დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დეფლაციიდან გამოსავალი: მთავრობამ უნდა დახარჯოს ბევრი ფული
2013/05/20 12:00:12

ახალი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, საკითხზე კომენტარების რაოდენობისა  და თემის გაშუქების თვალსაზრისით, შეიძლება კვირის თემად შეფასდეს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. დამოუკიდებელ ექსპერტთა უმრავლესობა ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირების ტენდენციებზე საუბრობს. არასაიმედო პროგნოზს აკეთებს ჩვენს ქვეყანაში წლების განმავლობაში აქტიურად მოღვაწე, ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ).

 

 

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული პირველი კვარტლის მონაცემებით, იანვარში ეკონომიკური ზრდა იყო 2,9 პროცენტი, თებერვალში - 2,8 პროცენტი, მარტში - 0,2 პროცენტი. ამავე პერიოდის,  ასევე, აპრილის მაჩვენებლებით,  დაბალი იყო როგორც მთლიანი ინფლაცია, ასევე, საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები. მთლიანმა ინფლაციამ აპრილში 1,7 პროცენტი შეადგინა. შემცირებულია ინფლაციის შემდეგი კვარტლების საპროგნოზო მაჩვენებლებიც.

საერთო ჯამში, წლის ბოლოსთვის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი 6 პროცენტიანი ზრდის პროგნოზი, შესაძლოა, არ გამართლდეს.

EBRD -ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა წლის ბოლოსთვის  3% იქნება. სსფ კი საკუთარ პროგნოზს  უახლოეს დღეებში გააცხადებს.

აღნიშნულს ეკონომიკური კრიზისის ნიშნებად აფასებენ ახალი მთავრობის ოპონენტები და დამოუკიდებელი ექსპერტები. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ     „ეკონომიკა ღრმა კრიზისში შედის და ბიუჯეტი არ ივსება“. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სახიფათო ტენდენციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „საქსტატის“ მონაცემები არ იძლევა 6 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების წინაპირობას.        „ამის მიზეზია, ერთის მხრივ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების შენელება, ასევე, შიდა ეკონომიკური ფაქტორები, მხედველობაში მაქვს ადგილობრივი ბიზნესის პასიურობა, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოსულა მოლოდინის რეჟიმიდან. იმედს ვიტოვებ, რომ წლის მეორე ნახევრიდან აღნიშნული ნეგატიური ტენდენცია შეიცვლება,“ - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.  

საპირისპიროს ამტკიცებს მთავრობის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მან „ეკონომიკაც იცის, ბიზნესიც იცის“ და რომ, „ვისაც ეკონომიკა ესმის,  7 თვეში ეკონომიკის  აყვავება ცოტა ძნელი კი არა, აბსურდია“.

მთავრობის ეკონომიკური გუნდი, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ახალი ხელისუფლების ახალი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ სერიოზულ წინგადადგმულ ნაბიჯად ბიზნესის პოლიტიკური კონიუნქტურისგან გათავისუფლებას მიიჩნევს.

„ჩვენ გავათავისუფლეთ ეკონომიკა ჩარევისგან, კარტელური შეთანხმებებისაგან და ადეიზმისაგან. მართული და სააკაშვილის მიერ დანიშნული ბიზნესმენებით ვერ აყვავდება ეკონომიკა. ეს  წინააღმდეგობაში მოდის ყველანაირ კანონებთან,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის  ინფორმაციით, წინა მთავრობამ არამიზნობრივად 923,7 მილიონი ლარი დახარჯა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ  ქუთაისში საპარლამენტო კომპლექსის მშნებელობაზე  344 მლნ ლარი დაიხარჯა; თბილისში რიყეზე ახალი თეატრის მშენებლობაზე - 70 მლნ ლარი; ბათუმში ანბანის კოშკის და „ბათუმი თაუერის“ მშენებლობა - დაიხარჯა 60-60 მლნ ლარი; ანაკლიის აკვაპარკის მშენებლობაზე - 25,3 მლნ, ხოლო ანაკლიის საფეხმავლო ხიდის მშენებლობაზე - 11,5 მლმ ლარი. ანაკლიის ახალი სანაპირო ბულვარისა და ამფითეატრის საზეიმო გახსნა 800 ათას ლარამდე დაჯდა. დაბა მესტიაში თამარ მეფის ქანდაკების დადგმისათვის 1,2 მლნ ლარი იყო გადახდილი. ორ წელიწადში მხოლოდ საახალწლო ღონისძიებებზე 13,5 მლნ ლარი დაიხარჯა.

სწორედ ზემოაღნიშნული და ანალოგიური პროქტები მიაჩნია ივანიშვილს წინა ხელისუფლების ეკონომიკური ზრდის ხელოვნურობის საფუძვლად.  პრემიერ-მინისტრი ეხმაურება EBRD -ის პროგნოზსაც, საქართველოს ეკონომიკური ზრდის  შემცირების შესახებ და აღნიშნავს, რომ ამაში „საგანგაშო არაფერია“  და   რომ „ეს სავსებით ნორმალურია“.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თავის მხრივ,  ირწმუნება, რომ ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკმა  ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში შეამცირა:

„ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკმა თავისი პროგნოზი შეამცირა მთელს მსოფლიოში. მინდა, გითხრათ, რომ მისი გათვლებით, საქართველოში უფრო მეტად ზრდადი ეკონომიკა იქნება, ვიდრე ნებისმიერ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.“

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების  განცხადებას არ უარყოფს არცერთი ექსპერტი. ბუნებრივია, 7 თვე არასაკმარისია იმისათვის, რომ მნიშვნელოვან ეკონომიკურ მიღწევებზე ვისაუბროთ, მაგრამ საუბრობენ იმ ტენდენციებზე, რასაც მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის უნივერსიტეტის სრული პროფესორი  გოჩა   თუთბერიძე  „P.S.“-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში  ეკონომიკური ზრდის შემცირების მიზეზებზე საუბრობს. „ქვეყანაში არის დეფლაცია. დეფლაცია იყო 2012 წლის განმავლობაში და გრძელდება მიმდინარე წელსაც. ეს შედეგია იმ ფინანსური კრიზისისა, რაც განხორციელდა 2008 წელს მთელს მსოფლიოში და, ასევე, საქართველოში. დეფლაციიდან გამოსავალია ის, რომ მთავრობამ უნდა დახარჯოს ბევრი ფული. ანუ საჭიროა ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ჰარმონიულად განხორციელება,  რათა გაიზარდოს ბიზნეს-აქტივობა. ამას მოჰყვება მომხმარებლის გააქტიურება, მოთხოვნის ზრდა, რაც იქნება სიგნალი ბიზნესისთვის, აწარმოოს მეტი პროდუქცია, რაც თავისთავად  მეტ ინვესტიციებსა და მეტ სამუშაო ადგილს გულისხმობს.

საქართველოში ახლა არის არაორდინარული სიტუაცია. მონეტარული ორგანოები  (საქართველოს ეროვნული ბანკი და ეროვნული ბანკის საბჭო), ფაქტობრივად, ოპოზიციაში არიან მთავრობასთან. მთელი 2012 წლის განმავლობაში ისინი ატარებდნენ არაადეკვატურ პოლიტიკას, რასაც აგრძელებენ დღესაც. მთელი ამ ხნის განმავლობაში  არაადეკვატურად მაღალი იყო რეფინანსირების განაკვეთი  და ახლაც მაღალია. ასევე მაღალია მოთხოვნები მინიმალური რეზერვების მიმართ. ეს იმ ვითარებაში, როცა ეკონომიკაში ფულის ნაკლებობაა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დეფლაციის პირობებში ეკონომიკის ფულადი რესურსებით მომარაგების გაზრდა არ არის პანაცეა და ის არ გამოიწვევს მოთხოვნის,  აქედან გამომდინარე, ფასების ზრდას, რაც პოზიტიური სიგნალი იქნებოდა ბიზნესისთვის, რათა დაძლეულიყო ფასების შემცირების მოლოდინი.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ბიზნესის პასიურობაზე საუბრობს.

მისი განმარტებით, „საჭიროა ქმედითუნარიანი სამინისტროები და მოქმედება ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში. უნდა შემუშავდეს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მთავრობისა და ყველა სამთავრობო უწყებისთვის. მართალია, სერიოზული ბიზნესჯგუფების გაჩენას საკმაო დრო უნდა, მაგრამ რაც უფრო სწრაფად შეუწყობს ხელს მთავრობა ახალი სუბიექტების გაჩენას, მით უკეთესი იქნება ქვეყნის ეკონომიკის ზრდა-განვითარებისთვის.  აუცილებელია, ასევე, ცვლილებები საბანკო სფეროში, რადგან ბანკები პასიურობით ხელს უწყობენ იმას, რომ ვითარება ეკონომიკაში გამწვავდეს.“ 

ეკონომისტის ირაკლი ლექვინაძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა, არის ბიზნესის გათავისუფლება პოლიტიკური კონიუნქტურისგან და კონკურენციის ხარისხის ზრდა რიგ სექტორებში.

„ჩემი აზრით,  ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის მხრიდან საჭიროა უფრო აქტიური ქმედებები, რომ ზრდის ტემპის შეჩერებამ არ მიიღოს მუდმივი ხასიათი,“ - აღნიშნავს ლექვინაძე.

ექსპერტთა ნაწილი ახალ ხელისუფლებას  თვითდაჯერება-თვითდაიმედებისგან თავის შეკავებას ურჩევს. სწორედ რომ დაიმედებულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, როდესაც ამბობს, რომ მომდევნო წელი ახლანდელზე უკეთესი, იმის შემდგომი კი უფრო უკეთესი იქნება. მეორე წელს დავინახავთ ეკონომიკური ზრდის ნიშნებს, მესამე წელი იქნება კარგი, მეოთხე კი უფრო კარგი,“ - აცხადებს ივანიშვილი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1221
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია