დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვანო და იულია
2013/05/22 22:53:35

ყველას კარგად ახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ყველაზე შარმიანი საყრდენი ამბიციური ირაკლი ოქრუაშვილი იყო, რომელსაც შემდეგ  ივანე მერაბიშვილი ჩაენაცვლა. პოლიციელებს  ვანო მერაბიშვილი უყვარდათ, რადგან მას ჰქონდა ის თვისებები, რის გამოც ხელმძღვანელი  მოსწონთ. ნაკლები ლაპარაკი, მეტი საქმე მისი ცხოვრების სტილია, თუმცა თავიდან ფიქრობდნენ, რომ მერაბიშვილს საუბარი არ ეხერხებოდა და ამიტომ იყო სიტყვაძვირი. შარშანდელ 1 ოქტომბრამდე „ნაციონალური მოძრაობა“ გრძნობდა, რომ საქმე არ იყო კარგად და ვანო მერაბიშვილიც ალაპარაკდა. ისეთი რა გაუჭირდათ „ნაციონალებს“, ვანოც რომ ალაპარაკდაო, – კითხულობდნენ და მართლაც, თურმე დიდი გასაჭირი იდგა 9 წლის პარტიისთვის. გასული წელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდა. ბაჩო ახალაიას დაკავებით სამეგრელოში ახალაიების ოჯახის შიშის ზარდამცემლობის ეტაპი დასრულდა. მართალია, მის მხარდასაჭერად აქციები მოაწყვეს დანარჩენმა „ნაცებმა“, მაგრამ „ქოცები“ იძახდნენ, ბაჩოს ოჯახი განაწყენებულია, რაღაც მეტს ელოდნენ ახალაიები თავად პრეზიდენტისაგანაც, მაგრამ ყველას თავისი ტყავი ადარდებს და კოჰაბიტაციაზე ჩიჩინებდნენ, იქნებ გაჭრასო.

საქართველოს მოსახლეობა კი სამართლიანობის მოლოდინში იყო და ერთი ბაჩოს დაკავება მათთვის გაცილებით ცოტა იყო, ვიდრე მოელოდნენ. სულსწრაფი მოსახლეობის სურვილის  დასაკმაყოფილებლად თბილისის მერს  დაეჯახა პროკურატურა, მაგრამ ძვრა ვერ უყვეს, რადგან კუბლაშვილის სასამართლო იდგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო. მოსამართლეებს სხვაგვარად არ ძალუძთ, რადგან კუბლაშვილი სასამართლო სისტემის მაესტროა.

არც ისე დიდი ხნის წინ პრემიერისა და კუბლაშვილის შეხვედრა მოეწყო, რომლის ფინალმა აჩვენა კმაყოფილსახიანი „უცხოპლანეტელი“ კუბლაშვილიც და ,,გასწორებულში მყოფი“ პრემიერი ივანიშვილიც. სავარაუდოდ, სასამართლო გაჰყვება კანონმდებლობის მოთხოვნებს და არა „ნაციონალური მოძრაობის“ სარეაბილიტაციო კურსს.

 ბაჩო ახალია იყო ერთი იმ ლუკმათაგანი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზურგსუკან მოისროლა. დიდი კონსტანტინე როგორ გადაურჩა კომუნისტური პარტიის რისხვასო, მკითხეს ერთხელ და იქვე საიმედო პასუხიც მოაყოლეს: კონსტანტინე ჰგავდა იმ კაცს, რომელსაც უზარმაზარი პური მიჰქონდა სახლში და გზად დამხვედრ ნაგაზებს ლუკმებს უყრიდა, რომ მეტი წილი შინ მიეტანა და პურიანად არ გადაესანსლათ ძაღლებსო. ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიაც იგივეა. ოღონდ გადარჩნენ და სხვისი დარდით მაინცდამაინც აღარ იწუხებენ თავს, რადგან საწუხარი თავისი აქვთ. ძნელად დააჯერებთ ვინმეს, რომ „ნაცმოს“ ბირთვში ვინმე უცოდველია. ერთმა ჩემმა ნაცნობმა ვანოს დაკავების შემდეგ ასეთი რამე თქვა (სტილი დაცულია): „მოკლედ, საერთოდ არ მწყენია ვანოს დაკავება (არც გამხარებია). ვთვლი, რომ მაგ კაცს ბევრი აქვს მიქარული, თუმცა მე არ ვარ გამოძიება და არ ვარ კბილაშვილი. ჩემი აზრით, ვანომ ძალიან დიდი როლი შეასრულა „ნაცმოძრაობის“ გაბანძებაში. მოკლედ, არაა ეგ კარგი კაცი. (გირგვლიანის საქმე მაღელვებს ყველაზე მეტად). ასევე მგონია, რომ მაინცდამაინც დღეს მისი დაკავებით ხელისუფლება შეეცადა გადაეფარა 17 მაისის ამბები. ხოდა, ვინაიდან და რადგანაც მე ვანო ძალიან ცალ ფეხზე მკიდია და ვინაიდან და რადგანაც არ მკიდია 17 მაისის ამბები, დიდი სურვილი მაქვს, ვანოს მეზობელ კამერაში კანონდამრღვევი და მოძალადე მღვდლებიც ვიხილო .ვიმედოვნებ, მარტო მე არ ვფიქრობ ასე და ის ხალხი, ვისაც 17 მაისის ამბები აინტერესებს, კვლავ ვკონცენტრირდებით იმ დღის „გმირების” საქციელის პროტესტზე“.

იყო მცდელობა ვანოს და იულიას პარალელურ პოლიტიკურ ფიგურებად წარმოჩინებისა, მაგრამ ეს ნაკლებად მოხერხდება, რადგან მიშას პროლეტარული  ზღაპრების მიხედვით, ვანო (ზურაბ ვარშალომიძის არ იყოს) გაღლეტილია და მამის კამაზის შემოსავლებით გააქვს თავი (რატომღაც დაავიწყდა, რომ ჟენია მერაბიშვილის ხელფასიც წაემატებინა კვარიათული ფეშენაგარაკის „გასაპრავებლად“). მკითხავთ, რატომ პროლეტარული ზღაპრებიო?! იმიტომ, რომ ჩვენი მენტალობა ჯერ კიდევ ვერ გასცილდა პროლეტარულ აზროვნებას და კარგად მუშაობს მასაზე პროლეტარული ზღაპრები. იულია ტიმოშენკო პროლეტარიატის წარმომადგენელი ნამდვილად არ ყოფილა, ის ყოფილი სსრკ-ს მასშტაბით ყველაზე მდიდარ ქალად ითვლებოდა და გაზის დედოფლის ტიტულს ატარებდა.

 ახლა კი იმაზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვა, ხომ არ განმეორდება გიგი უგულავას შემთხვევა და ხომ არ გაუშვებს სასამართლო დარბაზიდანვე ივანე მერაბიშვილს?! სასჯელის გარეშე, სავარაუდოდ, მერაბიშვილი, ამჯერად ვერ გადარჩება. ის ერთგვარი განტევების ვაცია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და თუნდაც ყოფილ მმართველ ძალას აწყობს კიდეც მისი დაკავება, რადგან ეს იქნება ორთქლის გამოშვება. ახლა სასამართლო სისტემაც თავგადარჩენაზეა გადასული და ვერ წაჰყვებიან მოსამართლეები პოლიტიკურ მოუსავლეთში თითოეულ ნაციონალს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1391
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია