დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის რედაქციაში PRESS-კლუბი გაიხსნა!
2013/05/20 12:08:12

კლუბის პირველი სტუმრები - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები

გაზეთმა „P.S.“-მა დაიწყო ახალი პროექტი სახელწოდებით „ინტერნეტკონტენტის www.psnews.ge-ს განვითარება“.

პროექტის ფარგლებში, გაზეთის რედაქციაში  გაიხსნა სადისკუსიო press-კლუბი, სადაც საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ პერიოდულად მოწვეული იქნებიან პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები. press-კლუბი საშუალებას მისცემს მასმედიის წარმომადგენლებს, მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვან კლუბში მოწვეულ რესპონდენტებს.  სურვილის  შემთხვევაში „P.S.“-ის press-კლუბი დაეთმობა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც.

17 მაისს press-კლუბის პირველი სტუმრები იყვნენ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე და ქუთაისის საკრებულოში ამავე სახელწოდების ფრაქციის დეპუტატები - კახა ნემსიწვერიძე და ტარიელ მესხი. ახლადშექმნილი პარტიის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გაზეთმა „P.S.“-მა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს  საშუალება მისცა, ალიანსის ლიდერისა და მისი წევრებისთვის შეკითხვები დაესვათ.

ჟურნალისტებთან საათნახევრიან შეხვედრაზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა თავად პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გოჩა თევდორაძის მიმართ.

შეკითხვები შეეხებოდა ალიანსის პოლიტიკურ ორიენტაციას, პარტიის ლიდერის, დავით თარხანმოურავის სკანდალურ განცხადებას - ქუთაისის მერის პოსტზე პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კადრის უპირობო მხარდაჭერის შესახებ, გოჩა თევდორაძის მისამართით ბოლო დროს გაჟღერებულ ბრალდებებს - ქალაქის ბიზნესსექტორში მის მიერ უკანონო წილების ფლობასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ბევრი შეკითხვა დაისვა მერის ასარჩევი კომისიის მუშაობის შესახებ. ჟურნალისტებს აინტერესებდათ, ჰყავს   თუ  არა  ფავორიტი  კანდიდატი  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ქუთაისის მერის პოსტზე გამოცხადებულ კონკურსში და შეძლებს თუ არა კომისია, იმუშაოს  გამჭვირვალედ იმ პირობებში, როცა კომისიის ორი წევრი, ამავე დროს, ალიანსის წარმომადგენელია. ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად ასევე გამოიკვეთა ალიანსის პოლიტიკური გეგმები კოალიციასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ რამდენიმე შეკითხვას, რომლებზეც მოწვეულმა სტუმრებმა განმარტებები გააკეთეს:

- არის თუ არა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციური ძალა და რომელ პოლიტიკურ გუნდს  უწევთ ოპონირებას?

- ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ყველა კარგ საქმეში, და არ ვაპირებთ ბრძოლას ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვართ ოპოზიცია. „პატრიოტთა ალიანსი“ ყველა ძალასთან ითანამშრომლებს კონსტრუქციულ რეჟიმში (გოჩა თევდორაძე).

- ექვსი თვის წინ თქვენ   დატოვეთ  „ნაციონალური მოძრაობა“. მიუხედავად ამისა, ქუთაისის საკრებულოში მაინც ინარჩუნებთ პოზიციებს და წარმოადგენთ უმრავლესობას. იყო თუ არა ეს წინასწარ გათვლილი პოლიტიკური ნაბიჯი, რათა კვლავ გქონოდათ ბერკეტი ქუთაისის საკრებულოში?

- ეს გადაწყვეტილება მოულოდნელად არ მიგვიღია. გუნდიდან ერთ-ერთი პირველი მერაბ მეშველიანი გავიდა. მერე ნელ-ნელა დაიშალა ფრაქცია. გულწრფელად გეტყვით, ეს არ იყო ჩვენთვის მარტივი გადაწყვეტილება. ამ ყველაფერს ხანგრძლივი პროცესები უძღოდა წინ. ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით ბევრ არასწორ პროცესს, რომელიც მიდიოდა ადგილობრივ დონეზე. „ნაციონალები“ ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რათა უფუნქციო გამხდარიყო ქალაქის თვითმმართველობა. შედეგად მიიღეს ის, რაც მიიღეს, ანუ პირველი ოქტომბერი (კახა ნემსიწვერიძე).

- თქვენი პარტიული ლიდერის - დავით თარხანმოურავის განცხადებამ ქუთაისის მერის პოსტზე პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის უპირობო მხარდაჭერის შესახებ, სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორის ნაწილის  პროტესტი გამოიწვია. ამ განცხადების შემდეგ დადგა თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ კომისიის გამჭვირვალობა?

- ეს იყო პოლიტიკური ნიშნით გაკეთებული განცხადება. ამაში უჩვეულო არაფერია.  ფრაქციას აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი პოლიტიკური პოზიცია. ჩვენ ვთქვით, რომ ქალაქის მერის პოსტზე პრემიერის კანდიდატურას დავუჭერთ მხარს. ამან ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს კომისიის მუშაობაზე. ფრაქციას აქვს გადამწყვეტი როლი ქალაქის მერის დამტკიცების საკითხში, რადგან ჩევნ წარმოვადგენთ უმრავლესობას საკრებულოში, მაგრამ გავლენას ვერ მოვახდენთ კომისიაზე. მართალია, ჩვენი გუნდის ორი წარმომადგენელი, ამავე დროს, არის კომისიის წევრი, მაგრამ იქ უმრავლესობა ეკუთვნის არასამთავრობოებს. შესაბამისად, რაიმე მორალურ-ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბარი ზედმეტია (ტარიელ მესხი).

- ბატონო გოჩა, თქვენი მისამართით არაერთხელ გაისმა ბრალდებები ქუთაისის ბიზნესსექტორში ფინანსური წილების ფლობასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღის წინ, ქალაქის ვიცე-მერმა ამირან ძოწენიძემ თქვენ და კახა ნემსიწვერიძე დაგადანაშაულათ სატრანსპორტო კომპანიებში უკანონო წილების ფლობაში. პირადად თქვენი სახელი დაკავშირებულია ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ავტოსადგომზე არსებული ფართების მესაკუთრესთან. გაქვთ თუ არა კერძო ბიზნესი ქუთაისში და არის თუ არა იგი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების მთავარი წყარო?

- „პატრიოტთა ალიანსის“ ოფისი ქუთაისში ფინანასდება დავით თარხანმოურავის მიერ, რაშიც, ძირითადად, შედის  ოფისის ხარჯები, რომელსაც  ღიად, კანონის სრული დაცვით ვიხდით. რაც შეეხება ბიზნესში წილების ფლობას, ეს არის სიცრუე. ქალაქის ვიცე-მერის ეს განცხადება, როგორც მინიმუმ, დიდი გულუბრყვილობაა. ამირან ძოწენიძე საერთოდ ვერ ერკვევა ქალაქის რეალობაში. არანაირ წილს არ ვფლობ სატრანსპორტო კომპანიებში და არც სხვაგან. თუ გავმდიდრდები, აუცილებლად დამეტყობა (გოჩა თევდორაძე).

შეხვედრაზე ჟურნალისტები ასევე დაინტერესდნენ პარტიის სამომავლო პოლიტიკური გეგმებით, კერძოდ, აპირებს თუ არა ალიანსი, გახდეს კოალიცია       „ქართული ოცნების“ პოლიტიკური თანამოაზრე, რაზეც პარტიის წევრებმა განმარტეს, რომ გააგრძელებენ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერას, თუმცა ემიჯნებიან მის გუნდს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1317
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია