დღეს დილით, თბილისში, გლდანის მე-5 მიკრორაიონის მე-8 კორპუსში აფეთქება მოხდა, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
დაზარალებულია 6 ადამიანი. ისინი გადაყვანილები არიან საავადმყოფოში. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ ინფო9–ს განუცხადა, აფეთქება 9-სართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე მოხდა.
„სავარაუდოდ, ბინაში გაზი დაგროვდა და აფეთქება ამან გამოიწვია. საბედნიეროდ, მსხვერპლი არაა. 3 ბავშვია სტრესულ მდგომარეობაში, ერთს თავიდან სისხლი მოსდის. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ. აფეთქების შედეგად ჩამტვრეულია 2 აივანი და კარ-ფანჯრები. მეტი საშიშროება აღარ არსებობს“, - განაცხადა გიორგაძემ.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის ბრიგადებია მობილიზებული. მიმდინარეობს გამოძიება.