დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვირთხებთან გაყოფილი „საყარაულო“
2013/05/20 11:58:34

ქუთაისის მერიამ საბინაო ფონდისათვის შენობების აღწერა დაიწყო

შემთხვევით აღმოვაჩინე მოქალაქე, რომელიც ყოფილ საგრენაჟო ქარხნის მცირე ზომის, ნახევრად დანგრეულ „საყარაულოში“ ცხოვრობს...  

ჟუჟუნა ჩუბინიძე საცხოვრებელი ოთახის წინ, მეგობრებთან ერთად, სადილს მიირთმევდა. როგორც ერთ-ერთმა იქ მყოფმა განაცხადა, „საყარაულოს“ ბინადარი ეზოში სადილის სუფთა ჰაერზე მისართმევად კი არ იყო გამოსული, არამედ ოთახის ფართის სიმცირის გამო, იქ დღე და ღამე ვირთხები დარბიან...

როგორც გაირკვა, ქუთაისელი ჟუჟუნა ჩუბინიძე ავტოქარხნის ყოფილი მუშაა, რომელსაც ბინის არ არსებობის გამო სამადლოდ უხდებოდა ცხოვრება, ბოლოს კი საგრენაჟო ქარხნის „საყარაულოში“ დასახლდა. ჩუბინიძე წლების განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლებიდან ბინას უშედეგოდ ითხოვს.

საგრენაჟო ქარხანაში, გარკვეული პერიოდის წინ, საქართველოს რესპუბლიკის ფირმა „აუდიტს“ ერთი ოთახი ეკავა. „აუდიტის“ შენობიდან გადასვლის შემდეგ, ჟუჟუნა ჩუბინიძემ მოითხოვა დაცარიელებულ ოთახში შესვლის უფლება მიეცათ, რაზედაც ამ სამსახურის წარმომადგენლებმა უარი განუცხადეს და ოთახი საგანგებოდ ჩარაზეს.

ამ დროისათვის ქუთაისში რამდენიმე ასეული უსახლკარო, ბინის მოლოდინში,  სხვადასხვა მიტოვებულ შენობაში ცხოვრობს. ქალაქის მასშტაბით არსებული, მიტოვებული და დაუსრულებელი ბინებისა და შენობების აღწერისას და სოციალურად დაუცველთათვის მათი გადაცემის მოთხოვნით მიმართა საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ. მან მოითხოვა, ქალაქის მერიის კუთვნილებაში და ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული მსგავსი ტიპის შენობები აიღწეროს და შეიქმნას მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული საბინაო ფონდი.

მამუკა მღვდელაძე,  ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე (გაზეთ „P.S.“-თან საუბრისას): „საბინაო ფონდთან დაკავშირებით ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს. დღეს არ არის კომუნისტური წყობა, როდესაც ხელისუფლება ვალდებული იყო, ადამიანები დაეკმაყოფილებინა ბინებით. სიახლე არაა, რომ მერიაში ხშირად მოდიან მოქალაქეები, რომელთაც გაუსაძლის მდგომარეობაში, ფაქტობრივად, ქუჩაში უწევთ ცხოვრება... სახელმწიფო ვალდებულია, მათ მიმართ გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს, შექმნას საბინაო ფონდი. არის ქალაქში ამის რესურსი, მრავალი მიტოვებული და დაუსრულებელი შენობაა, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სოციალურად დაუცველებისა და დევნილებისათვის. მთავარია მათი კარგად აღწერა მოხდეს. ის შენობები, რომლებიც არ არის ქალაქის ბალანსზე, მოვითხოვოთ, გადმოეცეს ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას და უკიდურესად გაჭირვებულ ას ოჯახს მაინც დავეხმაროთ. შესაძლებელია, ფართი დროებით ან მუდმივ საცხოვრებლად გადაეცეთ სოციალურად დაუცველებს. ეს გარკვეული სახის ორგანიზებას მოითხოვს, თუმცა ნამდვილად შესაძლებელია.“

რამდენად გაითვალისწინა ქუთაისის მერიის  საბინაო სამსახურმა მღვდელაძის ინიციატივა და რა კატეგორიის მოქალაქეები მიიღებენ ფართებს ქალაქის თვითმმართველობიდან, ამის შესახებ მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა კახაბერ ხვარეშიამ გვიპასუხა:

„ბატონი მამუკა ამ შემთხვევაში სწორად საუბრობს იმ საკითხებზე, რაზედაც ჩვენ გარკვეული პერიოდის წინ ვიყავით შეთანხმებულნი. მართლაც მძიმე მდგომარეობაა ამ კუთხით. ჩვენს სამსახურში 1400 მოქალაქის განაცხადია შემოსული და ისინი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. გვესმის, რომ ძალიან რთულია ამ ადამიანების მდგომარეობა და დახმარებას საჭიროებენ. თუ დაიწყება მუშაობა საბინაო ფონდის შესაქმნელად, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით მათ გვერდით. ეს არაა მარტივი პროცესი და, რომელიმე სამსახურის ხელმძღვანელი ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტს, ეს საკითხი განხილული და დამტკიცებული უნდა იქნას მერის მიერ. მეორე საკითხს რაც შეეხება, მე თითქმის დასრულებული მაქვს  იმ შენობების აღწერა, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იქნას ამ ფონდისათვის. მომავალ სხდომაზე,  ალბათ, უკვე მივმართავ საკრებულოს წერილობით და მივაწოდებ იმ შენობების სიას, რომელიც, ჩვენი აზრით, თავისუფალია, (საბუთებით ვერ ვფლობთ ინფორმაციას, ეს არის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მასალა). შემდგომი პროცესი იქნება ის, რომ ქალაქის მერიისა და საკრებულოს მიერ ოფიციალურად იქნება გამოთხოვილი ეკონომიკის სამინისტროსგან ინფორმაცია, თუ ვის ბალანსზეა სიაში მოხვედრილი  შენობა-ნაგებობები. თუ კი აღმოჩნდება, რომ ეს შენობები ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაა, მაშინ ვთხოვთ სამინისტროს, ქალაქის განვითარებისთვის და მოქალაქეების ფართების დაკმაყოფილების მიზნით, აღნიშნული შენობები გადმოსცეს ქუთაისის მერიას საბინაო ფონდში ჩასარიცხად.

- სავარაუდოდ, ქალაქში არსებული რომელი შენობები მოხვდება ამ სიაში?

- ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან არ მინდა დაუზუსტებელი ინფორმაცია გავავრცელოთ, ვინაიდან, შესაძლებელია, ამ შენობებიდან რომელიმეში მოსახლეობა თვითნებურად შევიდეს, როგორც ეს მოხდა სამხატვრო სკოლის შენობასთან დაკავშირებით. რამდენიმე შენობა გვაქვს ქალაქში, რომელიც დარჩა დაუსრულებელი ან სარემონტო სამუშაოების მოლოდინში, ასევე შენობები, რომლებიც განკუთვნილი იყო სხვა პროექტებისათვის და დროებით მოხდა მათი დაცლა გარემონტების მიზნით. თუნდაც იგივე სამხატვრო სკოლა იმისათვის გავათავისუფლეთ, რომ  რემონტი ჩაგვეტარებინა, მაგრამ 15-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად შესახლდა და ფართები მიისაკუთრეს.

- ყველა შემოსულ განაცხადს დააკმაყოფილებთ?

- ყველა განაცხადს ვერ დავაკმაყოფილებთ, ვინაიდან სია საკმაოდ დიდია. არის ფაქტები, როდესაც მოსახლეობა, უბრალოდ, გაფართოების მიზნით მოითხოვს ფართის დამტკიცებას. ამიტომ, რომ არ მოხდეს ფართების არასწორად გადანაწილება, შესაძლებელია, ქალაქის მერის მიერ შეიქმნას  20 კაციანი კომისია, რომელშიც მერიის და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად,  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და  იურისტები იქნებიან. ასევე, მონიტორინგისათვის ჩავრთავთ  ადგილობრივ ჟურნალისტებსაც. განვიხილავთ ყველა შემოსულ განაცხადს და პრიორიტეტები იმ ადამიანებს მიენიჭებათ, რომლებსაც უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება.

- რაც შეეხება საგრენაჟო ქარხნის  „საყარაულოში“ მცხოვრებ მოქალაქეს, მან მოითხოვა ქარხნის შენობაში ერთი ოთახის გამოყოფა, რის შესახებაც არაერთხელ აცნობა ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა უარი მიიღო. ფლობთ თუ არა ამის შესახებ ინფორმაციას და რამდენად შესაძლებელია, ეს შენობაც მოხვდეს მერიის საბინაო ფონდში?

- კონკრეტულად ამ პიროვნების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ რაც შეეხება ქარხანას, მგონი, ეს შენობა კერძო საკუთრებაშია და, შესაბამისად, მისი გასხვისების უფლება ჩვენ არ გვაქვს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ანალოგიურ შენობებში უნებართვოდ შედის მოსახლეობა და რამდენიმე წლის შემდგომ ითხოვენ ამ შენობების საკუთრებაში გადაცემას, რაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1404
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია