენს და ამ დროს აფხაზეთის რკინიგზაც ჩაკეტილია!

 - ცემენტი შედარებით ახალი მასალაა, რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს კლასიკურ შემკვრელებთან, მაგალითად - კირთან შედარებით?

- ცემენტის არსებობა ჯერ 200 წელსაც არ ითვლის, მაგრამ მან უკვე საკმაო აღიარება მოიპოვა ყველასათვის ხელმისაწვდომობით, მაღალი სიმტკიცით (კირთან შედარებით 15-ჯერ და უფრო მეტჯერ). ცემენტი, როგორც დამოუკიდებელი სამშენებლო მასალა, იმდენად მცირე რაოდენობით გამოიყენება, რომ უმჯობესია, ბეტონზე და რკინა-ბეტონზე ვიმსჯელოთ.

ბეტონი ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული საშენი მასალაა. იგი გამოიყენება ყველა ტიპის კაპიტალურ ნაგებობებში. მას შეიძლება მიეცეს ნებისმიერი ფორმა, რაც კი არქიტექტორის თავში შეიძლება დაიბადოს. მთავარია, ძალიან არ გადაამლაშოს და კონსტრუქტორს დაუტოვოს შანსი, რომ ის განხორციელებადი იყოს! თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა ისეთი ბეტონების დამზადების საშუალებას, რომლებიც სიმტკიცით პირველი კლასის ფოლადებს უახლოვდება. დადებითი თვისებებიდან აღსანიშნავია დიდი ხანმედეგობა, სიიაფე, ბეტონის სამუშაოებისთვის არცთუ მაღალი კვალიფიკაცია, აგრეთვე სიმტკიცის დროში მატება. უარყოფითი თვისებებიდან უნდა აღინიშნოს დაბალი სიმტკიცე ღუნვასა და გაჭიმვაზე (ამ ნაკლის საკომპენსაციოდ გამოიყენება სწორედ მისი დაარმირება, რაც პირველად ისტორიაში ფრანგმა მებაღემ განახორციელა, როცა ყვავილების ქოთანი ფოლადის ბადისაგან დაწნა და ცემენტის ხსნარით შელესა. ამ კაცმა რკინაბეტონის წამოებას მისცა დასაბამი). ბეტონის უარყოფითი თვისებებიდან აღსანიშნავია მისი დიდი მოცულობითი წონა და მაღალი სითბოგამტარობა, რაც დაძლეულია ე.წ. თბილ  (ანუ მსუბუქ) ბეტონებში. ბეტონს ეშინია აგრესიული გარემოსი, კერძოდ, მჟავე და სულფატიანი გარემო ბეტონზე ისე მოქმედებს, როგორც ადამიანზე კიბო! თუ ხანგრძლივად იმყოფება 600-700 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე, მასში მოთავსებულმა არმატურამ შეიძლება განიცადოს მოდიფიკაციური ცვლილება და დაკარგოს სიმტკიცე. სტოუნხენჯი კვარცის მეგალითების ნაცვლად თანამედროვე ბეტონით რომ ყოფილიყო აშენებული, დიდი ხნის წინ შეწყვეტდა არსებობას! იგი აქამდე იმიტომ შემორჩა, რომ კვარცი აბსოლუტურად  მკვრივი მასალაა და ამიტომ გაყინვა-გალღობა მას ვერაფერს აკლებს. თუ ბეტონზე ამ ფაქტორების მოქმედება გამოირიცხება, მაშინ ის, პრაქტიკულად, მარადიული მასალა გახდება, რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებს. ასეა თუ ისე, ბეტონს ბევრად მეტი დადებითი აქვს, ვიდრე უარყოფითი, სხვანაირად ასე ფართო გავრცელებას ვერ ჰპოვებდა.

- თქვენ ავტორი ხართ ცემენტთან დაკავშირებული მსოფლიო მნიშვნელობის გამოგონებისა. მოგვიყევით მის შესახებ.

- ყველა გამოგონებას ან გაჭირვება წარმოშობს, ან ადამიანის განუწყვეტელი ლტოლვა სიზარმაცისკენ. მე, პირადად, ამ გამოგონებასთან ღირსების გრძნობამ (თუ გინდათ, პატივმოყვარეობა დაარქვით!) მიმიყვანა.  თუ თავის ქებად არ ჩამეთვლება, გეტყვით, რომ მე-9 და მე-10 კლასებში სახელგანთქმულ კომაროვის სახელობის სკოლაში ვსწავლობდი 1965-67 წლებში.

ყველა საგანში ძლიერი ვიყავი, განურჩევლად იმისა, ზუსტი იყო მეცნიერება, თუ ჰუმანიტარული, თუმცა ამ სკოლის დამთავრება არ დამაცალა მაშინ ჩემს თავზე დატეხილმა რამდენიმე ტრაგიკულმა მოვლენამ, რაზედაც დუმილს ვამჯობინებ. საშუალო სკოლის ატესტატი გურჯაანის პირველმა სკოლამ მომცა. ამიტომ, თავის დროზე გავრცელებული ჭორი, თითქოს ეს მეთოდი ვიღაც უბირს შეემუშავებინოს, სიცრუეა! ამ მეთოდის შემმუშავებელს შესანიშნავად უნდა სცოდნოდა არაორგანული ქიმია, კლასიკური ფიზიკა, მათემატიკა და, ამასთან ერთად, მშენებელიც უნდა ყოფილიყო, რათა საკუთარ ტყავზე ეგრძნო ის შედეგები, რასაც ამ მეთოდის არარსებობა იწვევდა! განგებამ ასეთად მე ამირჩია. ის ფაქტი, რომ ცემენტის სიმტკიცე სტანდარტული მეთოდით 28 დღის ასაკში განისაზღვრება, ბევრ უხერხულობებს უქმნის მის მომხმარებლებს. ვინ გააჩერებს ცემენტს 28 დღით? არადა, გაუსინჯავად გამოყენებაც არ შეიძლება, რადგან, გარკვეულად, რისკზე მიდიხარ... ცემენტის სიმტკიცე რომ ყოველთვის საგარანტიო მარკის შესაბამისი ყოფილიყო, ამ მეთოდის შექმნასა და დაზუსტებაზე 30 წელს არ დავკარგავდი, რადგან ამის საჭიროება, უბრალოდ, არ იარსებებდა...სწორედ ამან უბიძგა მკვლევარ გამომგონებლებს, დაჩქარებული მეთოდების ბუმი მოეწყოთ! სპეციალურ ლიტერატურაში ასამდე მეთოდია დაფიქსირებული, მაგრამ ვერცერთი მათგანი ახლოსაც ვერ მოვა ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მეთოდთან! ცემენტის 28 დღიან სიმტკიცეს ჩემი მეოთხე შვილი (ხელსაწყოს უკანასკნელი მე-7 მოდელი, რომელსაც ჩემი მშობლიური სოფლის პატივსაცემად  MELANI-01 დავარქვი!) 5 წუთს ანდომებს! ამასთან,  წინა მოდელებისაგან განსხვავებით, გარდა ცემენტის სიმტკიცისა, ბეტონის ნარევის მოსალოდნელი სიმტკიცის პროგნოზირებასაც ახდენს 10%-იანი ცდომილებით! ხელსაწყოს ელექტრული სქემა შექმნეს და პროგრამული უზრუნველყოფა მოახდინეს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, ბატონმა ედუარდ გევორქოვმა და ახალგაზრდა უნიჭიერესმა პროგრამისტმა, ბატონმა გია ელიოზოვმა. ხელსაწყოში შეყვანილია 18 პარამეტრიანი ფორმულები, რომლებიც სრულად (ან თითქმის სრულად) მოიცავს ცემენტისა და ბეტონის ფიზიკო-მექანიკურ მახასიათებლებს!

ყველაფერი 1982 წელს დიწყო. რაზდანის ქარხანამ გამოგვიგზავნა ვითომ 400 მარკიანი ცემენტი, რომელიც ჩვენმა კომბინატმა ლაბორატორიული შემოწმების გარეშე გამოიყენა რკინა-ბეტონის 12 მეტრიანი სვეტების დასამზადებლად, მაგრამ არ გაუმართლდათ, ცემენტის რეალური სიმტკიცე, როგორც შემდეგ გაირკვა, 150 აღმოჩნდა და მთელი იმდენი ნაშრომი წყალში ჩაგვეყარა... აი, მაშინ გადავწყვიტე, რაღაცა უნდა მეღონა! ჩამოვედი თბილისში, გავიკითხ-გამოვიკითხე და აღმოჩნდა, რომ ეს მსოფლიო პრობლემა ყოფილა! შევისწავლე ცემენტის ქიმია რაღაც დონეზე და აღმოჩნდა, რომ უაღრესად დიდ პრობლემას შევეჭიდე. მაშინ „სოფლმშენის მშენინდუსტრიის“ ცენტრალურ ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა პროფესორი თენგიზ ხვედელიძე, რომელმაც  მირჩია, გამეზომა ცემენტის ცომში  ჩაშვებულ ელექტროდებს შორის აღძრული ელექტროდენის პოტენციალთა სხვაობა, მაგრამ ეს სიდიდე იმდენად მცირეა, რომ სპეციალური გამზომი აპარატურის გარეშე, ვერაფერს გავხდი. ყველაფრის ქრონიკული დეფიციტის პირობებში, მაშინ დღევანდელივით ადვილი არ იყო საჭირო მოწყობილობის შეძენა... აი, მაშინ დაიბადა პრინციპულად ახალი იდეა, რომელსაც შემდგომში ცემენტის აქტივობის განსაზღვრის კონდუქტომეტრული მეთოდი ეწოდა.

ვიცოდი, რომ ცემენტის წყალხსნარი ელექტროლიტია, ე.ი დენის გამტარი   გარემოა.   სასწრაფოდ  ავაწყე პრიმიტიული „ხელსაწყო“, რომელიც შედგებოდა მიმდევრობით შეერთებული დენის წყაროსაგან, ამპერმეტრისაგან, ელექტროდებთან პარალელურად მიერთებული ვოლტმეტრისაგან, ორი მასტაბილერებელი წინაღობისა და ჩამრთველისაგან.    „საიდუმლომ“  გაჟონა   და უკვე 1986 წელს ამ საქმით საშენ მასალათა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტშიც დაინტერესდნენ. ცემენტის სექტორის მაშინდელმა უფროსმა  კორნელია თანდილოვამ ახალი მეთოდით შემამოწმებინა 7 სხვადასხვა ცემენტი, რომელთა აქტივობა მისთვის წინასწარ იყო ცნობილი. ხუთი მათგანისათვის გადახრის ფარდობითი ცდომილება არ აღემატებოდა 3%-ს, დანარჩენი ორისთვის - 5%-ს. უნდა გენახათ მისი   აღტაცებული    შეძახილი:  „აკაკიი, ვი დლია მენია გენიალნაია ნახოდკა! ვი სოვერშილი ჩუდო! ვი რეშილი მიროვუიუ პრობლემუ!“ ჩამავლო ხელი და, პირდაპირი მნიშვნელობით, შემათრია ინსტიტუტის მაშინდელ დირექტორთან, ოთარ კვიცარიძესთან, რომელმაც წინადადებით მომმართა, სწავლა ასპირანტურაში გამეგრძელებინა, მათსავე ინსტიტუტში. ინსტიტუტის დამთავრებიდან უკვე 13 წელი იყო გასული და თან სამი შვილი მყავდა შესანახი, რაღა დროს ჩემი ასპირანტობა იყო? სპეციალობა მონათესავე გახლდათ, ფრანგული ენა სკოლაში ვისწავლე და არ მაშინებდა... პარტიის ისტორიის გახსენება არ გინდოდა? ერთი სიტყვით, ყველაფერი წარმატებით დამთავრდა, ასპირანტურაშიც მოვეწყე, საკანდიდატო მინიმუმებიც ჩავაბარე და როცა ბოლო გამოცდისთვის ვემზადებოდი, სამოქალაქო დაპირისპირებაც დაიწყო... პარალელურად  სამეცნიერო ტექნიკური გაერთიანება „ანალიზხელსაწყოს“ თანამშრომლები შეუდგნენ ხელსაწყოს საცდელი ნიმუშების დამზადებას! მე მათ მასალები გადავეცი1986 წლის შემოდგომაზე და საცდელი პარტია 10 ხელსაწყო 1990 წლის ბოლოს დაამზადეს! მაშინ მიკვირდა, რატომ წელავდნენ დროს, მით უმეტეს, რომ ისინიც  თანაავტორებად მყავდა მეორე საავტოროში ?1695227! მე მათ ვეუბნებოდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამოგონებაა, ხომ ხედავთ, საით მიდის ქვეყანა, ვინ იცის, მომავალში ამ გამოგონებამ შეგვინახოს-მეთქი! ისინი დროს იმიტომ წელავდნენ, რომ ჩემი გამოგდება მოინდომეს, რაკი მე ელექტრონიკისა არაფერი გამეგებოდა! შემდეგ, როცა რუსეთში მომიწია ამ  ხელსაწყოების  წარმოება, რუსებმა ერთ თვეში გააკეთეს მესამე თაობის  ხელსაწყო ИАЦ-03!  არადა,   ეს   ხელსაწყო რომ 1986 წელს გამოსულიყო, მე ახლა მილიარდერი ვიქნებოდი!

მთელი ყოფილი სსრ კავშირის ცემენტთან შეხებაში მყოფი 5000-ზე მეტი საწარმო უცდიდა ამ ხელსაწყოს და იხდიდნენ მაშინ ყველასთვის საოცნებო „ვოლგის“ ფასს - 10000 საბჭოთა მანეთს! ბევრის მძებნელი ცოტასაც ჰკარგავს ხოლმე! მე რომ მაშინ ცოტა მეტი რისკი გამომეჩინა, ჩავსულიყავი მოსკოვში, მომენახა სანდო პარტნიორი, ახლა ცოტა სხვა ვითარება მექნებოდა. მაგრამ მუდამ საქართველოს სიკეთეზე მეოცნებეს, არ მინდოდა, ეს გამოგონება მისთვის დამეკარგა. ბოლოს მაინც ის მოხდა,  რაც  უნდა  მომხდარიყო - საქართველოსთვისაც დაიკარგა (დაახლოებით, 1.8 მილიონი მანეთი) და ინახებოდა „აგრომრეწვბანკის“ გურჯაანის ფილიალში კოოპერატივ „ინტეგრალის“ ანგარიშზე, ისიც ედუარდის მთავრობამ დააყადაღა სრულიად უმიზეზოდ (თურმე აფხაზეთში შესასვლელად ემზადებოდნენ და მე რა ვიცოდი!) და ყადაღა მომიხსნეს 1994 წელს, ლარის შემოღების შემდეგ, როცა იმხელა თანხა 1,8 ლარად გადამიქციეს!

ამაზე ვინ უნდა აგოს პასუხი, დღესაც არ ვიცი. გასაგებია, სახელმწიფოს ინტერესებს სჭირდებოდა და წამართვა (მადლობა, რომ მაშინ ცოცხები ჯერ არ იყო მოდაში!). დღეს ამ გამოგონებით დაინტერესდნენ ინგლისელები. MELANI-01-ის ერთი მოდელი ატესტაციას გადის ინგლისის დედაქალაქში საერთაშორისო სერთიფიკატის მოსაპოვებლად. სხვას ჯერ ვერაფერს ვიტყვი. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ქართული გამოგონება მსოფლიოს ხალხთა კუთვნილება გახდება!

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1500
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია