დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ვისოლმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი შემადგენლობა წარადგინა
2013/06/17 12:01:42

14 ივნისს კომპანია „ვისოლმა“ ქუთაისის ცენტრალური სტადიონის სადღესასწაულო დარბაზში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალი შემადგენლობის საზეიმო პრეზენტაცია გამართა. ამიერიდან ლეგენდარულ გუნდს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ესპანელი მწვრთნელები - ჟერარდ სარაგოზა მულე და ალბერტო ბეროკალ კორეა უხელმძღვანელებენ. მოთამაშეთა რიგებს კი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები შეუერთდნენ, რომლებმაც პირველად საქართველოს ისტორიაში, 2012 წელს, სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატში (17 წლამდე ნაკრებებს შორის) ნახევარფინალამდე მიიყვანეს საქართველოს გუნდი.

 

 მათე ცინცაძე, დავით ჯიქია, ალეკო მზევაშვილი, ნიკა ჭანტურია,  გიორგი გოროზია არიან „ტორპედო ქუთაისის“ გუნდის ახალი წევრები, რომლებმაც 17-წლამდელთა ნაკრების სხვა მოთამაშეებთან ერთად შარშან ელიტრაუნდის ჯგუფში ესპანეთი და ინგლისი ჩატოვეს. ბაჩო მიქავა, დავით მთივლიშვილი, დავით უბილავა აქამდე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრები იყვნენ. „ტორპედო ქუთაისს“ წყალტუბოს გუნდიდან გადმოსული თორნიკე კაპანაძეც შეუერთდა, რომელმაც, პირველ ლიგაში, 30-მდე გოლი გაიტანა. გუნდს თბილისის „ლოკომოტივის“ ახალგაზრდა ფეხბურთელებიც შემოუერთდებიან. მათ შორის: ბექა ტყემალაძე, რევაზ ჩიტეიშვილი, გიორგი გაბაძე, გიორგი გურეშიძე, რევაზ ბარაბაძე, ჯემალ ყანჩაშვილი, გიორგი დუმბაძე, გურამ ლიკავა, დავით გუჯაბიძე, ნიკა წივწივაძე და ლუკა კიკაბიძე. მათ ყოფილ მწვრთნელთან - ჟერარდ სარაგოზასთან ერთად 15-მატჩიანი წაუგებელი სერია მოაწყო და, პირველ ლიგაში, მეორე ადგილზე გავიდა.

„ტორპედო ქუთაისი“ არის წარმატების დიდი ისტორია, რომელშიც           „ვისოლი ჯგუფი“ ახალ ფურცლებს წერს. გუნდის ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელებით გადახალისება განვითარების ახალ პერსპექტივებს გვისახავს. წელს გუნდს მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა, საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილი მოვიპოვეთ, თუმცა    ქუთაისის „ტორპედო“ მეტად გაძლიერებისათვის გუნდის კიდევ უფრო გაახალგაზრდავება დავისახეთ მიზნად. კლუბის მოთამაშეთა საშუალო ასაკი 22 წლამდეა, რაც იდეალური ასაკია მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის. დამატებით, გუნდის წინსვლაზე ამიერიდან მრავალწლიანი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე ესპანელი მწვრთნელები იზრუნებენ და ჩვენ ერთად შევქმნით ქართული ფეხბურთის საუკეთესო მომავალს, გვაქვს ბევრი რამ დაგეგმილი, ჩვენი მთავარი აქცენტი ახალგაზრდებისკენაა მიმართული,“ - განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა ლევან ფხაკაძემ.

„ვისოლმა“ ახალ მთავარ მწვრთნელ ჟერარდ სარაგოზასთან სამწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. მის ასისტენტად დიმიტრი თოფურიძე დაინიშნა. ფიზმომზადებას ალბერტო ბერიკალი კორეა უხელმძღვანელებს, მეკარეების მწვრთნელი კონსტანტინე გუგუნავა იქნება, ექიმი - დიმიტრი ზაალიშვილი, ფიზიოთერაპევტი - რობერტ ხვადაგიანი.

„ვისოლი ჯგუფი“ ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს-ჯგუფია საქართველოში, რომელმაც არა მხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა, არამედ სამშენებლო, სარეკლამო, რესტორნების და ა.შ. ბიზნესსაც ავითარებს. მას მრავალი შვილობილი ბრენდი ჰყავს.

„ვისოლი“ ერთადერთი ქართული ბრენდია, რომელიც 2010 წელს ევროპის ბიზნესდაჯილდოებაზე წარმატებულ ევროპულ კომპანიათა ათეულში შევიდა. იგი 2006 წლიდან ფლობს ხარისხის მართვის საერთაშორისო სერთიფიკატს. დღესდღეობით კი ISO 9001-2008-ს მფლობელია. კომპანია 2007 წლიდან ახორციელებს უმაღლესი ხარისხის საწვავის, ევრო 5 სტანდარტის API-ს იმპორტს Falconara Marittima-ს ქარხნიდან. „ვისოლი ჯგუფს“ გაზგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საკუთრებაში საქართველოში. კომპანია ძალზე აქტიურად ხელმძღვანელობს ქართული სპორტის განვითარების საკითხს. ამისთვის „ვისოლმა“ 25 მილიონი ლარი დახარჯა. ხოლო  ქუთაისის „ტორპედო“ გუნდისა და ინფრასტრუქტურისათვის - 10 მილიონი ლარი.
2010 წლიდან აღნიშნული კლუბი „ვისოლის“ საკუთრებაშია და აქტიურად არის ჩაბმული საფეხბურთო წინსვლის საქმეში: ყოველწლიურად 4 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ამის გარდა, „ვისოლ ჯგუფმა“ ჯამურად უკვე 30 მილიონ ლარზე მეტი გაიღო თბილისსა და რეგიონებში ევროპული სტანდარტის სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და, ზოგადად, ქართული სპორტის განვითარებისათვის.

ამჯერად ახლად დაკომპლექტებული    „ტორპედოს“ გუნდი ახალი შემართებითა და ენთუზიაზმით განაგრძობს ბრძოლას წარმატებისათვის. როგორც ახალმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოზამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა: „ჩვენი საიდუმლო არის 24 საათიანი მუშაობა და ძველი შედეგების გაუმჯობესება.“

კლუბის პრეზიდენტი დიდ იმედებს ამყარებს ახალგაზრდა სპორსტმენებზე. „მართალია, ისინი ახალგაზრდები არიან, მაგრამ არ აკლიათ გამოცდილება და მიზანდასახულობა. ეს პროფესიონალი მწვრთნელები კი ყველაფერს გააკეთებენ შემდგომი გამარჯვებებისთვის,“ - განაცხადა ბატონმა ლევანმა.

 მან სპორტსმენებს ახალი მაისურები გადასცა და გზა დაულოცა წარმატებებისაკენ.

 

ჟანა ჯანელიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1316
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია