დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრები სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას ითხოვენ
2013/06/03 12:24:29

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს

 

საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრები სახელმწიფოში მათი უფლებების გაზრდის მოთხოვნით მშვიდობიან საპროტესტო  აქციებს საქართველოს სხვადასხვა რაიონში მართავენ. აქციის ლოზუნგია: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები - ადამიანთა უფლებების დაცვის პროცესში“. მათი შეკრების მიზანიც სწორედ შშმ.პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია და სახელმწიფოს და კონკრეტულად რაიონების ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მათი პრობლემებით დაინტერესებაა. 

სწორედ ამიტომ 31 მაისს მორიგი მშვიდობიანი  აქცია საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გამართეს.

აქციის მონაწილეების სურვილია, ის პრობლემები, რაც მათ აქვთ, ეტაპობრივად მოგვარდეს საკანონმდებლო დონეზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მეტი რაოდენობით იყვნენ  ჩართული სახელმწიფოში მიმდინარე სხვადასხვა პროცესში.

თამაზ მუქერია, საქართველოს უსინათლოთა კავშირის ბიზნეს და სოციალური სამსახურის უფროსი, აქციის მენეჯერი: „ჩვენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მოგეხსენებათ საზოგადოებაში ჩვენი ინტეგრაციის კუთხით, რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, რასაც მივესალმებით, მაგრამ გვინდა, რომ რაიონებში, სადაც ჩვენს პრობლემებს ნაკლები ყურადღება ექცევა, სწორედ  გამგებლებს და მერიის ხელმძღვანელებს მივაწვდინოთ ჩვენი ხმა და ის ძირითადი პრობლემები, როგორებიცაა: განათლება,პროფესიის მიღება, ხმოვანი კომპიუტერული პროგრამების შესწავლაში თანადაფინანსება და, რაც მთავარია, დასაქმების პრობლემა. ყველა სამსახურში  იქნება უსინათლოებისათვის ადგილი, თუკი შესაბამისი სამსახურების მხრიდან იქნება მონდომება. დღეისათვის სახელმწიფო სექტორში მხოლოდ 150 უსინათლოა დასაქმებული, რასაც ეს ადამიანები მტკივნეულად განიცდიან. მინდა ვთქვა, რომ ეს არამარტო ჩვენი, არამედ, ზოგადად, ქვეყნის პრობლემაა. გვინდა,რომ  შევქმნათ საჯარო დოკუმენტი, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა ჩვენი პრობლემა და მოთხოვნა. ასევე ჩვენი კავშირის ყველა ბენეფიციარის ინფორმირებისათვის  ჩავატარებთ ტრეინინგებს.“

ზაზა ლომიძე, საქართველოს უსინათლოთა კავშირის ზესტაფონის ფილიალის თავმჯდომარე: „ჩვენი აქცია არის იმ პროექტის ნაწილი, რაც ითვალისწინებს შშმ პირების  უფლებების დაცვას. მათი პრობლემების მოგვარებას.  გვინდა, აქციით ადგილობრივ ხელმძღვანელობებთან ერთად ჩვენი წვლილი შევიტანოთ არსებული პრობლემების  მოგვარებაში. ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია ყოველი მხარდაჭერა და თანადგომა.“

ნანა ბრეგვაძე, უსინათლოთა კავშირის სოციალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი: „ეს პროექტი ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და მხარდაჭერილი. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვცდილობთ, მეტი ყურადღება მივიქციოთ სახელმწიფოს მხრიდან და საკანონმდებლო ცვლილებები მოვახდინოთ.   დაგეგმილია სხვადასხვა სახის მშვიდობიანი აქციები, სადაც მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას, ანუ იმას, რომ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია ფართო საზოგადოებაში. კარგი იქნება, თუ ჩვენი პრობლემებით დაინტერესდება საზოგადოება და სახელმწიფო. გვსურს, მეტად ვიყოთ ჩართულნი  სხვადასხვა პროცესში, რადგან ეს გვჭირდება იმის დასამტკიცებლად, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ვთვლი, რომ უპრეცენდენტო პროექტია, რადგან თითქმის ყველა რაიონს მოიცავს და, იმედია, შედეგით გარდატეხას მოვახდენთ ქართულ კანონმდებლობაში.“

შშმ პირების მშვიდობიან აქციაზე ზესტაფონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომელთაც, თავის მხრივ, პირობა დადეს, რომ, შესაძლებლობის ფარგლებში, უსინათლოთა კავშირის წევრების პრობლემების მოგვარებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ.

ნუგზარ ქამუშაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი: „ჩვენ ვეხმარებით უსინათლოთა კავშირის იმ 92 კაციან  კონტიგენტს,  რომელიც ცხოვრობს ზესტაფონში. იქნება ეს  ერთჯერადი მატერიალური დახმარება თუ სხვა პრობლემის მოგვარება. ვცდილობთ, მათ მიერ წამოჭრილი პრობლემური საკითხები მაქსიმალურად ოპერატიულად გადავწყვიტოთ.  ამ ეტაპზე  ჩვენს მიმართ მათ პრეტენზიები არ გააჩნიათ და მომავალშიც ასე გაგრძელდება. რაც შეეხება  დასაქმების პროგრამას, თუ ისინი წარმოადგენენ პროექტს, ჩვენ დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, ერთად  ჩამოვაყალიბებთ ურთიერთთანამშრომლობის პროგრამას, შემდგომ კი, შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად მოვახდენთ ამ პროექტების განხორციელებას.“

სტატია იბეჭდება ევროკავშირის პროექტის „შეზღუდული შესაძლებლობების პირები - ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში“ - ფარგლებში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1370
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია